მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტო თავის ანგარიშში რუსული ბენზინის საფასო უპირატესობაზე წერს

6284d2086d1bc
შოთა ტყეშელაშვილი
18.05.22 15:00
5345
გამოქვეყნდა კონკურენციის სააგენტოს ანგარიში საწვავის ფასებთან დაკავშირებით. უწყებამ ანგარიში პრემიერის სპეციალური დავალებით მოამზადა და ის საცალო ქსელებში ნავთობის ფასების ადეკვატურობას შეეხება. კონკურენციის სააგენტო აღნიშნავს, რომ უკანასკნელ პერიოდში გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასი კიდევ გაიზარდა, ხოლო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც საწვავის ფასის კლებაზე უნდა მოახდინოს გავლენა, არის ლარის გაცვლითი კურსის შედარებითი გამყარება.

კონკურენციის სააგენტო მიმოიხილავს ნავთობის იმპორტს ქვეყნების მიხედვით. ანგარიშის თანახმად, 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში 385,678 ათასი ლიტრი საწვავის იმპორტი განხორციელდა.

ქვეყნების მიხედვით იმპორტი ასე ნაწილდება:

● რუმინეთი - იმპორტის 31.2%;
● ბულგარეთი - იმპორტის 24.1%;
● რუსეთი - იმპორტის 17.8%;
● აზერბაიჯანი - იმპორტის 14.7%;
● თურქმენეთი - იმპორტის 12%.

კონკურენციის სააგენტო წერს, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან საწვავის იმპორტის ღირებულება რუსულ იმპორტთან შედარებით უფრო მაღალია. სწორედ ამიტომ, სააგენტო რუსული ნავთობის საფასო უპირატესობებზე წერს.

კერძოდ, ანგარიშის თანახმად, აპრილში რეგულარის მარკის საწვავი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნიდან იყო იმპორტირებული, ფასებით და ბენზინის თვითღირებულების მიხედვით ასე ნაწილდებოდა:

● რუსეთიდან შემოტანილი რეგულარის მარკის საწვავი - აპრილის ფასი 3.72 ლარი, მათ შორის საწვავის შეძენის (საბაჟო) ღირებულება 1.93 ლარი, აქციზი 37 თეთრი; დღგ 57 თეთრი; საოპერაციო ხარჯი 20 თეთრი; ფასნამატი 65 თეთრი;
● რუმინეთიდან შემოტანილი რეგულარის მარკის საწვავი - აპრილის ფასი 3.81 ლარი, მათ შორის საწვავის შეძენის (საბაჟო) ღირებულება 2.50 ლარი, აქციზი 37 თეთრი; დღგ 58 თეთრი; საოპერაციო ხარჯი 20 თეთრი; ფასნამატი 16 თეთრი;
● ბულგარეთიდან შემოტანილი რეგულარის მარკის საწვავი - აპრილის ფასი 3.80 ლარი, მათ შორის საწვავის შეძენის (საბაჟო) ღირებულება 2.45 ლარი, აქციზი 37 თეთრი; დღგ 58 თეთრი; საოპერაციო ხარჯი 20 თეთრი; ფასნამატი 20 თეთრი.

შესაბამისად, ერთი ლიტრი რუსული წარმოების რეგულარის ბენზინის იმპორტის ღირებულება (საბაჟო ფასი) აპრილში 1.93 ლარი; რუმინულის 2.50 ლარი, ბულგარულის კი 2.45 ლარი იყო.

კონკურენციის სააგენტო მიუთითებს:

“წარმოდგენილი გრაფიკებით დგინდება, რომ რუსეთის ფედერაციიდან იმპორტირებული საწვავი გამოირჩევა მნიშვნელოვნად დაბალი თვითღირებულებით ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებულ საწვავთან შედარებით, თუმცა მსხვილი კომპანიების შემთხვევაში, საცალო ფასი განსაზღვრულია ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებული საწვავის იდენტურ ნიშნულზე. თვითღირებულებაში სხვაობა შეადგენს საშუალოდ 30-60 თეთრს, 1 ლიტრი რეგულარის მარკის საწვავზე.

რაც შეეხება ევროპის ქვეყნებიდან, კონკრეტულად კი რუმინეთიდან იმპორტირებულ საწვავს, გარდა პირდაპირი იმპორტისა, საქონლის მოთავსება შესაძლებელია საბაჟო საწყობში დროებითი შენახვის რეჟიმში, რა დროსაც საქონელი არ არის მოქცეული თავისუფალი მიმოქცევის რეჟიმში და არ არის გადახდილი საბაჟო გადასახადები - დღგ და აქციზი. საქონლის ქვეყანაში შემომტან კომპანიას, შეუძლია პროდუქციის რეალიზება მოახდინოს

უშუალოდ საბაჟო საწყობიდან და შემძენის მიერ მოხდება საქონლის მოქცევა კონკრეტულ - იმპორტის პროცედურაში. აღნიშნულ პრაქტიკას ხშირად აქვს ადგილი რუმინეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში და ხასიათდება კონკრეტული სპეციფიკით, კერძოდ, რუმინეთიდან საწვავის იმპორტს ახორციელებს მხოლოდ 1 ეკონომიკური აგენტი, რომელიც საცალო ქსელში პროდუქციის გატანის მიზნებისთვის იმპორტის პროცედურაში ძირითადად აქცევს (ან/და ახორციელებს პირდაპირ იმპორტს) მაღალი თვითღირებულების მქონე საქონელს, ხოლო საბაჟო საწყობიდან ქვეყანაში მოქმედ სხვა ეკონომიკურ აგენტებზე საბითუმოდ ახორციელებს იმ მარაგის რეალიზაციას, რომელიც გამოირჩევა დაბალი თვითღირებულებით (მსგავსი სხვაობა 2022 წლის მარტი-აპრილის პერიოდში, 1 ლიტრი საწვავის დონეზე შეადგენდა საშუალოდ 40 თეთრს)", - წერს კონკურენციის სააგენტო.

კონკურენციის სააგენტოს ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ “არაბრენდირებულ” სადგურებს გააჩნიათ საფასო უპირატესობა ბრენდირებულ სადგურებთან მიმართებით.

“ის ფაქტი, რომ ბაზარზე ხელმისაწვდომია მსგავსი და რიგ შემთხვევებში იდენტური საწვავი გაცილებით დაბალ ფასად, მომხმარებლისთვის დამატებით ბენეფიტს წარმოადგენს, თუმცა არა მათი უმრავლესობისთვის. სხვაობა მსხვილ ქსელებსა და მცირე ქსელების სეგმენტს შორის, უშუალოდ საწვავის მიმართულებით, შესაძლოა იყოს რამდენიმე (არა აუცილებლად), კერძოდ: მსხვილ ქსელებში ხელმისაწვდომი საწვავი შესაძლოა შეიცავდეს კონკრეტულ დანამატებს, რასაც მათივე ინფორმაციით დადებითი ეფექტი გააჩნია საწვავის მოხმარებაზე, წარმადობის ზრდაზე, ეკოლოგიაზე და ა.შ. „ბრენდირებული“ და „არაბრენდირებული“ ავტოგასამართი სადგურები მიღებულ პრაქტიკას წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა საქართველოს შემთხვევაში, მაღალია სხვაობა ფასებს შორის. მაგალითად, აშშ-ში „ბრენდირებულ“ და „არაბრენდირებულ“ ავტოგასამართ სადგურებს შორის საფასო სხვაობა მერყეობს 5-15 ცენტის ფარგლებში 1 გალონ საწვავზე, რაც შეადგენს 4-12 თეთრს 1 ლიტრზე, ხოლო საქართველოს შემთხვევაში სხვაობა შეადგენს საშუალოდ 30-50 თეთრს 1 ლიტრზე", - ნათქვამია დოკუმენტში.

კონკურენციის სააგენტოს ანგარიში შეიცავს ნავთობკომპანიების მისამართით გარკვეულ “კრიტიკასაც”. სააგენტო წერს, რომ აპრილის განმავლობაში საბაზრო პირობები იძლეოდა ნავთობპროდუქტების სარეალიზაციო ფასის შემცირების შესაძლებლობას, თუმცა გასამართი სადგურების ტაბლოებზე შემცირება არ ასახულა.

“მსხვილი კომპანიების ნაწილის მხრიდან ადგილი აქვს/ჰქონდა საცალო მომხმარებლისთვის დამატებითი, კერძოდ 1 ლიტრზე 20-25 თეთრამდე ფასდაკლების შეთავაზებას. აღნიშნული ერთი შეხედვით დადებით გარემოებას წარმოადგენს, თუმცა შესაძლებელი იყო დამატებითი ფასდაკლების ასახვაც პირდაპირ ტაბლოზე,” - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს ანგარიშში.

ამასთანავე, კონკურენციის სააგენტო წერს, რომ აპრილის განმავლობაში რუმინეთსა და ბულგარეთში ფასების შემცირება დაფიქსირდა, რაც 6-8 ცენტის შუალედს მოიაცავდა, თუმცა საქართველოში ასეთი შემცირება არ მომხდარა. სააგენტო ასევე წერს, რომ იმის მიუხედავად, რომ რუსული საწვავის იმპორტის ღირებულება უფრო დაბალი იყო, ისიც საცალო ქსელში ევროპული საწვავის მსგავს ფასად იყიდებოდა.

“საცალო ფასები 2022 წლის იანვარი-აპრილის პერიოდში ზრდის ტრენდს ატარებდა საქართველოსთვის საწვავის მომწოდებელ ძირითად ქვეყნებში - ბულგარეთი, რუმინეთი, თუმცა საქართველოსგან განსხვავებით, აპრილის თვეში შეინიშნება ფასის საშუალოდ 6-8 ცენტიანი შემცირება.

საცალო ფასის მაკომპლექტებელი ფაქტორების ანალიზის შედეგად ასევე გამოიკვეთა, რომ რუსეთის ფედერაციიდან იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება საშუალოდ 30-60 თეთრით დაბალია ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებულ საწვავთან შედარებით (მარტი-აპრილი), თუმცა საცალო ბაზარზე მსხვილი კომპანიების შემთხვევაში ხელმისაწვდომია ევროპული საწვავის იდენტურ ფასად", - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს დასკვნაში.

კონკურენციის სააგენტო ანგარიშს ასრულებს ფრაზით, რომ გლობალურ ბაზრებზე საწვავის ღირებულება კვლავ იზრდება, თუმცა ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ ფასის მატებას ლარის გაცვლითი კურსის გამყარება დააბალანსებს.

“2022 წლის მაისის თვეში საერთაშორისო ბაზრებზე კვლავ ფიქსირდება ნედლი ნავთობისა და პლატსის ფასის ზრდის ტენდენცია და პრაქტიკულად ფასი გაუთანაბრდა მარტის თვის პიკურ მაჩვენებელს, თუმცა საცალო ფასწარმოქმნაზე მოქმედი მეორე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, კერძოდ, ეროვნული ვალუტა განაგრძობს გამყარებას და 2022 წლის მარტის თვის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით გამყარება შეადგენს 50 პუნქტს, რაც შესაძლოა, გახდეს ნედლი ნავთობისა და პლატსის ფასის ზრდის დამბალანსირებელი გარემოება,” - ნათქვამია ანგარიშში.