მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა (15-20.06.2020)

5eef4eaa9e4cc
ირაკლი მაკალათია
21.06.20 16:17
3394
მიმდინარე კვირის (15-20.06.2020) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენა:

1. 2020 წლის I კვარტალში რეალური მშპ 2,2%-ით გაიზარდა
2. საქართველოს ტურიზმის პერსპექტივები
3. ევროპული ბიზნესასოციაციის რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას და TOP-გამოწვევები
4. 2020 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასმა თვეში 1 202.7 ლარი შეადგინა
5. მთავრობა სათამაშო ბიზნესს მაკონტროლებელს უნიშნავს
6. BMG-ის მიმოხილვა: რა უჯდებათ ბანკებს დირექტორთა საბჭოს ხელფასები?
7. ახალი კანონპროექტი - ხელფასების სუბსიდირება
8. საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა
9. 200-ლარიანი კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე გაფართოვდა
10. IDFI - საჯარო ინფორმაციის გამჭვირვალობის რეიტინგი

1. 2020 წლის I კვარტალში რეალური მშპ 2,2%-ით გაიზარდა

2020 წლის I კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 2.2% შეადგინა. ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (13.5%), ხელოვნება, გართობა და დასვენება (16.2%), დამამუშავებელი მრეწველობა (5.7%), მშენებლობა (6.7%), განათლება (7.5%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (4.2%), ტრანსპორტი და დასაწყობება (4.7%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (7.6%), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (1.6%). კლება დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-13.1%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (-6.1%), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-6.6%).
ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატია: https://bit.ly/3fJmUa2  

2. საქართველოს ტურიზმის პერსპექტივები

COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული სასაზღვრო შეზღუდვების შედეგად, მაისში საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა რეკორდულად 95%-ით შემცირდა და მხოლოდ 36,015 შეადგინა, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 97%-ით შემცირდა და 9.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

საერთაშორისო ტურიზმი 1 ივლისიდან იხსნება, ხოლო 15 ივნისიდან უკვე ადგილობრივი ტურიზმისთვის შეზღუდვები მოიხსნა, თუმცა თერმოსქრინინგი, დისტანცირება და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სხვა რეკომენდაციებით მოუწევთ ტურისტულ კომპანიებს ხელმძღვანელობა ( https://bit.ly/3fGoXf6 ). აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ქვეყნის შიგნით განხორციელებულ ტურიზმში 127.2 მლნ ლარი დახარჯა, სადაც ყველაზე დიდი წილით გამოირჩეოდა საყიდლების, ტრანსპორტისა და საკვები-სასმელების ჯგუფი. ვიზიტების უმრავლესობა თბილისის მიმართულებით იყო განხორციელებული, ხოლო ვიზიტების მიზანი კი, ნახევარზე მეტ შემთხვევაში მეგობრებისა და ნათესავების მონახულება იყო. ( https://bit.ly/2ATm7oc

რაც შეეხება საერთაშორისო ტურიზმს, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით უცხოელი ტურისტების მიღების წესები ჯანდაცვის სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციებზე დაყრდნობით შემუშავდა, ხოლო შემოდგომიდან დროული დიაგნოსტიკისათვის მოხდება10 000 ტესტის ჩატარება დღიურად. ისრაელში ეპიდემიოლოგიური აფეთქების გამო კი, ისრაელი-საქართველოს ტურისტული მიმოსვლის აღდგენაზე მოლაპარაკებები ივლისის ბოლომდე გადაიდო.
Galt&Taggart-ის ახალ კვლევის - „ტურიზმის გამოწვევები 2020 წლის II ნახევარში“ თანახმად, შიდა ტურიზმს დაეხმარება ის ფაქტი, რომ ქართველების საზღვარგარეთ მოგზაურობა შეზღუდული იქნება. რაც შეეხება საერთაშორისო ტურიზმს, კვლევის თანახმად, ,,საქართველოს ტურისტულ ბუშტში ქვეყანათა მხოლოდ მცირე რაოდენობა მოხვდება, რადგან საქართველოს ძირითადად მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები სტუმრობენ და იქ ახლა ეპიდსიტუაცია სახარბიელო არაა“.

Galt&Taggart-ის კვლევაში შეფასდა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ტურიზმის მხარდაჭერის პროგრამა და აღინიშნა, რომ საქართველომ თითქმის იგივე მხარდაჭერის ღონისძიებები გაატარა, რაც სხვა ქვეყნებმა ( https://bit.ly/2zP9U3s  ; https://bit.ly/310Cwlp ; https://bit.ly/2Bq45dm ).
რაც შეეხება მარკეტინგის ხარჯებს, ტურიზმის მარკეტინგის ხარჯები 9 მლნ ლარით მცირდება და წლის ბოლომდე მარკეტინგული აქტივობებისთვის 22,6 მლნ ლარი იქნება გათვალისწინებული.
ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/37NOmAM ; https://bit.ly/3fKnDb7 ; https://bit.ly/2YlPqZD  

3. ევროპული ბიზნესასოციაციის რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას და TOP-გამოწვევები

ევროპული ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელის ჯონ ბრეკეველდტის შეფასებით, პანდემიასთან ბრძოლის ნაწილში საქართველოს მთავრობამ ძალიან ეფექტურად იმუშავა. გადაცემა „ანალიტიკასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მთავრობამ სწრაფად უნდა განახორციელოს ეკონომიკური და კარგი მმართველობისკენ მიმართული რეფორმები, ამ მხრივ გამოყოფს: მეტ ინფორმირებას, საგადასახადო დავების მოგვარებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, ბიუროკრატიულ საკითხებს. საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, კი სატენდერო სტანდარტების სრულყოფასა და სასამართლო სისტემის მოგვარებას მიიჩნევს. ასევე, პრობლემებს ხედავს საბაჟო და მუნიციპალურ სერვისებში. საბოლოოდ კი, საქართველოს სწრაფი და ფუნდამენტური ეკონომიკური რეფორმებისკენ მოუწოდებს. ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2YSVbgu ; https://bit.ly/3hJXevP  

4. 2020 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასმა თვეში 1 202.7 ლარი შეადგინა

2020 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 110.0 ლარით გაიზარდა და 1 202.7 ლარი შეადგინა.

საქმიანობების სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში 2 596.4 ლარი, ხოლო ყველაზე დაბალი სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაში - 652,3 ლარი. 2020 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 960.4 ლარით, ხოლო კაცების - 1 423.9 ლარით განისაზღვრა, ამასთან საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. ვრცლად იხილეთ: https://bit.ly/2YhEb4g  

5. მთავრობა სათამაშო ბიზნესს მაკონტროლებელს უნიშნავს

ფინანსთა სამინისტრომ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მოამზადა, ცვლილებები მრავალმხრივი იქნება: ჩნდება ახალი ცნება - აზარტული და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელი. პირებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ განახორციელონ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მიწოდება, 100 000 ლარის ოდენობით მოსაკრებლის გადახდა მოუწევთ. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დარღვევისთვის და ჯარიმა 2000 ლარი იქნება.  

ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური 15 წლის ვადით დაიქირავებენ კერძო საერთაშორისო კომპანიას, რომელსაც ექსკლუზივი ექნება სათამაშო ბიზნესის მონიტორინგზე. აღნიშნული კომპანიის მიზანი იქნება შეამოწმოს, რამდენად იქნება სათმაშო ბიზნესის ქმედებები კანონთან შესაბამისობაში. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელის რომან კაკულიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად რჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცისთვის და რაღაცისთვის იქმნება ეს პროექტი. სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ ბერუაშვილის განცხადებით აღნიშნულ კანონპროექტზე ფინანსთა სამინისტროს არანაირი კონსულტაციები არ გაუმართავს ბიზნესთან.
ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2Bp9ZLF ; https://bit.ly/2Ng32PJ

6. BMG-ის მიმოხილვა: რა უჯდებათ ბანკებს დირექტორთა საბჭოს ხელფასები?

როგორც სტატიაშია განხილული, ,,ქართულმა ბანკებმა 2019 წლის განმავლობაში დირექტორთა საბჭოს ხელფასებზე ჯამურად 97 მილიონი ლარი დახარჯეს. ამ თანხის უდიდესი ნაწილი ქვეყნის ორი უმსხვილესი ბანკის დირექტორთა საბჭოს ხელფასებზე მოდის და ის არა უშუალოდ ფულადი სახით, არამედ გადავადებული აქციების სახით არის გაცემული.’’ სტატიაში განხილულია შემდეგი ბანკების დირექტორთა საბჭოს ანაზღაურებები: თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, ლიბერთი ბანკი ვითიბი ბანკი, ბაზისბანკი, ტერაბანკი, კრედო ბანკი, პაშა ბანკი საქართველო, ხალიკ ბანკი საქართველო, ქართუ ბანკის, ფინკა ბანკი და პროკრედიტ ბანკი.
ვრცლად კვლევის შესახებ იხილეთ: https://bit.ly/2YlnlSo  


7. ახალი კანონპროექტი - ხელფასების სუბსიდირება

“ქართული ოცნების” წევრთა მიერ მომზადდა კანონპროექტი - “დასაქმების ხელშეწყობის შესახებ”, რომლის მიხედვითაც მოხდება ხელფასების სუბსიდირება და რომელიც შეეხებათ მხოლოდ კონკრეტული კატეგორიის პირებს: დევნილის სტატუსის მქონე ადამიანებს, სოციალურად დაუცველებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს. კომპანიები, რომლებიც ამ პირებს საკუთარ შტატში აიყვანენ და დაასაქმებენ, ამ პირების ხელფასის სარგოს 50%-ის სუბსიდიას მიიღებენ, რასაც დამატებით დასაქმებულს გადაუხდიან. სუბსიდირების გათვალისწინებით შრომითი ხელშეკრულება დაიდება არანაკლებ 9 თვის ვადით, ხოლო დასაქმებულებს სუბსიდია მიეცემათ არაუმეტეს 3 თვისა.
ვრცლად აღნიშნული კანონპროექტის შესახებ: https://bit.ly/37Kldq6  

8. საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა

2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4 205.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.8%-ით ნაკლებია. ექსპორტი შემცირდა 16,2%-ით და 1 235.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 17,0%-ით შემცირდა და 2 970.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

2020 წლის იანვარ-მაისში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები იყვნენ: ჩინეთი (168.4 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (167.4 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (157.1 მლნ. აშშ დოლარი). ხოლო უმსხვილესი საიმპორტო სამეული შემდეგია: თურქეთი (478.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (336.9 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (274.7 მლნ. აშშ დოლარი).
აღანიშნავია, რომ ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში გვხვდება. ჩინეთში საქონლის ექსპორტი მიმდინარე წლის 5 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოთან შედარებით 71%-ით გაიზარდა და 168.4 მლნ დოლარი შეადგინა, უმსხვილეს საექსპორტო პროდუქტებს კი წარმოადგენს: სპილენძის მადნები; ძვირფასი ლითონები და მადნები; ყურძნის ნატურალური ღვინოები.
ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2YhbYe6 ; https://bit.ly/2YRsa4R ; https://bit.ly/3eo4bRo  


9. 200-ლარიანი კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე გაფართოვდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით უმუშევრობის კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე გაფართოვდა. კომპენსაციას ასევე მიიღებენ პირები, რომლებიც ეწეოდნენ დაქირავებით საქმიანობას 2019 წლის ივლისი-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ უწყვეტ სამ თვეს და 2020 წლის 1 ივლისამდე დამქირავებლისგან არ მიუღიათ ხელფასი. ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით მოხდება 2 თვის მონაცემების დეტალური ანალიზი, მაშინ როდესაც ივნისში კომპანიები სრულყოფილად წარმოადგენენ ინფორმაციას დაქირავებით დასაქმებულების შესახებ.
„კომპენსაციის გაცემის ხელისშემშლელ გარემოებად აღარ განიხილება ხელფასი, რომელიც 10 ლარს არ უნდა აღემატებოდეს“. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ პირს 10 ლარზე მეტი ხელფასი დაერიცხა, მთავრობისგან კომპენსაციას ვერ მიიღებს.
ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/37P5syj ; https://bit.ly/2V1lT5y ; https://bit.ly/2YTsW1c  

10. IDFI - საჯარო ინფორმაციის გამჭვირვალობის რეიტინგი

IDFI-მ საქართველოს საჯარო დაწესებულებებში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკა მიმოიხილა. კვლევის თანახმად ყველაზე მაღალი შედეგები საქართველოს პარლამენტმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო (100%). ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ყველაზე დაბალი მაჩვენებლები აქვთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (38%) და საგარეო საქმეთა სამინისტროს (40%).

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წელს გაერთიანების შემდეგ შექმნილ ახალ ვებგვერდზე აღარ გამოუქვეყნებია სავალდებულოდ განსაზღვრული ფინანსური და სხვა ტიპის ინფორმაციის უმრავლესობა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს ერთ-ერთ იშვიათ გამონაკლისს, რომელიც საჯარო ინფორმაციის გვერდზე დოკუმენტაციას აქვეყნებს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობასთან ანგარიშვალდებული 16 უწყების ვებ-გვერდის მონიტორინგის შედეგებს, ყველაზე მაღალი შედეგი სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მიიღო (95%), ხოლო ყველაზე დაბალი - ბიზნესომბუდსმენის აპარატმა.
ვცრცლად კვლევის შედეგების შესახებ: https://bit.ly/2V34rh3 ; https://bit.ly/312Rjfl