მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამირან გამყრელიძე: მივდივართ სტაბილიზაციისკენ, მაგრამ „თავში არ უნდა აგვივარდეს“

603df949a4c73
ვიქტორია მღებრიშვილი
02.03.21 12:48
1957
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური მდგომაროება სტაბილურდება, მაგრამ ეს „თავში არ უნდა აგვივარდეს“.

როგორც NCDC-ის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განმარტა, ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა რაოდენობა იკლებდა, თუმცა დღეს „კუდი მოიქნია“.

„საშუალოდ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ტესტირების რაოდენობა 18 000-ზე ზემოთაა და ახალი შემთხვევების რაოდენობა პერიოდულად იკლებდა, თუმცა დღეს ოდნავ მოიქნია კუდი“.

ის თვლის, რომ ამის მიზეზი შეიძლება თებერვლის დასაწყისში შეზღუდვების შემსუბუქების დაწყებაც იყოს, რაც 2-3 კვირის შემდეგ აისახა.

„არ არის გამორიცხული, რომ ეს შეზღუდვების მოხსნითაა გამოწვეული, მაგრამ ეს პატარა ფლუქტუაციაა, ამიტომ შემდგომი შემსუბუქებისთვის 2 კვირიანი დაკვირვებაა საჭირო“, - განაცხადა გამყრელიძემ.

NCDC-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამ პერიოდში უსაფრთხოების ნორმები და მათზე კონტროლი გამკაცრებული იქნება. მისი თქმით, ქალაქგარეთ პირბადის გამოყენების მაჩვენებელი ძალიან დაბალია.

„ქვეყანაში სიტუაცია სტაბილურდება, მაგრამ ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ დავამარცხეთ კორონავირუსი; აუცილებელია, ყველა ამ რეკომენდაციის დაცვა, მათ შორის არის პირბადის გამოყენება. ყველაზე წარმატებულ ქვეყანაში - ისრაელში, რომელმაც 100 მოსახლეზე თითქმის 80 ადამინი აცრა და მოსახლეობის 38% ორი აცრით ყავთ აცრილი, ახალი შემთხვევების რიცხვი მაინც 4 000-ია, ამიტომ ძალიან გამკაცრებულია ყველა რეკომენდაციაზე აღსრულების კონტროლი. ვაქცინაცია მოქმედებს გრძელვადიან პერსპექტივაში და ახლოვადიანში ამცირებს ჰოსპიტალიზაციას და გართულებებს. შევაჯამებ, რომ მივდივართ სტაბილიზაციისკენ და ეს კარგია, მაგრამ ეს „თავში არ უნდა აგვივარდეს“. უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და ვაკვირდებოდეთ ყველა შემსუბუქებას იმის მიხედვით, როგორი იქნება ეპიდსიტუაცია“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ.