ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩინურ კორპორაცია CCCC-ისთან დოკუმენტაციის დაზუსტების პროცესი გრძელდება.
"მოცემულ ეტაპზე, საქართველოს მთავრობის მიერ ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან მიმდინარეობს დაზუსტებების პროცესი წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, რაც გარკვეულ ვადებთან არის დაკავშირებული", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს წერილობით პასუხში.
თებერვლის ბოლოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა მოელის, რომ კომპანიასთან შეთანხმება გაზაფხულზე, მაქსიმუმ ზაფხულის დაწყებამდე გაფორმდება. ამასთან, მთავრობას მოლაპარაკებები აქვს კიდევ ერთ კომპანიასთან, რომელიც კონსორციუმში შესვლას განიხილავს.
"ვფიქრობ, შევძლებთ გაზაფხულზე გავაფორმოთ კონტრაქტი... არაუგვიანეს ზაფხულისა. მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეს მოლაპარაკებები კონფიდენციალურია, არ მაქვს უფლება გაგიზიაროთ დეტალები. თუმცა მე მქონდა მოლოდინი, რომ უფრო სწრაფად შედგებოდა მოლაპარაკებების რაუნდები. თუმცა გვესმის, რომ მოლაპარაკებებში მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი კომპანიაა ჩართული. დღესაც იმართება მოლაპარაკებების ერთი რაუნდი და არ მაქვს უფლება მეტი ინფორმაცია გაგიზიაროთ. უახლოეს ხანებში მოგაწვდით უფრო მეტ ინფორმაციას. ამ ეტაპზე მეტს ვერ მოგახსენებთ. ეს საერთაშორისო კომპანიები არიან, რომლებსაც თავის დარგში საერთაშორისო დაფარვა აქვთ.
ამ ეტაპზე მეტს ვერ გაგიზიარებთ, რადგან ეს შეიძლება არ იყოს ხელსაყრელი მოლაპარაკებების პროცესისთვის. უნდა შევინარჩუნოთ კონფიდენციალურობა, რადგან დაინტერესებული ვართ, რომ ეს მოლაპარაკებები მაქსიმალურად ეფექტიანად წარიმართოს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
რა ეტაპზეა პორტის ინვესტორის შერჩევის პროცესი:
საქართველოს მთავრობამ ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC ანაკლიის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ 29 მაისს გამოაცხადა. მაშინ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ CCCC ოფიციალურად გამარჯვებულად, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის ვადაში დასახელდებოდა, თუმცა ამ განცხადებიდან ოთხი შემდეგაც CCCC გამარჯვებულად გამოვლენილი არაა და ის და საქართველოს მთავრობა კვლავ მოლაპარაკებებს მართავენ.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კერძო ინვესტორის შერჩევის კონკურსი 2024 წლის მაისში დასრულდა. კონკურსის ფინალურ ეტაპზე ორი კომპანია იყო გადასული, ესენია ჩინური CCCC და შვეიცარიული (TIL) Terminal Investment Limited Holding S.A, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო ჯგუფის MSC-ის შემადგენელი კომპანიაა. აღნიშნულ ტენდერში TIL-მა საბოლოო წინადადება არ წარადგინა, შესაბამისად ერთადერთი, რომელმაც სახელმწიფოს პროექტში ინვესტირება შესთავაზა, ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC იყო.
პროექტის მიხედვით, CCCC ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ერთობლივი კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელი იქნება, ხოლო საქართველოს მთავრობა პროექტის მაჟორიტარი 51%-იანი აქციონერი იქნება.
პროექტის თანახმად, ანაკლიის პორტში პირველი საკონტეინერო გემები 2029 წელს უნდა შევიდნენ, პირველი ფაზის საინვესტიციო ღირებულება 600 მილიონი დოლარია და ის წლიურად 600,000 კონტეინერის გამტარიანობის ტერმინალის მშენებლობას ითვალისწინებს.