ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსიპიკერის მოადგილე, ვედანტ პატელი ყოველდღიურ ბრიფინგზე გამოეხმაურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ USAID-ის დახმარებით საქართველოში ჩამოსული ტრენერები ახალგაზრდებს სამოქალაქო არეულობის მომზადებაში ატრენინგებდნენ. პატელის განცხადებით, USAID-ის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები არსებითად მცდარია, ხოლო თავად ის პროექტები და პროგრამები, რომლებიც აშშ-ის საერთაშორისო დახმარების სააგენტოს მიერ ხორციელდება სრულიად გამჭვირვალეა.
"ნება მომეცით ყურადღება გავამახვილო უშუალოდ USAID-ის ხსენების საკითხზე. თბილისში ჩვენმა საელჩომ ამის შესახებ ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა და რასაც აქვე გავიმეორებ არის ის, რომ ბრალდებები ჩვენი დახმარების ერთ-ერთი პროექტის მიმართ მცდარია და არსებითად არასწორად ახასიათებს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს. როგორც ყოველთვის, ჩვენი დახმარება გამჭვირვალეა და ჩვენ გავაგრძელებთ ქართული ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც მუშაობენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებების დასაცავად. მე ასევე აღვნიშნავ, რომ ვაგრძელებთ პარტნიორობას ქართველ ხალხთან, რადგანაც ისინი ისწრაფვიან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი ევროატლანტიკური მომავლისკენ",- განაცხადა პატელმა.
აშშ-ის საელჩომ მომხდართან დაკავშირებით განცხადება 2 ოქტომბერს გააკეთა:
„USAID-ი საქართველოს მოსახლეობას 1992 წლიდან უჭერს მხარს. როგორც ყოველთვის, ეს მხარდაჭერა გამჭვირვალეა და მივესალმებით ნებისმიერ შესაძლებლობას, განვიხილოთ ყველა შეშფოთება, რომელიც მთავრობას შეიძლება ჰქონდეს.
მოქალაქეების უფლება, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი და მისწრაფებები ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი და ის ღირებულებაა, რომელსაც ჩვენ, ორივე ქვეყანა ვიზიარებთ. ორ წელზე მეტია, USAID-ი თანამშრომლობს CANVAS-თან, რომ დაეხმაროს ადამიანებს ხმა აიმაღლონ იმ საკითხებზე, რომელიც მათი ოჯახებისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. CANVAS-თან თანამშრომლობით ტრენინგები ჩაუტარდათ დედებს, რომლებიც ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის გაუმჯობესებას ითხოვენ და იმ პირებს, რომლებიც ხანდაზმული მოქალაქეების უფლებებს უწევენ ადვოკატირებას.
მიუხედავად დაუსაბუთებელი თავდასხმებისა, კვლავაც მხარს დავუჭერთ იმ ქართულ ორგანიზაციებს, რომელიც ეხმარება ხალხს, დაიცვან მათ მიერ განსაზღვრული და დამსახურებული მომავალი და მათთვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები“, - ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი რევოლუციური სცენარის მომზადების შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სუს-ის ინფორმაციით, ორგანიზებისა და ადგილობრივად რევოლუციური მიზნების განხორციელებისთვის ახალგაზრდების გადამზადებისთვის გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“.
სუს-ის განცხადებაში აღნიშნულია რომ ქვეყანაში რევოლუციური მიზნების განხორციელებისთვის მოქალაქეების გადამზადებისთვის USAID-ის მხარდაჭერით ჩამოვიდნენ პირები, რომელიც 29 სექტემბერს დაიკითხნენ.