კონკურენციის სააგენტო ნავთობკომპანიებს მოუწოდებს, რომ ფასის ზრდა/კლების წინასწარი დაანონსებისგან თავი შეიკავონ. სააგენტოს ინფორმაციით, საჯარო განცხადება, რომ ფასი შეიცვლება კონკრეტული ციფრით - წარმოადგენს ბაზრის დამატებით გამჭვირვალობას და შესაძლოა მოიცავდეს სენსიტიურ მონაცემებს. მათი განმარტებით, გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ამგვარი განცხადება შესაძლოა განხილულ იქნეს, როგორც კონკურენციის კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის რისკი.
კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ აღნიშნული განცხადება პრევენციის ხასიათს ატარებს და კომპანიებისთვის რაიმეს აკრძალვას არ ემსახურება.
თუმცა მისი თქმით, ევროპული კანონმდებლობით საჯარო განცხადება, რომ ბაზარზე ფასი შეიცვლება კონკრეტული ციფრით, კანონდარღვევად მიიჩნევა, რადგან ჩნდება რისკი, რომ შესაძლოა ბაზარზე მომუშავე კომპანიები ერთობლივად მოქმედებდნენ.
ლექვინაძის თქმით, აღნიშნული რეკომენდაცია ყველა ბიზნესმა უნდა გაითვალისწინონ, მათ შორის პურის მწარმოებლებმაც.
“ზოგადად მსგავსი ტიპის განცხადებებს ევროპული კანონმდებლობა ძალიან მკაცრად უყურებს და ის მიიჩნევა შეთანხმებული ქმედების შესაძლო რისკად. ჩვენ, რა თქმა უნდა, ადგილობრივ ბაზარზე გამოვრიცხავთ და ჩვენი შეფასებაც ამას აჩვენებს, რომ მსგავსი რამ იმ კონკურენტული გარემოს გათვალისწინებით რაც დღეს ფიქსირდება ბაზარზე, რა თქმა უნდა, არ არის. გვინდა პრევენციული ხასიათი მივცეთ და დავიზღვიოთ თავი მსგავსი ტიპის შესაძლო რისკებისგან. ეს არ ეხება მხოლოდ საწვავის სფეროში მოქმედ კომპანიებს, ზოგადად ეხება აბსოლუტურად ყველას, მათ შორის ვინც თავისი კომპანიის მაგალითზე შეიძლება საჯარო მოწოდება გააკეთოს იმის შესახებ, თუ რა მოხდება ბაზარზე", - აცხადებს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე.




























