მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ შეიმჩნევა ფაქტორები, რამაც საწვავის ფასის მერყეობა უნდა გამოიწვიოს - კონკურენციის სააგენტო

კონკურენცია

“არანაირი გლობალური ან შიდა ფაქტორი, რომელმაც შეიძლება ფასების მკვეთრი მერყეობა გამოიწვიოს არ შეიმჩნევა,”- განაცხადა კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ. მისი თქმით, ბაზარზე არსებული მდგომარეობა სტაბილურია და ამიტომ საცალო ქსელებში საწვავის ფასის გაძვირება მოსალოდნელი არაა.

დღესვე საწვავის ფასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ეკონომიკის სამინისტრომაც, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველოს კვლავ აქვს შესაძლებლობა საწვავი საერთაშორისო ფასზე იაფად შეიძინოს - ამ განცხადებით სამინისტრომ მიუთითა, რომ საქართველოს კვლავ აქვს შესაძლებლობა ფასდაკლებული რუსული საწვავი შეიძინოს.

რუსულ საწვავთან დაკავშირებით ისაუბრა ირაკლი ლექვინაძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროპულსა და რუსულ საწვავს შორის ფასები დაახლოვდა, თუმცა რუსული ბენზინის ფასი კვლავ უფრო დაბალ ნიშნულს ინარჩუნებს.

ამ დროისათვის, რუსული საწვავი თვითღირებულით გარკვეულ უპირატესობას ფლობს, თუმცა ევროპული და რუსული საწვავის თვითღირებულებას შორის ისეთი მკვეთრი სხვაობა არ არის, როგორც შარშან. რუსული ბაზრის პროგნოზირება ძალიან რთულია, თუმცა დღეს არანაირი გლობალური ან შიდა ფაქტორი, რომელმაც შეიძლება ფასების მკვეთრი მერყეობა გამოიწვიოს არ შეიმჩნევა.

შეიძლება რუსულ საწვავთან მიმართებით ვითარება გარკვეულწილად იცვლება, მაგრამ ეს ამ მომენტისთვის ჩვენთვის გადამწყვეტი არ არის და გავლენის მომხდენი არ არის, გარკვეული დეზინფორმაცია არის, რათა მომხმარებლები შეყვანილი იყვნენ შეცდომაში,”- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

საქსტატის თანახმად, 2023 წლის 10 თვეში საქართველომ 929 მილიონი დოლარის ღირებულების 1.1 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტები შეიძინა. მათ შორის ყველაზე მეტი - 503 მილიონი დოლარის ღირებულების 704 ათასი ტონა საწვავი საქართველომ რუსეთიდან მიიღო. 134 მილიონი დოლარით და 153 ათასი ტონის იმპორტით მეორე ადგილი რუმინეთმა დაიკავა, მესამეზე კი $68 მილიონით და 79 ათასი ტონის იმპორტით აზერბაიჯანი გავიდა.

იმპორტის სტატისტიკა რუსული საწვავის გაძვირებას აჩვენებს:

2023 წლის 10 თვის განმავლობაში ერთი ტონა რუსული საწვავის საშუალო ფასი $714 დოლარი იყო; უშუალოდ ოქტომბერში კი ერთი ტონის საფასური 834 დოლარი იყო.

2023 წლის 10 თვის განმავლობაში ერთი ტონა რუმინული საწვავის საშუალო ფასი $877 დოლარი იყო; უშუალოდ ოქტომბერში კი ერთი ტონის საფასური 908 დოლარი იყო.

შესაბამისად, ოქტომბერში რუსულსა და რუმინულ საწვავს შორის საფასო სხვაობა წლის საშუალოდან 163 დოლარიდან 74 დოლარამდე შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები