მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტომ II კვარტალში კონცენტრაციაზე ორი თანხმობა გასცა

62d57998bbd83
მარიამ ვარადაშვილი
18.07.22 20:47
559
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მეორე კვარტლის ანგარიშში სადაზღვევო/ჰოსპიტალურ სექტორში მოქმედი კომპანიების დავის საკითხი მოხვდა, სადაც სააგენტოს დარღვევა არ გამოუვლენია.

გარდა ამისა, მეორე კვარტალში სააგენტომ ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო ფაქტი გამოავლინა. კერძოდ, აკრედიტაციის ცენტრის მიერ, სავარაუდო დარღვევის ფაქტზე, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ აპრილში საქმის მოკვლევა დაიწყო. საკითხი ეხება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მოწყობასა და აკრედიტაციის მისაღებად საჭირო სამართლებრივი პროცედურების განხორციელებაზე გაცემული უარის კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობას.

სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგიც ჩაატარა. მიღებული შედეგების მიხედვით, აპრილის თვეში - რიგ მსხვილ კომპანიებს ფასის შემცირების რესურსი ჰქონდათ, რასაც მოწმობს იაფი იმპორტი ევროპული და არაევროპული ქვეყნებიდან, გაზრდილი ფასნამატები განსაკუთრებით არაევროპულ საწვავზე და იმპორტიორ ქვეყნებში დაფიქსირებული ფასების შემცირების ტრენდი. (მაგალითად, რუმინეთი და ბულგარეთი).

მაისში, საქართველოს საცალო ბაზარზე, როგორც მსხვილი კომპანიების შემთხვევაში, ასევე მცირე სეგმენტში - საწვავზე ფასების კლება დაფიქსირდა. სხვადასხვა ტიპის საწვავზე მსხვილი კომპანიების შემთხვევაში 5-36 თეთრის, ხოლო მცირე კომპანიების შემთხვევაში - 25-30 თეთრის სხვაობა დაფიქსირდა. ასევე, ფასთაშორის სხვაობა დაფიქსირდა მცირე და მსხვილ ქსელებს შორის, ერთიდაიგივე ტიპის საწვავზე, 20-50 თეთრის ფარგლებში. საწვავის ბაზარზე დაკვირვებას სააგენტო აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.

ამას გარდა, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მეორე კვარტალში, „ჯეო ჰოსპიტალსის“ მიერ „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკის“ 100%-იანი წილის შეძენაზე თანხმობა გასცა.

სააგენტომ სამშენებლო სექტორში კომპანია "ანაგის" მიერ „ჯი თი სი თრეიდინგის“ 50%-იანი წილის შეძენაზეც გასცა თანხმობა.

მოცემულ პერიოდში კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, კონცენტრაციის შესახებ შეუტყობინებლობის გამო, „ევროპის უნივერსიტეტი’’ 15 000 ლარით დააჯარიმა. სააგენტოს ცნობით, განხორციელებული კონცენტრაცია კონკურენციის კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოსთვის წინასწარ წერილობით შეტყობინებას საჭიროებდა. ამ საკითხზე სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.