მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა "ოცნების" 20 მაღალჩინოსანს, ძალოვანს და კერძო პირს სავიზო შეზღუდვები დაუწესა

სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20 მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, პარლამენტარებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.

„სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს დამატებით მოქმედებას სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც კრძალავს ვიზის გაცემას მათთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის პროცესზე პასუხისმგებელია, ან თანამონაწილეა. დღევანდელი ქმედება შეეხება დაახლოებით ოც პირს, მათ შორის იმათ, რომლებიც მსახურობენ მთავრობის მინისტრებად და პარლამენტში, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სტრუქტურების ოფიციალურ პირებს და კერძო მოქალაქეებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში დაგმობილია „ქართული ოცნების“ მხრიდან მიმდინარე, სასტიკი და გაუმართლებელი ძალადობა საქართველოს მოქალაქეების მიმართ, მათ შორის მომიტინგეების, მედიის, უფლებადამცველების და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. განცხადების თანახმად, აშშ გეგმავს დამატებითი სანქციების დაწესებასაც.

„„ქართულმა ოცნებამ“ გადაუხვია საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის გზიდან, რომელიც ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილია და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. ჩვენ ერთგულები ვართ უზრუნველვყოთ, რომ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე, სავიზო შეზღუდვებს დაექვემდებარებიან. ვამზადებთ დამატებით ქმედებებს, მათ შორის სანქციებს, რათა პასუხი აგონ მათ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში. ქართველი ხალხის გვერდით ჩვენ გვინდა ვიხილოთ ევროატლანტიკურ საზოგადოებაში მტკიცედ ინტეგრირებული ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო. ჩვენი დღევანდელი ქმედებები აჩვენებს აშშ-ის გადაწყვეტილებას და ემატება ადრე გამოცხადებულ ქმედებებს, რომელიც შეეხო „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ 100-ზე მეტ პირსა და მათი ოჯახის წევრებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები