მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტო ასკვნის, რომ საწვავის იმპორტის ბაზარზე კონკურენცია გაუმჯობესებულია

602a379c3ef8f
შოთა ტყეშელაშვილი
15.02.21 12:57
798
საწვავის იმპორტის ბაზარზე კონკურენციის დონე გაუმჯობესებულია - ამის შესახებ სახელმწიფო კონკურენციის სააგენტოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში არის საუბარი, რომლის მიხედვით, უკანასკნელი წლების განმავლობაში ნავთობის იმპორტის ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენამ კონკურენტული ვითარება გააუმჯობესა.

“საცალო ბაზარზე მოქმედი ხუთი მსხვილი ეკონომიკური აგენტის ჯამური წილი 2020 წლის მონაცემებით შეადგენს 56.5%-ს, ხოლო სხვა კომპანიების ჯამური წილი 43.5%-ის ფარგლებშია. 2015 წლის დასაწყისში, საცალო ბაზარზე ფუნქციონირებდა დაახლოებით 960 ავტოგასამართი სადგური, 2019 წელს - 1210, ხოლო 2020 წელს მათი რიცხვი 1216-ს შეადგენს;

2020 წელს, შესაბამისი ბაზრის საცალო დონეზე, ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელმა - ჰერფინდალ ჰირშმანის ინდექსმა 746 ერთეული შეადგინა, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.

ფასების დიაპაზონი და სხვაობა ერთი და იგივე მარკის საწვავზე იყო საკმაოდ დიფერენცირებული, რაც მომხმარებელს აძლევდა მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთების საშუალებას;

საქართველოს ბაზარზე მიმდინარე პროცესები საცალო ფასების ცვლილების ნაწილში თანხვედრაში იყო ანალოგიურ პერიოდში საწვავის ძირითადი მომწოდებელი ქვეყნების (რუმინეთი, ბულგარეთი, რუსეთი) ადგილობრივ ბაზრებზე მიმდინარე პროცესებთან,” - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს, ქვეყანაში საერთო ჯამში იმპორტირებული საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ოდენობამ შეადგინა 1,356,139,000 ლიტრი, რაც 2.5% - ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან - 31.8%, რომელსაც მოყვება რუმინეთი 20% და ბულგარეთი 17.3 %.

საერთო იმპორტის 46% შეადგინა დიზელის ტიპის საწვავმა, ხოლო 54% - ბენზინის. ბენზინის ტიპის საწვავიდან, ყველაზე მოთხოვნად სახეობას წარმოადგენდა რეგულარის მარკის საწვავი, რომლის პროცენტულმა წილმა ბენზინის სახეობებში შეადგინა - 69%, ხოლო საერთო იმპორტში - 37%.

ავტოგასამართი სადგურების რაოდენობრივი ზრდა ძირითადად განპირობებულია ბაზარზე ახალი ეკონომიკური აგენტების შესვლით და, ზოგადად, მცირე ქსელების სეგმენტის გააქტიურებით.

ანგარიშის მიხედვით, დაკვირვების პერიოდში ყველაზე ძვირადღირებულსა და იაფ საწვავს შორის ერთ ლიტრზე განსხვავება 37 თეთრს შეადგენდა, შესაბამისად, მომხმარბლებისთვის ხელმისაწვდომია ფართო დიაპაზონი, საიდანაც მათ სასურველი ბრენდის არჩევა შეუძლიათ.