მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კოპალა წყნეთი“ დროებით იხურება - გენერალური მენეჯერი მიზეზებს განმარტავს

60a7bf61d3400
ვიქტორია მღებრიშვილი
21.05.21 18:15
3145
„სასტუმრო "კოპალა წყნეთი"  მუშაობას დროებით წყვეტს. ჩვენი გუნდი, მრავალფეროვანი სერვისითა და სიახლეებით სულ მალე დაგიბრუნდებათ“, - აღნიშნული ინფორმაცია სასტუმრო ადმინისტაციამ საკუთარ Facebook-გვერდზე განათავსა.

BM.GE სასტუმროს დროებით დახურვის მიზეზებით დაინტერესდა და „კოპალა წყნეთიs“ გენერალურ მენეჯერს მიმართა. როგორც მირანდა ყვავაძე განმარტავს, სასტუმროს დროებით დახურვის მიზეზი წყლის სისტემის გაუმართაობა და ასევე გაძვირებული კომუნალური გადასახადების გამო გაზრდილი ხარჯებია, რის გამოც მენეჯმენტმა გათბობის სისტემის მზის ენერგიაზე გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

„წყლის სისტემას გარკვეული პრობლემები აქვს და სასტუმრო ამის გამო დროებით დაიკეტება. ამ პერიოდში ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. ამასთან, გაზრდილი კომუნალური გადასახადების გამო გათბობის სისტემის მზის ენერგიაზე გადაყვანა გვინდა. ბუნებრივი აირის გადასახადი ძალიან გაიზარდა, ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. რა ფინანსური რესურსი ჩაიდება, ჯერ არ ვიცით, ვერც იმას დავაზუსტებთ, რა პერიოდი დასჭირდება ამ სამუშაოებს, რადგან ყველაფერი უნდა შეფასდეს და გაიწეროს“, - განმარტა სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა.

ის ხსნის, რომ სასტუმროს კომუნალური ხარჯები ზამთარში გაზის ტარიფის მომატების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა დაბალი დატვირთვით მოქმედ სასტუმროში განთავსების ღირებულების გაზრდა, იმისთვის, რომ ხარჯები დაფარულიყო, ვერ მოხერხდებოდა.

„მიუხედავად იმისა, რომ კომუნალური ხარჯები გაგვეზარდა, სასტუმროს მომსახურებას ამ რთულ პერიოდში ვერ გავაძვირებდით, ამიტომ ალტერნატიული გზების ძიება დავიწყეთ და მივედით დასკვნამდე, მზის ენერგიაზე გადავსულიყავით, რაც ეკოლოგიურიცაა. სჯობს, ერთხელ გავიღოთ ხარჯი“, - უთხრა BM.GE-ის მირანდა ყვავაძემ.

კითხვაზე - რატომ მიიღო მენეჯმენტმა სასტუმროს დახურვის გადაწყვეტილება ზაფხულის სეზონის დასაწყისში და რამდენად მარტივი იყო ამ დროს სასტუმროს გაჩერება, „წყნეთი კოპალას“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ამ პერიოდში მომხმარებლის მხრიდან აქტივობა საკმაოდ დაბალი იყო.

„ტურისტების საკმაოდ დაბალი ნაკადია და იმხელა დატვირთვა არ არის, როგორსაც ველოდით. შესაბამისად, ხარჯების კომპენსირებას ვერ ვახერხებდით. ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, - განმარტა სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა და დასძინა, რომ 60-ნომრიან სასტუმროში განთავსების საშუალო ღირებულება დღემდე 200-ლარამდე იყო.