მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არბიტრაჟში დავა ანაკლიის პროექტზე გავლენას ვერ მოახდენს - დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან როგორ დამთავრდება დავა რთული სათქმელია, თუმცა საქართველოს მთავრობა სასამართლოში მყარი არგუმენტებით არის წარმოდგენილი.

დღეს, 22 სექტემბერს, პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას დავითაშვილმა ასევე თქვა, რომ კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე გადასული ორი კომპანიიდან ერთი შვეიცარიულ-ლუქსემბურგული, მეორე კი ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმია.

“ამ ეტაპზე კონკრეტული მოლოდინის თქმა შეუძლებელია თუ როგორი იქნება საარბიტრაჟო დავის შედეგები. დარწმუნებული ვართ, საქართველოს მთავრობას მყარი პოზიციები აქვს შესაბამისი არგუმენტებით და მტკიცებულებებით გამყარებული. იმისთვის, რომ არბიტრაჟი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდეს და ქვეყანას არ მოუწიოს განუხორციელებელი პროექტისთვის თანხის გადახდა. ეს არის ცალკე იურიდიული პროცესი, რომელიც გავლენას ვერ მოახდენს ვერც კომპანიების შერჩევის და ვერც განხორციელების პროცესზე. ეს არის საქართველოს სახელმწიფოსთან დავა და პროექტი ყველა შემთხვევაში განხორციელდება იმ მოცემულობით, რაც მთავრობამ განაცხადა", - განაცხადა დავითაშვილმა.

მთავრობა ანაკლიის მშენებარე პორტში მაჟორიტარი აქციონერი იქნება და საკონტროლო 51% პაკეტი მის მფლობელობაში იქნება. შესაბამისად, გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვით სახელმწიფო ეძებს ინვესტორს, რომელიც ასობით მილიონი დოლარის კაპიტალდაბანდებას თავად განახორციელებს და პორტში მხოლოდ 49%-იან მფლობელობას დასჯერდება. ამასთან, მთავრობა აცხადებს, რომ ის კერძო ინვესტორის კრედიტების გარანტირებას არ აპირებს.

ამასთანავე, გრძელდება ორი საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესი სახელმწიფოს წინააღმდეგ ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და მისი ინვესტორის მხრიდან. ამ დავების ფარგლებში მოთხოვნილი კომპენსაციის ოდენობა 1.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები