"ქართული ოცნების" პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის თქმით, მთავრობას აქვს მოლაპარაკებები ახალ კომპანიასთან, რომელიც ჩინურ CCCC-თან ერთად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტის განვითარებას განიხილავს.
BMG-ის კითხვაზე თუ როდის მოხდება საინვესტიციო შეთანხმების გაფორმება, დავითაშვილი პასუხობს, რომ მას ჰქონდა მოლოდინი რომ მოლაპარაკებები უფრო სწრაფად წარიმართებოდა, თუმცა არსებული მდგომარეობით ის მოელის, რომ შეთანხმება 2025 წლის გაზაფხულზე, მაქსიმუმ კი ზაფხულის დაწყებამდე გაფორმდება.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, ის ვერ დაასახელებს კომპანიას, რომელიც CCCC-თან ერთად პროექტში ჩართვას გეგმავს.
"ვფიქრობ, შევძლებთ გაზაფხულზე გავაფორმოთ კონტრაქტი... არაუგვიანეს ზაფხულისა. მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეს მოლაპარაკებები კონფიდენციალურია, არ მაქვს უფლება გაგიზიაროთ დეტალები. თუმცა მე მქონდა მოლოდინი, რომ უფრო სწრაფად შედგებოდა მოლაპარაკებების რაუნდები. თუმცა გვესმის, რომ მოლაპარაკებებში მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი კომპანიაა ჩართული. დღესაც იმართება მოლაპარაკებების ერთი რაუნდი და არ მაქვს უფლება მეტი ინფორმაცია გაგიზიაროთ. უახლოეს ხანებში მოგაწვდით უფრო მეტ ინფორმაციას. ამ ეტაპზე მეტს ვერ მოგახსენებთ. ეს საერთაშორისო კომპანიები არიან, რომლებსაც თავის დარგში საერთაშორისო დაფარვა აქვთ .
ამ ეტაპზე მეტს ვერ გაგიზიარებთ, რადგან ეს შეიძლება არ იყოს ხელსაყრელი მოლაპარაკებების პროცესისთვის. უნდა შევინარჩუნოთ კონფიდენციალურობა, რადგან დაინტერესებული ვართ, რომ ეს მოლაპარაკებები მაქსიმალურად ეფექტიანად წარიმართოს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
რა ეტაპზეა პორტის ინვესტორის შერჩევის პროცესი:
საქართველოს მთავრობამ ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC ანაკლიის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ 29 მაისს გამოაცხადა. მაშინ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ CCCC ოფიციალურად გამარჯვებულად, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის ვადაში დასახელდებოდა, თუმცა ამ განცხადებიდან ოთხი შემდეგაც CCCC გამარჯვებულად გამოვლენილი არაა და ის და საქართველოს მთავრობა კვლავ მოლაპარაკებებს მართავენ.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კერძო ინვესტორის შერჩევის კონკურსი 2024 წლის მაისში დასრულდა. კონკურსის ფინალურ ეტაპზე ორი კომპანია იყო გადასული, ესენია ჩინური CCCC და შვეიცარიული (TIL) Terminal Investment Limited Holding S.A, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო ჯგუფის MSC-ის შემადგენელი კომპანიაა. აღნიშნულ ტენდერში TIL-მა საბოლოო წინადადება არ წარადგინა, შესაბამისად ერთადერთი, რომელმაც სახელმწიფოს პროექტში ინვესტირება შესთავაზა, ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC იყო.
პროექტის მიხედვით, CCCC ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ერთობლივი კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელი იქნება, ხოლო საქართველოს მთავრობა პროექტის მაჟორიტარი 51%-იანი აქციონერი იქნება.
პროექტის თანახმად, ანაკლიის პორტში პირველი საკონტეინერო გემები 2029 წელს უნდა შევიდნენ, პირველი ფაზის საინვესტიციო ღირებულება 600 მილიონი დოლარია და ის წლიურად 600,000 კონტეინერის გამტარიანობის ტერმინალის მშენებლობას ითვალისწინებს.