მცირე და საშუალო ბიზნესი წლებია საუბრობს, რომ ქსელურ მარკეტებში პროდუქციის შეტანა და რეალიზაცია მნიშვნელოვან გამოწვევებთან არის დაკავშირებული. კომპანიები ამბობენ, რომ რითეილ სექტორის წარმომადგენლები იმდენად მაღალ გადასახადებს აწესებენ, რომ ქართული კომპანიები ამჯობინებენ პროდუქციის რეალიზაციის სხვა არხები მოიძიონ.
კომპანია კულას დამფუძნებელი აცხადებს, რომ გამოწვევები ქართულ ქსელურ მარკეტებში პროდუქციის შეტანასთან დაკავშირებით მათაც აქვთ. მისი თქმით, მაღალი გადასახადების გამო კომპანიამ კონკრეტული სახეობის პროდუქცია მარკეტებიდან გამოიტანა. ვანო გოგლიძე აცხადებს, რომ ამ მიმართულებით მხარეებს შორის აუცილებელია კონსულტაციების გააქტიურება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ბიზნესი ისე მომხმარებელი ზარალდება, რომელსაც მაღალი ფასის გადახდა უწევს.
“ჩვენც ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, რამდენიმე ქსელიდან გამოვედით იმის გამო რომ ძალიან მაღალი გადასახადებია. 40%-ზე მეტზე ადის რეტრო ბონუსები და უკან დაბრუნების თანხები. მე კიდევ ექსპორტი მშველის და ჩემს კომპანიაზე ასე ძალიან შესამჩნევი არ არის. თუმცა სახელმწიფო ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს, ძალიან ბევრ კომპანიას აფინანსებს, იხსნება ახალი საწარმოები, მაგრამ საქართველოს ბაზარზე ვერ შედიან იმის გამო რომ საბოლოო ჯამში მარკეტებში დიდი თანხებია გადასახდელი.
ეს არის რეგისტრაცია, ლისტინგი, დამატებითი რეტრო ბონუსები, სპეციალური აქციები, რომელსაც გავალდებულებენ. ეს ყველაფერი კი იწვევს იმას, რომ საქართველოში საწარმოები იხსნება, მაგრამ საბოლოო მომხმარებელთან ვერ მიდის ეს პროდუქცია. ჩემი აზრით, ეს დიდი პრობლემაა,”- ამბობს კულას დამფუძნებელი ვანო გოგლიძე.
როგორც ცნობილია, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გასულ წელს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამართლიანი ვაჭრობის შესახებ კანონპროექტის შემუშავება ეკონომიკის სამინისტროს დაავალა. პროცესებში ყველაზე ჩართული მხარე მონაწილეობდა, თუმცა კანონპროექტზე მუშაობა გაჩერდა. ეკონომიკის მინისტრი ამბობდა, რომ კანონპროექტის მიღება აქტუალური აღარ იყო.