მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფრენსის ფუკუიამა აშშ-ს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებს

642ed81577c18
შოთა ტყეშელაშვილი
06.04.23 18:34
1776
პოლიტოლოგი და ფილოსოფოსი ფრენსის ფუკუიამა EPRC-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ნინო ევგენიძესთან ერთად ჟურნალ Foreign Affairs-ში სტატიას აქვეყნებს.

სტატიაში, რომელსაც “რუსეთი იმარჯვებს საქართველოში” ეწოდება, ფუკუიამა აღნიშნავს, რომ საქართველოში უკანასკნელი წლების განმავლობაში განვითარებული მოვლენები მეტყველებს იმაზე, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით საქართველო რუსეთს დაუახლოვდა, რაც პირველ რიგში ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის მზარდ ავტორიტარიზმს და კანონის უზენაესობაში ჩარევას უკავშირდება.

სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-ისა და მისი ევროპელი პარტნიორების ინტერესში უნდა იყოს არ დაუშვან საქართველოს რუსულ ბანაკთან დაახლოება. ამასთან, გონივრულად უნდა იქნეს შერჩეული ის საპასუხო ზომები, რომლებიც დასავლეთმა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე უნდა გაატაროს. ფრენსის ფუკუიამას შეფასებით, არსებულ ვითარებაში აშშ-მა და მისმა ევროპელმა პარტნიორებმა ბიძინა ივანიშვილის სანქცირება უნდა განიხილონ.

“აშშ-მა და მისმა ევროპულმა პარტნიორებმა უნდა უზრუნველყონ ის, რომ საქართველო არ დაუახლოვდეს რუსეთის ბანაკს. იქამდე სანამ ივანიშვილი და მისი პოლიტიკური პარტია მართავენ ქვეყანას, ევროკავშირის წევრობა არის წარმოუდგენელი. ამასთან, ნებისმიერი დასავლური მცდელობა დასაჯოს ქართული ოცნება იმით, რომ ევროკავშირში ქვეყნის სამომავლო გაწევრიანების პროცესი შეაჩეროს, მხოლოდ ივანიშვილის სასარგებლოდ იმოქმედებს, რადგანაც სწორედ ივანიშვილმა სცადა დაებლოკა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება კანონის უზენაესობის ხელყოფის გზით. იმის ნაცვლად, რომ მომხდარი პროცესებისთვის, მთელი ქვეყანა დაისაჯოს, უმჯობესი სტრატეგია სწორედ ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესება და მისი დასავლური სანქციების სიაში შეყვანა იქნება.

5 აპრილს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაასანქცირა ოთხი ქართველი მოსამართლე კორუფციასთან კავშირის გამო, ეს ნაბიჯი აშშ-საქართველოს ურთიერთობებში იშვიათი მოვლენაა და ის წარმოადგენს გაფრთხილებას ივანიშვილისა და ქართული ოცნების სხვა თანამდებობის პირებისთვის, რომ ისინი შესაძლოა რიგში შემდეგი იყვნენ. ივანიშვილი განაგრძობს რუსეთთან ძლიერი პერსონალური და ეკონომიკური კავშირების შენარჩუნებას, თუმცა მისი აქტივების უმეტესობა დასავლეთშია. აზრს მოკლებულია მრავალი რუსი ოლიგარქის თარგეთირება და ამავდროულად, ქართველი ოლიგარქის ყურადღების გარეშე დატოვება, მაშინ როდესაც ის ვლადიმირ პუტინთან პოლიტიკური თვალსაზრისით გაცილებით უფრო ახლოსაა, ვიდრე ისინი არიან.

უცხოური აგენტების შესახებ კანონს უზარმაზარი პროტესტი მოჰყვა, რის საპასუხოდაც “ქართულმა ოცნებამ” ეს კანონპროექტი ამ ჯერზე უკუაგდო. თუმცა, ის ნებისმიერ დროს შეიძლება პარლამენტში ხელახლა წარადგინონ. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება მკაფიოდ რჩება ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მომავლის ერთგული. დასავლეთის ადეკვატური მხარდაჭერის შემთხვევაში, მას შეუძლია წინ აღუდგეს მოსკოვის მიერ ქვეყნის ინტერესებში ჩარევას,”- ნათქვამია ფრენსის ფუკუიამას და ნინო ევგენიძის ერთობლივ სტატიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები