მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კულა“: ელექტროენერგიის გაძვირების მიუხედავად, პროდუქციას გაზაფხულამდე არ გავაძვირებთ

5ffde3ce8629e
ანუკა ჯოხაძე
13.01.21 10:43
993
ელექტროენენრგიის ტარიფის გაზრდის მიუხედავად, „კულა“ პროდუქციას გაზაფხულამდე არ გააძვირებს. ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის დამფუძნებელმა ვანო გოგლიძემ 1 იანვრიდან დენის გაძვირების შეფასებისას განუცხადა. როგორც ბიზნესმენი ამბობს, დენის ტარიფის ზრდა საწარმოს ხარჯებს უზრდის.

„თუ ზამთრის პერიოდში ისეთი შეღავათები დაგვიწესდებოდა, როგორც პურის საწარმოებს, რომელთაც მაგალითად, ბუნებრივი აირი არ გაუძვირდათ, ეს ძალიან დაგვეხმარებოდა, რადგან ზამთარში არამარტო ძრავებს და აგრეგატებს ვამუშავებთ ელექტროენერგიით, არამედ გათბობაც დენზე გვაქვს. ამდენად, ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი გაგვიძვირებს პროდუქციას, მაგრამ პროდუქციის 10-15%-ით გაძვირებას რამდენიმე თვე დავაკომპენსირებთ იმ მარაგებით, რაც გვაქვს. ახალ სეზონზე კი, უკვე შევხედავთ როგორი იქნება ნედლეულის ფასი, რამდენით გაძვირდება ხილი და ტრანსპორტი. უკვე ამის მიხედვით გადავწყვეტთ, ზაფხულის პერიოდში გაძვირდება თუ არა ჩვენი პროდუქცია“, - ამბობს კომპანია “კულას” დამფუძნებელი.

ამასთან, გაძვირებულ ელექტროენერგიაზე საუბრისას ივანე გოგლიძემ ყურადღება მის ხარისხზეც გაამახვილა. ბიზნესმენი ამბობს, რომ ქარხანას ელექტროენერგია არასტაბილურად მიეწოდება, რაც პრობლემას უქმნის.

„ამ მიმართულებით ხარვეზები უკვე წლებია არსებობს, თუმცა პასუხისმგებელი არავინაა. ელექტროენერგია არ მოგვეწოდება იმ ხარისხით და იმ კილოვატებით, რაც სტანდარტულად უნდა იყოს. თუ უნდა მოგვაწოდონ 380 ვოლტი, გვაწოდებენ 320 და 330 ვოლტს. ეს კი იწვევს იმას, რომ იწვება ძრავები; თუ მაცივარს იყენებ, ისიც ფუჭდება. რეალურად ეს უფრო დიდი პრობლემაა ჩვენთვის, ვიდრე დენის ტარიფის ზრდა. თუ გააძვირეს, ხარისხიანად მაინც მოგვაწოდონ“, - აცხადებს “კულას” დამფუძნებელი ვანო გოგლიძე.

ცნობისთვის: 2021 წლის პირველი იანვირდან საქართველოს კერძო ბიზნესისთვის და ყველა არასაყოფაცხოვრებო აბონენტისთვის ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა. სემეკის მიერ მიღებული დადგენილებით, სხვადასხვა კატეგორიის ძაბვის ელექტროენერგიის ტარიფი ერთ კილოვატზე საშუალოდ 72%-ით გაიზარდა. ამასთან, სემეკის გადაწყვეტილებით, ფასების მატება უფრო მკვეთრი “ენერგო პრო ჯორჯიას” ქსელშია, ვიდრე “თელასის” გამანაწილებელ ქსელში.