მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კონკურენტუნარიან შაქრის ნედლეულს ვერ ვაწარმოებთ” - გაგრძელდება თუ არა “აგარის” დახმარება?

5fd9dad97c42c
შოთა ტყეშელაშვილი
16.12.20 14:10
1203
“ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დღევანდელ რეალობაში საქართველო კონკურენტუნარიან შაქრის ნედლეულს ვერ აწარმოებს,” - განაცხადა BMG-ის კითხვაზე პასუხისას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. მისი ინფორმაციით, მთავრობასა და აგარის შაქრის კომბინატის მფლობელებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რის შედეგადც გადაწყდება თუ რა სახით გაგრძელდება მომავალში კომპანიის დახმარება.

2020 წლის აპრილში პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის სამინისტროს ქვეყანაში შაქრის ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის პროქტის განხორციელებისკენ მოუწოდა. ამ პერიოდში გლობალურ ბაზარზე შაქრის ფასი განსაკუთრებული ტემპით იზრდებოდა, რის საპირწონედაც მთავრობა შაქრის ადგილობრივ წარმოებას მიიჩნევდა. აგარის შაქრის კომბინატი, რომელიც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო დახურული, წელს, პირველი ივნისიდან ამოქმედდა. არსებული შეთანხმების ფარგლებში საწარმო 31 დეკემბრამდე იმუშავებს.

ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ, თავად “აგარის შაქარი” პროდუქციის წარმოებისთვის იმპორტირებულ ნედლეულს იყენებს, საქართველოში ამ ნედლეულის წარმოება კი, ეკონომიკურად არაკონკურენტუნარიანი იქნება.

"როდესაც ეს საკითხი [აგარის შაქრის ამუშავება] გადაწყდა, ამ პერიოდში თავად ფიზიკურად შაქრის იმპორტის განხორციელებაზე იყო საკმაოდ დიდი კითხვები, რადგან ქვეყნები კეტავდნენ ბაზარს, საუბარი არ იყო მხოლოდ იმაზე, რომ ჩვენ ფასები შეგვენარჩუნებინა ანუ ფიზიკურად გვექნებოდა თუ არა შაქარი, ამაზე იყო ლაპარაკი, ვინაიდან ქვეყნებმა ექსპორტის შეზღუდავი გადაწყვეტილებები მიიღეს. შემდგომში რა თქმა უნდა ბაზარი გაიხსნა, თუმცა 2020 წელი საკმაოდ არაორდინალურია ბევრი აგროსასურსათო პროდუქტისთვის. რამდენიმე პროდუქტი, რომელიც ძალიან გაძვირდა ეს არის შაქარი და მცენარუელი ზეთები. ბევრ პროდუქტზე ფასები შემცირდა კიდეც, მაგალითად ბურღულეულზე ფასები ძველ ნიშნულთან დაახლოვდა, ეს კი მაშინ, როდესაც ბურღულეული გაზაფხულზე ფასების ზრდის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება იყო.

აგარის შაქრის არსებობას, როდესაც ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება გაქვს აქვს მნიშვნელობა იმ კუთხით, რომ მომარაგების და უზრუნველყოფის კუთხით არ გქონდეს შეფერხება, თუმცა გვესმის, რომ ჩვენ შაქრისთვის საჭირო ნედლეულს არ ვაწარმოებთ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დღევანდელ რეალობაში საქართველო კონკურენტუნარიან შაქრის ნედლეულს ვერ აწარმოებს. აგარის შაქრის საწარმო არის ქარხანა, რომელიც დიდწილად არის დამოკიდებული იმპორტირებულ ნედლეულზე, აქედან გამომდინარე, მისი ფასი ძალიან ამოვარდნილი და განსხვავებული ვერ იქნება, თუმცა გარკვეული შეღავათები იმ მიმართულებით, რომ ტრანსპორტირების, ადგილზე მიწოდების კუთხით ამ საწარმოს სხვადასხვა უპირატესობა შეიძლება ჰქონდეს. სახელმწიფომ რაც გააკეთა, ეს იყო არაფინანსური დახმარება. ეს იყო ძირითადად კომუნიკაცია სხვადახვა მომწოდებელ რგოლთან, რომ მათთვის შეღავათიანი პირობები ყოფილიყო, იგივე ენერგორესურსებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. მათ მოახერხეს ის, რომ ადგილზე იმპორტის საკმაოდ დიდი ნაწილი ჩაანაცვლეს. ამ კომპანიასთან ჯერ არ არის დასრულებული მოლაპარაკება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, არსებობდეს ასეთი ტიპის საწარმო, რომელიც ასაქმებს რამდენიმე ასეულ ადამიანს", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.