მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტოვალუტაში ჩადებული ფულის სრულად დაკარგვისთვის მზად იყავით - EU-ს მარეგულირებელი

623435f3379a8
გიორგი თოლორდავა
18.03.22 11:36
6744
ევროკავშირის ფასიანი ქაღალდების, საბანკო და სადაზღვევო სექტორების ზედამხედველობის ორგანოები (EBA, ESMA, EIOPA) საგანგებო განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც მოქალაქეებს აფრთხილებენ - მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ არასანდო ორგანიზაციების მიმართ და კრიპტოაქტივებში ჩადებული თანხის სრულად დაკარგვისთვის მზად იყვნენ.

„ამ აქტივების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი ინვესტირებული თანხის სრულად დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დგება“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადება ხაზგასმით მიუთითებს იმაზე, რომ მომხმარებლის დაცვის კანონით განსაზღვრული მექანიზმები ამჟამად პრაქტიკულად არ არსებობს და ევროკავშირის კანონმდებლობა ციფრულ აქტივებთან მიმართებით არც მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითვალისწინებს.

მარეგულირებლები წუხან, რომ მომხმარებელი რეალური რისკების გაცნობიერების გარეშე ყიდულობს 17 000-მდე სხვადასხვა კრიპტოაქტივს, რომელთა ნაწილიც არაკეთილსინდისიერი მიზნებითაა შექმნილი.

„მომხმარებელი ფრთხილად უნდა იყოს შეცდომაში შემყვანი რეკლამების რისკების, მათ შორის, სოციალური მედიისა და ინფლუენსერების მიმართ. მათ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ სწრაფად გამდიდრების დაპირებების მიმართ, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა შემოთავაზება ზედმეტად კარგად გამოიყურება“.