მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

[ანაკლიის] პორტის პროექტში ჩინური მხარის ჩართულობა, დამატებითი უპირატესობაა - დავითაშვილი

დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი მიიჩნევს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში ჩინური კომპანიის ჩართულობა დამატებით უპირატესობას წარმოადგენს, რადგანაც შუა დერეფნის განვითარება ჩინეთისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული ეკონომიკური საკითხია.

BMG-ის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომუნიკაცია აშშ-სთან ანაკლიის პორტის ინვესტორის შერჩევასთან დაკავშირებით, ლევან დავითაშვილი პასუხობს, რომ მათ პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ და დამატებითი კითხვების შემთხვევაში დეტალების გაზიარებისთვისაც მზად არიან.

"ჩვენ მთელი შერჩევის შესახებ ინფორმაციას ვუზიარებდით პარტნიორებს, მე ახლაც ვაფიქსირებ მზადყოფნას და ამას არ სჭირდება არაფერი განსაკუთრებული, ეს დიალოგი რეგულარულად მიმდინარეობს, ამიტომ ინფორმაციის გაცვლისთვის და მეტი დეტალის გაზიარებისთვის ჩვენ მზად ვართ, თუკი ასეთი კითხვები იქნება. ის, რომ პროექტში იქნება ჩინური მხარე, არის ერთ-ერთი დამატებითი უპირატესობა, რადგან ჩინეთი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოთამაშე რეგიონში. როდესაც ვსაუბრობთ შუა დერეფანზე, ეს გულისხმობს ევროპის დაკავშირებას ჩინეთთან და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიასთან.

აქ რა თქმა უნდა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ძალები იყვნენ წარმოდგენილი და ვფიქრობ, რომ ასეც იქნება. რაც შეეხება სხვა პარტნიორების მონაწილეობას, აქაც ვერ ვხედავ პრობლემას, რომ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები გვყავდეს სხვადასხვა როლში. თვითონ პროექტი არის საკმაოდ კომპლექსური ეკოსისტემა და გვეყოლება უამრავი პარტნიორი სხვადასხვა ტვირთვის გადაზიდვის მიმართულებით ამიტომ ვფიქრობ რომ აქ გვეყოლება ამერიკელი პარტნიორებიც, ევროპელი პარტნიორებიც, შუა აზიელი პარტნიორებიც და ბევრი სხვაც რომელიც ამ პროექტის განვითარებაში შეიტანს თავის წვლილს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს მთავრობამ 29 მაისს გაასაჯროვა ანაკლიის პორტის ინვესტორის შესარჩევი საერთაშორისო კონკურსის წინასწარი შედეგები. კონკურსის ფინალური ეტაპი 2023 წლის სექტემბერში გამოცხადდა და მასში მონაწილეობას ორი პრეტედენტი იღებდა, ესენი იყო China Communications Construction Company Limited-ის კონსორციუმი და შვეიცარულ ლუქსემბურგული კომპანია Terminal Investment Limited Holding S.A, რომელმაც სახელმწიფოს საბოლოო საინვესტიციო წინადადება აღარ წარუდგინა, შესაბამისად ერთადერთი ვინც სახელმწიფოს სრულად შევსებული საინვესტიციო განაცხადი გაუგზავნა ჩინური კორპორაცია იყო.

პორტის პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 600 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტის პირველი ფაზის მიხედვით უნდა აშენდეს პორტი რომლის გამტარიანობაც წლიურად 7 მილიონი ტონა ტვირთების და 600,000 კონტეინერის მომსახურება იქნება.

რა არის ცნობილი კომპანია China Communication Construction Company Limited-ის შესახებ:

China Communication Construction Company Limited არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი მსხვილი კონგლომერატი, რომელიც ფოკუსირდება მსხვილი ინფრასტრუქტურული აქტივების მშენებლობაზე, ფლობასა და ოპერირებაზე, მათ შორის აეროპორტების, პორტების, რკინიგზების, ნავთობპლატფორმების და სხვა აქტივების ფლობა/ოპერირებაზე. კომპანია 2005 წელს არის დაფუძნებული, მისი 63.8%-იან წილს სახელმწიფო ფონდი SASAC ფლობს.

China Communication Construction Company Limited-ის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, კომპანიის შემოსავალი 5%-ით გაიზარდა და მან 756 მილიარდ იუანს, ანუ $106 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამასთან, კომპანიის წმინდა მოგება 31 მილიარდი იუანი ($4.3 მილიარდი დოლარი) იყო, რაც 2022 წლის მოგებას 20%-ით აღემატებოდა. ჯგუფის აქტივები 236 მილიარდ დოლარს აღემატება.

ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ China Communication Construction Company Limited-ის შემადგენლობაში შედის სინგაპურში რეგისტრირებული კომპანია China Harbour Investment Pte, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, პროექტის ერთ-ერთი განმახორციელებელი იქნება.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ დასახელებული კიდევ ერთი კომპანია China Road and Bridge Corporation-ი, პროექტის საინჟინრო/სამშენებლო პარტნიორი იქნება. თავად აღნიშნული კომპანიაც China Communication Construction Company Limited-ის საკუთრებაშია. ამასთანავე, აღნიშნული კომპანია საქართველოში არაერთი წელია საქმიანობს და ის წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმსხვილეს კონტრაქტორს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაში, ის რიკოთის უბისა-შორაპნის 13-კილომეტრიან მონაკვეთს აშენებს, რომლის ღირებულებაც 902 მილიონი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები