მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კონკურენცია მეტ ძალას გვმატებს“ - ინტერვიუ „ლიბერთი ბანკის“ გენდირექტორთან

608319b6963f8
ვიქტორია მღებრიშვილი
24.04.21 09:30
806
„ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი საპენსიო არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე 30.6%-იანი განაკვეთის სამართლიანობას ორი ფაქტით ასაბუთებს. ვასილ ხოდელი მიიჩნევს, რომ „ლიბერთი ბანკი“ არა - პროდუქტზე, არამედ მომხმარებელზე ორიენტირებულ ბანკად უნდა გადაიქცეს. მომხმარებელთა შორის კი უფროსი თაობის წამომადგენლები - საპენსიო ასაკის პირებიც არიან. საქმე ისაა, რომ 12 აპრილს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „ლიბერთი ბანკის“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უფროსი თაობის დაკრედიტების წლიური ეფექტური განაკვეთი 30.65%-ია, რაც „საბაზრო“ განაკვეთია. აღნიშნულ თემაზე ვრცლად ისაუბრა ვასილ ხოდელმა Forbes Talks-ში გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუშიც, სადაც საპენსიო სესხების გარდა წამყვანის სხვა კითხვებსაც უპასუხა.

- „ლიბერთი ბანკი“ არა - პროდუქტზე, არამედ მომხმარებელზე ორიენტირებულ კომპანიად უნდა გადაიქცეს. ჩვენი მომხმარებელი ყველა ის ადამიანია, ვინც ჩვენი სერვისით სარგებლობს, მათ შორის უფროსი თაობის მომხმარებელიც. ერთი სული გვქონდა, საპენსიო მომსახურებასთან დაკავშირებით ყველა არსებულ კითხვაზე გაგვეცა პასუხები. გასულ წელს, პანდემიის გამო ამის საშუალება არ მოგვეცა. არაუზრუნველყოფილ საპენსიო სესხებზე არსებული საპროცენტო განაკვეთი საბაზროა, რაც ჩემთვის სამართლიანობის ტოლფასია. ჩვენი გადმოსახედიდან სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მივედით პარლამენტში, რადგან არსებობს იმის აღქმა, რომ არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი უსამართლოა და ამის მიზეზი შეიძლება ამ სეგმენტის მომსახურებაზე „ლიბერთი ბანკის“ გარკვეული ექსკლუზიური უფლება ყოფილიყო. იმის დასადასტურებლად რომ საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთი სამართლიანია, პარლამენტში, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე 2 ფაქტი მივიტანეთ: პირველი - იმავე მომხმარებელს (საპენსიო ასაკის პირი), რომელიც ჩვენთან სესხით სარგებლობს, სხვადასხვა ბანკში არაუზრუნველყოფილ სესხებზე 4-ჯერ მეტი ვალდებულება გააჩნია და ეს, დაახლოებით, 1.5 მლრდ ლარზე მეტია; მეორე - ის სესხები, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ, ეს არის არაუზრუნველყოფილი 1000-დან 2000 ლარამდე ფარგლებში გაცემული მცირე სამომხმარებლო სესხები, რომლებზეც ეფექტური განაკვეთი 30%-ზე ზემოთაა. შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, რომ თუ ეს ფაქტი ასეა, მაშინ ჩვენს შემთხვევაში კითხვები სამართლიანობასა და საბაზროობასთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს.

- „ლიბერთი ბანკის“ უფროსი თაობის მომხმარებელზე საუბრისას, მთავარი აქცენტი იყო ის, რომ მათ შეზღუდული აქვთ არჩევანის თავისუფლება. აქვთ თუ არა უფროსი ასაკის მოქალაქეებს სხვა ფინანსურ ინსტიტუტებშიც სესხები და როგორია სხვაგან არსებული საპროცენტო განაკვეთი, ასევე თანხობრივად რა მოცულობის პორტფელზეა საუბარი, რადგან გამოითქვა სხვადასხვა აზრი იმასთან დაკავშირებით - რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა უფროსი თაობის მსესხებლებისთვის საპროცენტო განაკვეთის ტვირთი შემსუბუქდეს. ალტერნატივად, სავარაუდოდ, დაზღვევის ელემენტის სუბსიდირება დასახელდა, ასევე დისტრიბუციის კომპონენტის ჩანაცვლება სხვა კომპანიით და ა.შ. თქვენი შეფასებით, რამდენად მართებულია სუბსიდირების დაწესება და, დაახლოებით, ციფრებში გამოხატული, ამ სეგმენტისთვის რა შეღავათზე შეიძლება იყოს საუბარი...?

- საკითხი საკმაოდ სენსიტიურია და ეს უკვე გემოვნების საკითხია. საზოგადოება თუ ვთანხმდებით, რომ სამართლიანი ფასი საბაზრო ფასია, მაშინ კითხვები არ არსებობს, მაგრამ თუ აქ საზოგადოებამ, მთავრობამ ჩათვალა, რომ რაღაცა ტიპის პროდუქტზე, არ აქვს მნიშვნელობა ეს კრედიტი იქნება, თუ სხვა პროდუქტი, ნებისმიერი სეგმენტის მოსახლეობისთვის გარკვეული შეღავათები უნდა დაწესდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტი მომხმარებელს არასაბაზრო ფასში უნდა მივაწოდოთ. ეს ცალკე გადაწყვეტილების საგანია, რომელზეც პირადად მე არ მინდა კომენტარის გაკეთება, თუმცა სუბსიდირების საკითხი, ზოგადად, ისეთი თემაა, რომელიც მათ შორის გადასახადების გადამხდელებმა უნდა გადავწყვიტოთ და ამის შესაბამისი ფორმატი, დარწმუნებული ვარ, მოიძებნება. კონკურენციას რაც შეეხება, ის ნებისმიერი სფეროს მამოძრავებელი ძალაა და კონკურენციის გარეშე არც საბანკო და არც, ზოგადად, ბიზნესის კეთება ვერ წარმომიდგენია.


- რა მოსაზრება ან მოლოდინები გაქვთ როგორც LIBERTY-ის CEO-ს - თვლით თუ არა, რომ კონკურენცია სესხს “გააიაფებს”? - საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის კომიტეტის რეკომენდაციებში არ ფიგურირებს “LIBERTY” და ასევე აღსანიშნავია პოლიტიკოსების ნაწილის მოსაზრება, რომ საპენსიო უზრუნველყოფის მიმართულებით უნდა შეიქმნას კონკურენტული გარემო და პროცესში ერთდროულად რამდენიმე ბანკი ჩაერთოს. ახლოვდება ტენდერი (2022 წლის ბოლოსკენ), სადაც გამოჩნდება სხვა ბანკების პოზიციები...

- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მხრიდან „ლიბერთის“ კონკრეტული რეკომენდაცია ან მითითება არ მისცემია. რაც შეეხება იმას, რა შინაარსი ამოვიკითხე ამ რეკომენდაციებში, არის ის, რომ უნდა გაანალიზდეს ნებისმიერი გზა, რომელმაც შესაძლოა, საპროცენტო განაკვეთი ან ფასი გარკვეულწილად შეამციროს. ეს დაშლით უნდა განხორციელდეს თუ ლოტებად, რაც არ უნდა ვთქვა, ჩემი აზრი უფრო სუბიექტური იქნება. მიუხედავად იმისა, რომ „ლიბერთი ბანკი“ არაერთი წელია ამ კონტრაქტს ემსახურება და სერვისები მუდმივად იხვეწება. მაგალითისთვის, გასულ წელს ბანკში მოსვლისას აღმოვაჩინეთ, რომ პენსიების გაცემის პერიოდში რიგების პრობლემა გვქონდა, რაც პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. თვის ერთ რიცხვში ირიცხებოდა პენსია და მთელი დაწოლა ამ დღეზე მოდიოდა; ეს საკითხი ნებისმიერი გზით უნდა მოგვეგვარებინა. სანამ სახელმწიფო ფულს ჩაგვირიცხავდა, ჩვენი რისკით, ჩვენს რესურსს ვარიგებდით, რათა რიგები გაგვესწორებინა. პრობლემის გადასაწყვეტად 100 მლნ ლარის ლიკვიდობის ხარჯზე ამის დარეგულირება გვიწევდა, რაც 2020 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა. ამაში პრაქტიკულად არაერთი მილიონი ლარი დავხარჯეთ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენც კი - ამდენი ხნის ოპერატორი ყოველდღიურად რაღაც ახალს ვსწავლობთ და ვხვეწთ ამ სისტემას. ამ პროცესში ჩართვას თუ ვინმე მოახერხებს, რაც მთავრობის გადასაწყვეტია, მარტივი ამოცანა არ არის, ჩემს მხარეს ბევრ კითხვას ბადებს. ჩვენ ამისთვის სპეციალური სისტემები გვაქვს შექმნილი, მაგალითისთვის, „ლიბერთის“ არანაირად არ სჭირდება ინკასაციის სამსახურის შექმნა. გვყავს ინკასაციის სამსახური - 500-კაციანი არმია, რომელიც თავისი ინფრასტრუქტურით ამ სისტემას ემსახურება. დრო წინ გვაქვს და ვნახოთ, რა იქნება სწორი მექანიზმი ამ საკითხზე პასუხების გასაცემად.

- რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილესი მესამე სისტემური ბანკის გენერალურ დირექტორი და რამდენად ეთანხმებით თეზას, რომ საქართველოს საბანკო სისტემაში ცალკე დამოუკიდებლად მიმდინარეობს კონკურენცია მესამე პოზიციისთვის? თუ დღეს მიმდინარეობს კონკურენცია ბაზარზე, ის შეიძლება მესამე ადგილისთვის მიმდინარეობდეს საბანკო ინდუსტრიაში... რაში ხედავთ LIBERTY-ს კონკურენტულ უპირატესობას სხვა ბანკებთან მიმართებაში? სად ხედავთ ბანკის ძლიერ და სუსტ მხარეებს?

- მიუხედავად იმისა, რომ ზომებში ტოპბანკებსა და დანარჩენ ბანკებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა, კონკურენცია საკმაოდ დიდია. ჩვენ გვიხარია კონკურენცია. კონკურენცია მეტ ძალას გვმატებს. რაც შეეხება ჩვენს კონკურეტულ უპირატესობას, ეს არის - ძლიერი, გულანთებული, შედეგების დადებაზე ორიენტირებული გუნდი, რომელიც აქ დამხვდა;
მეორე - ინფრასტრუქტურული უპირატესობაა, ჩვენ ყველაზე დიდი ქსელი გვაქვს მიწაზე. ეს უპირატესობა გვაქვს და გარკვეული პერიოდი ნამდვილად გვექნება, მიუხედავად იმისა, რომ გაციფრულება ჩვენთან აქტიური ტემპებით მიმდინარეობს; მესამე - ფინანსური თვალსაზრისით რომ შევხედოთ, ეს ჩვენი საბალანსო უწყისია, რომელშიც ლარიზაცია დღეს საბანკო სისტემაში ყველაზე მაღალია. ანუ ჩვენ ყველაზე გამძლე ვართ იმ შოკების მიმართ, რომელიც გვქონდა და ახლაც გვაქვს და გვგონია, რომ ამ კრიზისიდან უფრო ძლიერები გამოვალთ.

ჩვენი სასესხო პორტფელის 75%-ზე მეტი ლარში გვაქვს დენომინირებული. ანალოგიური სტრუქტურა გვაქვს პასივების მხარეს - აბსოლუტურად დაბალანსებულია, მაშინ როდესაც სისტემებში ეს კოეფიციენტი შებრუნებულია და ლარიზაციის კოეფიციენტი უხეშად45%-47%-ის ფარგლებში ტრიალებს. რაც შეეხება სისუსტეებს, სუსტ მხარეებად არ მოვიხსენიებდი. რაც უფრო ბევრ სისუსტეს ვნახულობ, მიხარია, რადგან ისინი შესაძლებლობად მიმაჩნია. ვხუმრობთ კიდეც, რომ თუ ვინმე სისუსტეს იპოვის, რომელსაც შესაძლებლობაში ვთარგმნით, გვიხარია.

ეფექტიანობის ერთ-ერთი საზომია ხარჯების თანაფარდობა შემოსავლებთან. გასულ წელს ეს მაჩვენებლი საკმაოდ მაღალი გვქონდა - დაახლოებით, 70%-ს გადააჭარბა. ჩვენ შევძელით და 65%-იან ნიშნულზე ჩამოვედით. ის რესურსი და შესაძლებლობა, რაც გაგვაჩნია, მეტი შედეგების დადების საშუალებას გვაძლევს.

- აქტივების ზომა 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით - 2.9 მლრდ ლარი, რიგით მესამე პოზიცია ბაზარზე; მთლიანი საკრედიტო პორტფელი - 1.67 მლრდ ლარი, რიგით მესამე პოზიცია ბაზარზე; 2020 წლის ზარალი - 15.1 მლნ ლარი - ეს არის ბანკის ფაქტიური მდგომარეობა. რამდენად გაანალიზებულია მიზეზები, თუ რის გამო ხდებოდა LIBERTY-ში პანდემიამდე (2018-2019 წწ) კლება უკუგებაზე, კაპიტალსა და აქტივებზე?

- ეს ის პერიოდია, როდესაც ახალი საბანკო რეგულაციების შემოღება დაიწყო - საპროცენტო განაკვეთებზე ჭერის დაწესება და ე.წ. PTI-ს ანუ ყოველთვიური გადასახდელის განკარგვად შემოსავალთან თანაფარდობის შემოღება, რამაც ერთი მხრივ, დაკრედიტება გარკვეული დოზით შეზღუდა, უფრო სწორად ჩარჩოში მოაქცია და მეორე მხრივ, მაღალმარჟიანი პროდუქტები შეამცირა. ამავე დროს, ეს ის პერიოდია, როდესაც „ლიბერთის“ თავისი ბიზნესმოდელის გადალაგება უწევდა. ამ პერიოდში „ლიბერთიმ“ გაბედა და ინფრასტრუქტურის გამოცვლის, გაძლიერების და ამ მიმართულებით შესაბამისი გუნდების გააძლიერების კუთხით საკმაოდ კარგი ნაბიჯები გადადგა. მაგალითისთვის, „ლიბერთიმ“ ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომელიც ბოლო 15 წლის განმავლობაში არცერთ ბანკს არ გაუკეთებია; ეს მისი CORE სისტემების გამოცვალაა. გაძლიერდა ინფორმაციული ტექნოლოგიების გუნდი. ამ მიმართულებით X რაოდენობა გვყავდა დასაქმებული, დღეს კი 250-ზე მეტი ადამიანი გვყავს. ამასთანავე, ნულიდან შეიქმნა ახალი ინტერნეტ და მობაილბანკების პლატფორმა, რამაც გარკვეულწილად ხარჯების ზრდაც გამოიწვია და გარკვეული შედეგიც მივიღეთ. ჩვენ შევქმენით ფუნდამენტი, რომ უფრო სწრაფი ნაბიჯებით ვიაროთ წინ, რამაც, შესაბამისად, 2018-2019 წლებში ასახვა ჰპოვა.

- თქვენი მოსვლა LIBERTY-ში ემთხვევა კორონავირუსის პანდემიას მსოფლიოში და საქართველოში. პანდემიური ვითარების გათვალისწინებით, რა ამოცანები გაქვთ განსაზღვრული საკუთარ თავისთვის? თქვენი ახალია გუნდისთვის? რა გზავნილი აქვს ბანკის CEO-ს მხრიდან მისი კლიენტების მიმართ? 2021 წელი არანაკლებ რთულად გამოიყურება ვიდრე - 2020. შეიძლება თუ არა ბანკის კლიენტებს და პარნტიორებს ჰქონდეთ დამატებითი შეღავათების, გადავადებების თუ სხვა თანამშრომლობის შესაძლებლობა ბანკის მხრიდან?

- პანდემიამ ისეთი რაღაცეები გაგვაკეთებინა, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამას ასეთ მოკლე დროში მოვახერხებდით. ბევრი რაღაც მწყობრში დაალაგა. ამ პერიოდმა ძალიან ფორმაში გვამყოფა, მაგრამ ბევრი საღელვებელიც გვქონდა. 2020-ში არაერთხელ გადავავადეთ სესხები. „ლოქდაუნების“ მიუხედავად, არაერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი გამოვიტანეთ ბაზარზე. მაგალითად, ადამიანებთან შემხებლობის წერტილების შემცირებისთვის მინი-ბანკომატების სისტემა შევქმენით; მომხმარებელს მაღაზიის თუ აფთიაქის პოს-ტერმინალებში ანგარიშიდან ნაღდი ფულის, მაგალითად, 50 ლარის გამოტანის შესაძლებლობა მივეცით. ეს განსაკუთრებით ხელსაყრელი უფროსი თაობის ადამიანებისთვის იყო, რომლებსაც ცხოვრება გავუმარტივეთ. ასევე შევქმენით „ქეშ ინ ბანკომატების“ სისტემა, სადაც ფულის არა მარტო გამოტანა, არამედ შეტანაცაა შესაძლებელი. ეს უნიკალური სისტემაა, რომლის ანალოგი ბაზარზე დღემდე არ არსებობს. მომხმარებელს გვერდში დავუდექით არა მარტო გადავადებებით, არამედ ისეთი პროდუქტების შექმნით, რომელმაც მათ ცხოვრება მაშინ შეუმსუბუქა, როდესაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებოდათ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ახლა უფრო დიდი სურათი გვაქვს - რა მომავალი გველის წინ. აქ მუშაობა უფრო კონკრეტულ სეგმენტებთან და სექტორებთან ინდივიდუალურად მოგვიწევს. მზად ვართ და მოქნილი ვართ, რომ გვერდში დავუდგეთ ჩვენს მომხმარებელს და ეს არ იყოს მხოლოდ გადავადებები. მომავალში ჩვენი გზავნილია, რომ კვლავ გამოვიტანთ ახალ პროექტებს და პროდუქტებს, რომლებიც მომხმარებელზე კიდევ უფრო მეტად იქნება ორიენტირებული.