მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოვზანაძე - რეზოლუციის ჩარჩოს შესახებ კანონი საფინანსო სექტორის მდგრადობისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია

5e04a09be76db
შოთა ტყეშელაშვილი
26.12.19 19:00
880
„იმის მიუხედავად, რომ საქართველოში საბანკო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი და მდგრადია მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში „რეზოლუციის ჩარჩოს შესახებ“ კანონი საფინანსო სექტორის სტაბილურობისათვის და ბიზნეს გარემოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია“- ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საკანონმდებლო ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით საქართველოს ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკების რეზოლუციის ფუნქცია დაემატა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ კანონპროექტი მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამოცდილების შესაბამისად შემუშავდა.

"საუბარია, საჭიროების შემთხვევაში, კომერციული ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოს შესახებ, რომელიც გულისხმობს საკანონმდებლო საფუძვლის შექმნას, კომერციულ ბანკში ფინანსური თუ სხვა ტიპის პრობლემის დროს, ეროვნული ბანკის მიერ ადრეულ რეაგირებას და ბანკის გაჯანსაღებას სახელმწიფოს მხრიდან მინიმალური დანახარჯებით“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. 

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანულ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ კომერციული ბანკი კრიზისში (გაკოტრების წინაშე) აღმოჩნდება, იარსებებს ახალი საკანონმდებლო მოდელი, რომელსაც "გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩო" ეწოდება. 

რეზოლუცია ბანკის ლიკვიდაციის ერთგვარ ალტერნატივასაც წარმოადგენს და ისეთ შემთხვევებში გამოიყენება, როდესაც ბანკის ლიკვიდაციას მნიშვნელოვანი უარყოფითი ეფექტი ექნება ფინანსური სექტორის სტაბილურობაზე. ამავდროულად, რეზოლუცია საშუალებას იძლევა შენარჩუნდეს ბანკის კრიტიკული ფუნქციები და თავიდან იქნას აცილებული ფინანსური სირთულეების სექტორის სხვა მონაწილეებზე გადადება.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, რეზოლუციის მთავარი პრინციპის მიხედვით, აქციონერებმა და კრედიტორებმა არ უნდა იზარალონ იმაზე მეტად, ვიდრე ისინი იზარალებდნენ ლიკვიდაციის შემთხვევაში. გარდა ამისა, რეზოლუციის პროცესში დაზღვეული დეპოზიტების გარანტირებული დაცულობა და კრედიტორების დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანა ლიკვიდაციაზე უკეთ უზრუნველყოფს დეპოზიტორთა და კრედიტორთა დაცვას, რაც დადებითად იმოქმედებს ქვეყანაში არსებულ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე. 

ახალი ჩარჩოს ფარგლებში საქართველოს მთავრობას სებ-ის რეკომენდაციის საფუძველზე კომერციული ბანკის გადარჩენისთვის სპეციალური ფინანსური დახმარების გამოყოფა შეეძლება. სებ-ს ამასთანავე, რეზოლუციის პროცესში მყოფ ბანკთან მიმართებით რიგი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია, მათ შორისაა, მენეჯმენტისა და თანამშრომლების დანიშვნა/გათავისუფლება და სხვა ღონისძიებები. 

აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივაზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2019 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან და სავალუტო ფონდის ექსპერტებთან ერთად მუშაობდა.