მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიზისის მართვა საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს - კომიტეტის თავმჯდომარე

62386426115ec
სალომე მეცხვარიშვილი
22.03.22 13:40
796
კრიზისის მართვა საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს,- ასე პასუხობს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე “საქმის კურსის” შეკითხვას, სად არის მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც რუსეთ-უკრაინის გამო წარმოქმნილ ეკონომიკურ პრობლემების გადაჭრაზე იმუშავებს. 

დავით სონღულაშვილი ამბობს, რომ ზოგადად, ნებისმიერი ტიპის გეგმა დამოკიდებულია იმაზე, როგორ და როდის დასრულდება ომი. სონღულაშვილი არ აკონკრეტებს, ამჟამად არსებობს თუ არა სამთავრობო გეგმა, თუმცა აღნიშნავს, რომ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს კრიზისების მართვის კარგი გამოცდილება აქვს, რაც საზოგადოებაში ნდობას იწვევს.

“მაგალითად არსებობს პანდემიის გამოცდილება, როცა პანიკური მდგომარეობა იყო პროდუქტების მიწოდების ჯაჭვთან დაკავშირებით. მაშინაც ლევან დავითაშვილი(სოფლის მეურნეობის ყოფილი და ეკონომიკის მოქმედი მინისტრი) ედგა ამ ყველაფერს სათავეში. ეს გამოცდილებაც არსებობს და ნდობაც არსებობს იმისა, რომ კრიზისების დროს არის გუნდი, რომელსაც შეუძლია ამ გამოწვევების გადაჭრა”,- აცხადებს დავით სონღულაშვილი.

მისივე თქმით, ზოგადად გამოწვევების წინაშე დგას არამხოლოდ საქართველო, არამედ რეგიონი და მსოფლიო. დავით სონღულაშვილის განცხადებით, საქართველოს ორ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში ომი საქართველოს ეკონომიკის გარკვეულ სექტორებს დააზარალებს.

“არის სექტორები, რომლებიც საკმაოდ დაზიანდება, თუმცა ჩვენი ამოცანაა, რომ ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეთ ამ ყველაფრიდან. რუსეთ-უკრაინის ომი აისახება როგორც ექსპორტზე, ასევე ტურიზმის აღდგენის ტემპზე; აგრეთვე აისახება ფულად გზავნილებზე, რადგან რუსეთიდან და უკრაინიდან საკმაოდ დიდი შემოდინება იყო საქართველოში”,- აცხადებს კომიტეტის თავმდჯომარე.