დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს საქმიანი წერილი მიწერა, თუმცა მის შინაარსზე საუბრისგან თავს იკავებს. როგორც მან BMG-ის უთხრა, მან ცენტრთან ურთიერთობა დაასრულა და არანაირ დისკუსიაში შესვლას აღარ აპირებს.
ამასთან, გამყრელიძე აღნიშნავს, რომ მის მიერ გაგზავნილი წერილი არ უნდა გასაჯაროებულიყო.
„საიდან და როგორ მოხვდა ეს წერილი ვინმეს ხელში, არ ვიცი. არ მინახავს რა გამოქვეყნდა და არც ვინტერესდები. არ შევდივარ დისკუსიებსა და ახსნა-განმარტებებში. გიდასტურებთ, რომ ზოგიერთ საკითხზე ჩემი შეხედულებებით საქმიანი წერილი ნამდვილად გავუგზავნე როგორც ცენტრს, ისე დავაკოპირე სამინისტროსთან. რომ მდომოდა გასაჯაროება, მე თვითონ გავასაჯაროებდი, ამიტომ დისკუსიაში აღარ შევდივარ. დავსვი წერტილი დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ურთიერთობაში, გადავფურცლე ჩემი კარიერის ეს ფურცელი და დავამთავრე. ამიტომ ამიერიდან არავითარ ახსნა-განმარტებას აღარ ვიძლევი“, - უთხრა გამყრელიძემ BMG-ის.
შეგახსენებთ, რომ ამირან გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობა 2022 წლის აგვისტოში დატოვა.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს წერილს, რომელიც მათივე ინფორმაციით, ამირან გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროს მიწერა.
წერილში ამირან გამყრელიძე ორი ძირითადი მიმართულებით საუბრობს, პირველ ნაწილში ის ჯანდაცვის სისტემას აკრიტიკებს. „მოგეხსენებათ რამდენიმე ათეული წელი საკმაოდ აქტიური ვარ ჯანდაცვის სფეროში და თავისთავად ძალიან გამიხარდება თუ ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სფერო მნიშვნელოვნად განვითარდება სამინისტროს დღევანდელი ლიდერშიპის წინამძღოლობით, მაგრამ მშპ-თან მიმართებაში 2%-იანი დაფინანსებით უნდა გვესმოდეს, რომ ეს ვერ მოხდება. აქსიომაა, რომ ასეთი შეზღუდული დაფინანსებით სამედიცინო დახმარების ხარისხი ვერ გაიზრდება, მოიმატებს სამწუხაროდ ჯიბიდან და არაფორმალური გადახდები და ისევ ზევით წავა კატასტროფული დანახარჯები. ანუ რაც საყოველთაობის პრინციპმა გააჩინა 2013 წელს და ეს ქართული ოცნების მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი იყო ქვეყანაში პოზიტიური დინამიკის სახით, სამწუხაროდ შემობრუნდება უკან.
მოგეხსენებათ 2021-ში ეს პროცენტი იყო 4.2% და ამ მხრივ, სწორ გზაზე ვიდექით ამ მხრივ (ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლისკენ მივდიოდით), ახლა 2%-ით ისევ ჯანმოს ევროპის რეგიონის 53 ქვეყნის ბოლოში ვართ. გემახსოვრებათ ალბათ ჩემი პროტესტი საკოორდინაციო საბჭოზე ამ საკითხთან დაკავშირებით. გამიხარდება ძალიან, თუ დაავადებათა კონტროლის ცენტრი კიდევ უფრო გაძლიერდება და განვითარდება, ვიქნები თქვენი და ცენტრის დიდი გულშემატკივარი, მაგრამ არა ამ გაუმჭვირვალე ფორმით, როცა ეს მნიშვნელოვანი დაწესებულება მოსახლეობას ვეღარ ელაპარაკება, ვერ აძლევს ყოველდღიურ, ყოველკვირეულ თუ ყოველთვიურ სწორ ინფორმაციას დაავადებათა დინამიკის შესახებ ქვეყანაში შესაბამისი მტკიცებულებაზე დაფუძნებული რეკომენდაციებით. ამის საუკეთესო მაგალითია კოვიდი, გრიპი და სხვა რესპირაციული ინფექციები ამ სეზონზე“, - წერს გამყრელიძე.
რაც შეეხება NCDC-სთან ურთიერთობას, ამირან გამყრელიძის თქმით, ყოფილი თანამშრომლები ჩუმად ურეკავენ და ამავე დროს ეუბნებიან, რომ მასთან კომუნიკაცია და ამირან გამყრელიძის სახელის ხსენება აკრძალულია, რაც NCDC-ს ყოფილი ხელმძღვანელისთვის გაურკვეველია.