მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის სავალუტო მიმოხილვა: ლარი გამყარდა, სხვები - უფრო მეტად

6370ff033ea72
ეგნატე შამუგია
14.11.22 08:00
2681
ნოემბრის მეორე სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 2.709 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 2.734-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.92%-იანი გამყარებაა, რაც მიმდინარე წლის 44-ე სავაჭრო კვირას 1.44%-ით იყო გამყარებული. ამ ფონზე, წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 12.27%-ითაა გამყარებული. აგვისტოში გაუფასურებამ 6.22% შეადგინა, ხოლო სექტემბერში ლარის კურსი 2.25%-ით იყო გამყარებული. ოქტომბერში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის გამყარება 3.93%-ს აღწევდა.
 
ნოემბრის მეორე სავაჭრო კვირას სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტებიდან უმეტესობა ლარზე მეტი ნიშნულით გამყარდა. თუმცა, ორი ვალუტა მცირედით გაუფასურდა. გასულ კვირას სომხური დრამი, დოლართან მიმართებით, 0.22%-ით გაუფასურდა, ხოლო ამავე პერიოდში 0.06%-ით თურქული ლირა გაუფასურდა. ნოემბრის მეორე კვირას შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მეტით იაპონური იენი გამყარდა. კვირის მანძილზე იენის ნომინალური გაცვლითი კურსი 5.33%-ით გაუფასურდა. იაპონური იენის შემდეგ მაღალი გამყარებით ბრიტანული სტერლინგი და ევრო გამყარდა. გასულ კვირას ბრიტანული სტერლინგის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 3.81%-ით გამყარდა, ხოლო ევროს გამყარებამ 3.77% შეადგინა. ამ პერიოდში ჩინური იენის ნომინალური გაცვლითი კურსი 1.22%-ითაა გამყარებული, ხოლო რუსული რუბლი 1.98%-ით.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 04.11 – 11.11 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნული ბანკი ბაზარზე დიდი ხნით თავს იკავებდა. მიმდინარე წელს პირველი ინტერვენცია 09 მარტს განახორციელა. კერძოდ, სავალუტო ბაზარზე 50.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 39.6 მლნ დოლარი გაიყიდა. სებ-ის ხანგრძლივი თავშეკავება მაისის ბოლო სავაჭრო კვირის სამშაბათს დაირღვა, როცა ბაზარზე 10.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. აგვისტოს პირველ სავაჭრო კვირას ასეთი ინტერვენცია ორი იყო. ჯერ კიდევ ორშაბათს ეროვნულმა ბანკმა აუქციონის საშუალებით 10.0 მლნ დოლარი იყიდა, ხოლო პარასკევს ორჯერ უფრო მეტი - 20.0 მლნ დოლარი. აგვისტოს მეორე სავაჭრო კვირის ოთხშაბათს ეროვნულმა ბანკმა აუქციონის საშუალებით კვლავ 40.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. უკვე მომდევნო კვირას ტრადიციული სავალუტო აუქციონების გზით სებ-ის ინტერვენციების მიმართულება შეიცვალა და ბაზარზე 20.0 მლნ დოლარი გასაყიდად გამოიტანა, მაგრამ მხოლოდ 8.3 მლნ დოლარი გაიყიდა. მორიგი ასეთი ინტერვენცია სებ-ის მიერ 31 აგვისტოს განხორციელდა, სადაც ამჯერად გაორმაგებული მოცულობით, ბაზარზე 40.0 მლნ დოლარი გაიტანა, სადაც 32.3 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ტრადიციული ინსტრუმენტით - აუქციონის საშუალებით სებ-ის ბოლო ინტერვენცია 20 სექტემბერს იყო, როცა ბაზარზე გასაყიდად 20.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, მაგრამ მხოლოდ 13.6 მლნ დოლარი გაიყიდა.

გარდა ამისა, ცენტრალური ბანკის ბაზარზე აქტიურად ერევე Bmatch-ს საშუალებით, მაგრამ აღნიშნულზე ინფორმაცია პროაქტიულად და სრულყოფილად ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. ბოლო მონაცემებით, აგვისტოში სებ-ის მიერ აუქციონის გარეშე წმინდა შესყიდვებმა 63.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაგრამ უცნობია, ამ პერიოდში რამდენი გაყიდა და რამდენი იყიდა. სექტემბერში ასეთი 42.7 მლნ აშშ დოლარი იყო.

ფიგურა 2: 07.11 – 11.11-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

ოქტომბრის მესამე სავაჭრო კვირას მაღალი მერყეობით ლარი გამოირჩეოდა. მეოთხე კვირას ასეთ პოზიციას ბრიტანული სტერლინგი იკავებდა, რასაც ნოემბრის პირველ სავაჭრო კვირასაც ინარჩუნებს. ნოემბრის პირველ კვირას ბრიტანული სტერლინგის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 1.28%-ით იხრებოდა, რაც წინა კვირას 1.26% იყო. აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის ბოლო სავაჭრო კვირას მაღალი მერყეობის ფონზე სტერლინგი გამყარდა, ხოლო ნოემბრის პირველ სავაჭრო კვირას გაუფასურდა.

ნოემბრის მეორე სავაჭრო კვირას ბრიტანული სტერლინგის მერყეობის ტენდენცია შენარჩუნდა. გასულ კვირას სტერლინგის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 1.58% -ით მერყეობდა. ბრიტანული სტერლინგის შემდეგ მაღალი, 1.41%-ით მერყეობით ევრო გამოირჩეოდა, რაც წინა კვირას 0.62% იყო. თუმცა, ნოემბრის მეორე სავაჭრო კვირას ყველაზე მეტად მერყევი ვალუტა იაპონური იენი იყო, რადგან კვირის მანძილზე ამ უკანასკნელის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 2.50%-ით იხრებოდა, რაც წინა კვირას 0.66% იყო. რაც შეეხება დაბალ მერყეობას, ასეთი რამ დრამს ახასიათებდა. კვირის მანძილზე სომხური ვალუტის მერყეობა მხოლოდ 0.12% იყო. ამ პერიოდში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.35%-ით მერყეობდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 04.11/11.11(%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

ოქტომბრის მესამე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი გარდა რუსული რუბლისა, ყველა ვალუტასთან გამყარებული იყო. ოქტომბრის ბოლო სავაჭრო კვირას ლარის გაცვლითი კურსი ყველა შერჩეულ ვალუტასთან გაუფასურდა. ამ პერიოდში ლარის ნომინალური კურსის საშუალო გაუფასურება 1.70% იყო. თუმცა, ნოემბრის პირველ სავაჭრო კვირას მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა, რადგან ლარი ყველა შერჩეულ ვალუტასთან გამყარებული იყო. უკვე მეორე სავაჭრო კვირას მდგომარეობა შეიცვალა. ლარი ხუთ ვალუტასთან გაუფასურებულია, ხოლო დანარჩენ ხუთთან კი - გამყარებული. ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოდ 0.83% გამყარდა, მაგრამ გაუფასურების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 3.16%-ია.

ნოემბრის მეორე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველაზე მეტით, 5.17% იაპონურ იენთან მიმართებით გაუფასურდა. თუმცა, წლის დასაწყისიდან დღემდე იენთან მიმართებით ლარი 27.28%-ით არის გამყარებული. იაპონური ვალუტის შემდეგ მაღალი, 3.99%-იანი ნიშნულით ლარი ევროსთან მიმართებით გაუფასურდა, ხოლო ამ პერიოდში ბრიტანულ სტერლინგთან გაუფასურებამ 3.71% შეადგინა. მიუხედავად გასულ კვირის გაუფასურებისა, წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი 20.24% და 23.51%-ებითაა გამყარებული. ნოემბრის მესამე სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი რუსულ რუბლთან მიმართებით 2.14%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირას 1.95%-ით იყო გამყარებული.

რაც შეეხება გამყარებას, გასულ კვირას ლარი ყველაზე მეტით სომხურ დრამთან მიმართებით გამყარდა. კვირის მანძილზე ლარი სომხურ ვალუტასთან 1.06%-ით გამყარდა, რაც წინა კვირას 1.13% იყო. მიუხედავად ამისა, წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარი სომხურ დრამთან 6.78%-ით მაინც გაუფასურებულია. თავად დრამის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 17.77%-ით გამყარებულია. ამავე პერიოდში ლარი უკრაინულ გრივნასთან 35.00%-ით გამყარებულია, რამაც გასულ კვირას 0.88% შეადგინა. ნოემბრის მეორე სავაჭრო კვირას ლარი აზერბაიჯანულ მანათთან 0.87%-ით გამყარდა, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 11.84%-ია.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. ნოემბრის მეორე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური კურსი შერჩეულ ვალუტებიდან ხუთთან გამყარდა, ხოლო ხუთთან გაუფასურდა. თუმცა, გაუფასურების ნიშნული უფრო მაღალი იყო, რაც საბოლოოდ ინდექსი გაუფასურებაში აისახა. გამყარდა. გასულ კვირას აღნიშნული ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 0.95%%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირას 1.70%-ით იყო გამყარებული. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 22.87 %-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 33.12%-ია.

ნოემბრის მეორე სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 161.6-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.35%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით სტაბილურობას ასახავს, რადგან წლის 44-ე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის მერყეობა 0.75% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება (გაუფასურება) აისახება იმპორტირებული საქონლისა და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში (მატებაში).

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 32.21%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 35.16% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის 45-ე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გაუფასურება, ამავე პერიოდის იმპორტის კლებაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება ძვირდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტიორი ქვეყნებისთვის საქონელი და მომსახურებას იაფდება.