მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოსაყოფ $132-მილიონიან დახმარებას წინაპირობა აქვს

5feadfcaea8b0
შოთა ტყეშელაშვილი
29.12.20 11:38
954
უკვე ძალაშია აშშ-ის 2021 წლის  ფედერალური ბიუჯეტი, რომელიც სხვა მიმართულებებთან ერთად, საქართველოსთვის გამოსაყოფ დაფინანსებასაც ითვალისწინებს. თუმცა, ყველა სხვა წლისგან განსხვავებით, ამ დახმარების მიღებისთვის გაჩნდა სპეციალური დათქმა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დახმარების გამოყოფისთვის წინაპირობის ჩანაწერი გაჩნდა.

კანონი სახელომწიფო მდივანს მომდევნო 90 დღის ვადაში ავალდებულებს სპეციალური ანგარიშის მომზადებას, რომელიც რიგი მიმართულებებით საქართველოში არსებულ ვითარებას უნდა მოიცავდეს. ეს საკითხები კი საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის მიმდინარეობის შეფასება; ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესის შეფასება და სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასებაა. 

კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად, დახმარების გასაცემად სახელმწიფო მდივნმა უნდა მოამზადოს სპეციალური ანგარიში, რომელიც შემდეგ მიმართულებებს უნდა მოიცავდეს:

“კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90 დღისა, სახელმწიფო მდივანმა კომიტეტებს უნდა წარუდგინოს ანგარიში, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის პირველი იანვრის შემდგომ შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯებს უნდა შეეხებოდეს:

1) დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების საკითხებს, მათ შორის საქართველოში ახლახანს ჩატარებულ არჩევნებს;
2) კორუფციასთან ბრძოლას;
3) უზრუნველყოს, რომ კერძო სექტორისთვის კანონის უზენაესობა შეესაბამებოდეს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, მათ შორის დაცული იყოს უცხოელი ინვესტორების უფლებები,”- ნათქვამია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიით განსაზღვრული იყო საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15%-ის შეჩერების პუნქტი. როგორც ირკვევა, ამ ჩანაწერმა განხილვების პროცესში კორექტირებები განიცადა.

რაც შეეხება უშუალოდ $132 მილიონი დოლარის დაფინანსებას, მიმართულებების მიხედვით ის ამგვარად ნაწილდება:

ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის გამოსაყოფი დახმარების ბიუჯეტიდან საქართველოსთვის მიიმართოს - $88 მილიონი აშშ დოლარი;
საერთაშორისო ნარკოტიკული კონტროლისთვის - $5.7 მილიონი აშშ დოლარი;
ანტიტერორისტული პროგრამების მხარდაჭერისთვის - $1.1 მილიონი აშშ დოლარი;
საერთაშორისო სამხედრო განათლების და ტრეინინგისთვის - $2.2 მილიონი აშშ დოლარი;
საერთაშორისო სამხედრო დაფინანსების პროგრამისთვის - $35 მილიონი აშშ დოლარი.