მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

KUDOS GEORGIA - საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ (R)

60b0f5da5f566
BM.GE
28.05.21 18:10
1557
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს მსგავსი განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის. ახალი კორონავირუსის (COVID-19) ფართო გავრცელებით გამოწვეულმა სირთულეებმა სხვა მიმართულებებთან ერთად მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა 2020 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) შემცირების კუთხით. საერთაშორისო ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია Kudos Georgia-ს თანადამფუძნებელისა და პარტნიორის, ირაკლი ჟვანიას შეფასებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საგანგაშო ნიშნულებამდეა შემცირებული და მაჩვენებლების გასაზრდელად მკვეთრი ნაბიჯები სწრაფად უნდა გადაიდგას.

- პირდაპირი უცხოური ინვესტიციების როგორი მაჩვენებლები იყო ქვეყანაში 2020 წელს?

- 2020 წლის წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები ბოლო 15 წლის ისტორიულ მინიმუმზეა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს ქვეყანაში 617 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 53%-ით ნაკლებია 2019 წლის საბოლოო მონაცემებთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის IV კვარტალში -102.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში (ძირითადად იგულისხმება ოფშორული კომპანიების საკუთრებაში არსებული აქტივების „ქართუ ფონდი“-სთვის გადაცემა), რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 294.6 მილიონი აშშ დოლარით შეამცირა.

- როგორ იმოქმედა COVID-19 ის პანდემიამ FDI-ის მაჩვენებლებზე?

- ბუნებრივია, Covid-19-ის გლობალურმა პანდემიამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა აღნიშნულ პროცესებზე: სხვადსხვა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მონაცემებით 2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გლობალურად 38%-დან 42%-მდე შემცირდა. უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ Covid-19-ით გამოწვეული სირთულეები არ განაპირობებს შემცირებას; პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მაჩვენებლები პანდემიამდე პერიოდშიც, 2014 წლიდან მოყოლებული დღემდე კლების ტენდენციით ხასიათდებოდა, გამონაკლისს წარმოადგენდა მხოლოდ 2017 წელი.

- რამდენად მნიშვნელოვანია FDI-ის მოზიდვა ქვეყნის განვითარებისათვის?

- ზოგადად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს განსაკუთებით ჩვენი ტიპის განვითარებადი ქვეყნებისათვის, რადგან ხელს უწყობს ქვეყანაში კაპიტალის მოცულობის ზრდას, ვალუტის კურსის სტაბილურობას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, შრომითი კაპიტალის განვითარებას, თანამედროვე ტექნოლოგების ათვისებისა და უტილიზაციის პროცესს და სხვა პროგრესულ მოვლენებს.

- რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ ინვესტორები საინვესტიციო ქვეყნების შერჩევის დროს?

- ბიზნესის განვითარებისათვის ახალი ბაზრების ათვისების კუთხით დაინტერესებული ინვესტორებისათვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ქვეყნის საგადასახადო გარემო - ის, თუ რამდენად ლიბერალურია საგადასახადო კანონმდებლობა, როგორია ქვეყანაში მოქმედი გადასახადები, რამდენად თანაბარ პირობებში აყენებს საკანონმდებლო გარემო უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორს, თუმცა მხოლოდ აღნიშნული ფაქტორით არ ხდება გადაწყვეტილების მიღება: ინვესტორები ეძებენ ისეთ ქვეყნებს, სადაც სტაბილური პოლიტიკური გარემოა, არ არსებობს ან მინიმუმამდეა დაყვანილი საგარეო რისკფაქტორები, იოლია ბაზარზე შეღწევა და არსებობს ექსპორტის დიდი პოტენციალი. მთლიანობაში აღნიშნული ფაქტორები აისახება სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში, რომლებიც ერთგვარ გზამკვლევს წარმადგენს ინვესტორებისათვის.

- რა ნაბიჯებს დგამს და სამომავლოდ უნდა გადადგას მთავრობამ FDI-ის მოზიდვის კუთხით?

- მიმდინარე წლის მაისის თვეში მთავრობამ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი წარადგინა, რაც ცალსახად მისასალმებელი ნაბიჯია და პოზიტიურ გზავნილად აღიქმება, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო ინვესტორებისათვის, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილებას დროულად მოჰყვეს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რაც უნდა აისახოს სასამართლო და საკანონმდებლო რეფორმებში, კაპიტალის ბაზრის განვითარებაში, მიზნობრივი მხარდამჭერი პროგრამების გაფართოებაში.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის სხვადასხვა უწყებების მიერ სხვადასხვა დროს შემუშავებული იქნა ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიები და კონცეფციები, თუმცა მხოლოდ დოკუმენტის შემუშავება საკმარისი ეფექტის მომტანი ვერ იქნება. მნიშვნელოვანია, მთვარობის პირდაპირი და სწორი კომუნიკაციის წარმოება პოტენციურ, ჩვენი ბაზრებით დაინტერესებულ ინვესტორებთან. მსხვილი კორპორაციებისა და საერთაშორისო მასშტაბით ცნობადი კომპანიების შემოყვანა ქართულ ბაზარზე მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ცნობადობას.

უკანასკნელ პერიოდში ქვეყნაში მიმდინარე პროცესები ნეგატიურად აისახა ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე, მათ შორის ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი პროექტის - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ირგვლივ განვითარებულმა სამწუხარო მოვლენებმა სერიოზულად შეაფერხა ინვესტორების დაინტერესება. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშული პროექტის უკან ქართულ მხარესთან ერთად უმსხვილესი გლობალური, მათ შორის ამერიკული კომპანიები იყვნენ წარმოდგენილები.

აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, თანამიმდევრულობას და დროულ რეაგირებას როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. ინვესტორის მიერ სახელმწიფო უნდა აღიქმებოდეს, როგორც მეგობარი და გარანტორი, რომელიც ქმნის ხელსაყრელ ბიზნეს გარემოს, უზრუნველყოფს მის დაცულობასა და მუდმივ მზაობას გამოხატავს მის წინაშე არსებული პრობლემების განხილვასა და სამართლიანი გადაწყვეტისათვის.
(R)