პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დაკომპლექტებას აკრიტიკებს. "ოცნების" დეპუტატი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს კომისიაში არჩილ მესტვირიშვილი და გიორგი ისაკაძე არ უნდა დაენიშნა. ამასთან, გია ვოლსკი აცხადებს, რომ კომისიის თავმჯდომარე არის არჩილ მესტვირიშვილი, მაშინ როდესაც კომისიას თამარ სულუხია ხელმძღვანელობს.
გია ვოლსკის განცხადებით, არჩილ მესტვირიშვილი სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომით ეროვნულ ბანკში “ქაოსის დამყარებას” ისახავდა მიზნად, ხოლო გიორგი ისაკაძე “პოლიტიკურ აქტივობებთან” არის დაკავშირებული.
ამასთან, გიორგი ისაკაძის შემთხვევაშიც, გია ვოლსკი არასწორად მიუთითებს, რომ ის შესარჩევი კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა.
“განა შეიძლება, ეროვნული ბანკის საბჭოს შესარჩევი კომისიის თავმჯდომარედ დანიშნო ადამიანი რომელიც გადადგა ეროვნული ბანკის თანამდებობიდან და ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობიდან? სრული ქაოსი უნდა დამყარებულიყო ეროვნული ბანკის მმართველობაში და ეს ადამიანი თავმჯდომარედ დაასახელა.
მოადგილედ კი, დაასახელა ადამიანი, რომელიც არის პირდაპირ კონკრეტული ტელევიზიის წარმომადგენელი, რომელიც არის დაკავშირებული პოლიტიკურ აქტივობებთან და ამ თემაში "ქართუ ბანკის" გაკოტრებაში იღებდა მონაწილეობას,” - განაცხადა გია ვოლსკიმ.
არჩილ მესტვირიშვილმა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი 2023 წლის სექტემბერში ნათია თურნავას მიერ სანქციების აღსრულების წესში შეტანილი საგამონაკლისო ბრძანების მიმართ პროტესტის ნიშნად დატოვა.
უფრო ვრცლად ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატთა შესარჩევი კომისიის სრული შემადგენლობის შესახებ წაიკითხეთ სტატიაში.