პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დაკომპლექტებას აკრიტიკებს. "ოცნების" დეპუტატი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს კომისიაში არჩილ მესტვირიშვილი და გიორგი ისაკაძე არ უნდა დაენიშნა. ამასთან, გია ვოლსკი შეცდომით აცხადებს, რომ კომისიის თავმჯდომარე არის არჩილ მესტვირიშვილი, მაშინ როდესაც რეალურად, კომისიას თამარ სულუხია ხელმძღვანელობს.
კომისიის წევრმა, BMG-ის დამფუძნებელმა გიორგი ისაკაძემ დღეს გამართულ კომისიის სხდომამდე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ ის მმართველი პარტიის წევრის მხრიდან გაკეთებულ უმიზნო განცხადებაზე ვერაფერს იტყვის. კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით კი გიორგი ისაკაძე განმარტავს, რომ წარდგენილ კანდიდატებს შორის არიან გამორჩეული პროფესიონალები, რომელთა კანდიდატურებსაც კომისია პრეზიდენტს წარუდგენს, ხოლო მათი პარლამენტში წარდგენის საბოლოო გადაწყვეტილებას კი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს.
"გაზაფხულია ან გუშინ შეიძლება მორიგ ჯერზე შავი დედალი დაკლეს... წარმოდგენა არ მაქვს… მე შემიძლია კომენტარი ეკონომიკაზე, ფინანსებზე და ამ თემაზე გავაკეთო. პოლიტიკოსების განცხადებებზე, მით უმეტეს უმიზნო განცხადებებზე კომენტარი არ მაქვს.
ერთის თქმა შემიძლია, მმართველი პარტიის ძლიერი მხარე ეკონომიკა, ფინანსები, განკარგულებების კითხვა არასდროს არ ყოფილა და შესაბამისად ეჭვი მეპარება რომ 2024 წელს ეს ამბავი მოგვარდეს.
საბოლოო გადაწყვეტილებას იმ 4 კანდიდატურასთან დაკავშირებით არა კომისია, არამედ პრეზიდენტი იღებს. აღნიშნული ჯგუფი პრეზიდენტს წარუდგენს რამდენიმე კაცისგან შემდგარ სიას, ეს იქნება 4 კაცზე მეტი კანდიდატურა, საიმისოდ რომ პრეზიდენტი ჩამოყალიბდეს და პარლამენტს მაღალინტელექტუალური მსჯელობისთვის წარუდგინოს კანდიდატები," - განაცხადა გიორგი ისაკაძემ.
დღეს, ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატთა შესარჩევმა კომისიამ მეორე სამუშაო შეხვედრა გამართა. კომისიის სრული შემადგენლობის შესახებ უფრო ვრცლად წაიკითხეთ სტატიაში.