მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სასტუმრო არ უნდა ფიქრობდეს ვინაა სანქცირებული და ვინ - არა“ - პირადაშვილი „ყვარლის ტბის“ შემთხვევაზე

6479fa83edddf
ვიქტორია მღებრიშვილი
03.06.23 00:16
1682
სასტუმრო „შატო მერეს“ მმართველ პარტნიორს გია პირადაშვილს მიაჩნია, რომ სანქცირებული პირების ქვეყანაში შემოშვების საკითხი სახელმწიფოს კომპეტენციის საკითხია და ბიზნესს არ უნდა უწევდეს იმაზე ფიქრი, სანქცირებულ პირს მასპინძლობს თუ არა. ამის შესახებ სასტუმროს მმართველმა გადაცემა #რედაქტ2-ში დასმული შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

საქმე ის არის, რომ მაისის შუა რიცხვებში სასტუმრო „ყვარლის ტბამ“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებს უმასპინძლა, რომლებსაც ქორწილი ჰქონდათ დაგეგმილი. სასტუმროს ადმინისტრაციამ თავდაპირველად ეს ინფორმაცია უარყო. თუმცა მოგვიანებით ცხადი გახდა, რომ ლავროვის შვილი და მისი გარემოცვა სწორედ ყვარელში ამ სასტუმროში იმყოფებოდა, ამის გამო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა სასტუმროს მიმდებარედ საპროტესტო აქციებიც გამართეს. მოქალაქეებმა კი სოციალურ ქსელებში „ყვარლის ტბის“ შესახებ უარყოფითი შეფასებები დაწერეს, რამაც სასტუმროს რეიტინგი შეამცირა. აღსანიშნია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შვილი ეკატერინა ვინოკუროვა, რომელიც ალექსანდრე ვინოკუროვთანაა ქორწინებაში, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-სა და კანადის მხრიდანაა სანქცირებული. შექმნილი მდგომარეობის შეფასება #რედაქტ2-ში გია პირადაშვილს ვთხოვეთ:

- გვერდს ვერ ავუვლით გასულ კვირებში განვითარებულ მოვლენებს და ყურადღების ცენტრში აღმოჩენილ „ყვარლის ტბას“, სადაც ლავროვებისთვის გამასპინძლების გამო - სოციალურ ქსელში კამპანიებიც იყო, რომ ნეგატიური შეფასებები დავუწეროთო, რამაც სასტუმროს რეიტინგი შეამცირა. როგორც „შატო მერეს“ მმართველი პარტნიორი, თქვენ რას იზამდით ასეთი დილემის წინაშე რომ აღმოჩენილიყავით?

- ადამიანურად გეუბნებით, რომ არავის მოსწონს ის განუკითხაობა, რაც საზღვარზე ხდება. ჩემი აზრით, სასტუმროს წარმომადგენელი და სასტუმრო არ უნდა ფიქრობდეს იმაზე, ვინ არის სანქცირებული და ვინ - არა. ბიზნესი... მიმღების თანამშრომელი არ არის ვალდებული, იცოდეს სტუმარი ლავროვის შვილია თუ არა.

- თვლით რომ ჯოხი ბიზნესზე გადატყდა?

- რა თქმა უნდა... ამასთან, არც პოზიცია მოიქცა სწორად და არც ოპოზიცია. ეს სახელმწიფო კომპეტენციის საკითხია, ხოლო თუ ოპოზიციას მიაჩნია, რომ ასეთი რაღაცეები არ უნდა ხდებოდეს, საზღვრის დამცავ ორგანოებთან უნდა მივიდნენ და მათ უნდა გაუმართონ პროტესტი და არა ბიზნესს.

ჩვენ ყველანი ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო, ამას ოპოზიციის ნაწილი გააცნობიერებს... ძალიან რთულია ტურიზმისთვის იმის გარჩევა, ვინ არის პოლიტიკურად მართალი და სწორი, ვინ უნდა შემოუშვა და ვინ - არა, ამას სასტუმრო არ უნდა წყვეტდეს. ამას ის ორგანოები უნდა წყვეტდნენ, ვის კომპეტენციაშიც შედის ეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები