19.დეკემბერი .2022 08:00

ლარი გამყარებას განაგრძობს - სავალუტო მიმოხილვა (09.12 – 16.12)

ლარი გამყარებას განაგრძობს - სავალუტო მიმოხილვა (09.12 – 16.12)
views 1833
უკან

დეკემბრის მეორე სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 2.661 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 2.674-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.48%-იანი გამყარებაა, რაც მიმდინარე წლის 49-ე სავაჭრო კვირას მხოლოდ 0.90% იყო. ამ ფონზე, წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით 13.82%-ითაა გამყარებული. სექტემბერში ლარის კურსი 2.25%-ით იყო გამყარებული, ხოლო ოქტომბერში კი - 2.16%-ით. გასულ თვეს ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 1.79%-ით გამყარდა.
 
გასულ კვირას გარდა ლარისა, სავაჭრო კალათის მიხედვით დეკემბრის ვალუტებიდან კიდევ ორი გამყარდა. დეკემბრის მეორე კვირას ევროს ნომინალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 0.43%-ით გამყარდა, ხოლო ამავე პერიოდში სომხური დრამის გამყარებამ 0.29% შეადგინა. წლის დასაწყისიდან დღემდე, ეს უკანასკნელი შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მეტით, 18.23%-ითაა გამყარებული, ხოლო ამ პერიოდში ევროს ნომინალური გაცვლითი კურსი 6.71%-ით არის გაუფასურებული. რაც შეეხება გასული კვირის გაუფასურებულ ვალუტებს, ამ კუთხით რუსული რუბლი გამოირჩევა. დეკემბრის მეორე სავაჭრო კვირას რუბლი ნომინალური გაცვლითი კურსი 3.59%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირას 1.16% იყო. მიუხედავად ამისა, წლის დასაწყისიდან დღემდე, რუბლის გაცვლითი კურსი 13.16%-ით არის გამყარებული.

სხვა ვალუტებიდან, შედარებით მაღალი ნიშნულით ბრიტანული სტერლინგია გაუფასურებული. დეკემბრის მეორე სავაჭრო კვირას სტერლინგის ნომინალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 0.91%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირას 0.14% იყო. წლის დასაწყისიდან დღემდე, ბრიტანული ვალუტის ნომინალური გაცვლითი კურსი 10.97%-ითა გაუფასურებული. ამ პერიოდში უკრაინული გრივნა 35.32%-ით არის გაუფასურებული, რაც გასულ კვირას 0.39% იყო.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 09.12 – 16.12 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე დიდი ხნით თავს იკავებდა. მიმდინარე წელს პირველი ინტერვენცია 09 მარტს განახორციელა. კერძოდ, სავალუტო ბაზარზე 50.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 39.6 მლნ დოლარი გაიყიდა. სებ-ის ხანგრძლივი თავშეკავება მაისის ბოლო სავაჭრო კვირის სამშაბათს დაირღვა, როცა ბაზარზე 10.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. აგვისტოს პირველ სავაჭრო კვირას ასეთი ინტერვენცია ორი იყო. ჯერ კიდევ ორშაბათს ეროვნულმა ბანკმა აუქციონის საშუალებით 10.0 მლნ დოლარი იყიდა, ხოლო პარასკევს ორჯერ უფრო მეტი - 20.0 მლნ დოლარი. აგვისტოს მეორე სავაჭრო კვირის ოთხშაბათს ეროვნულმა ბანკმა აუქციონის საშუალებით კვლავ 40.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. უკვე მომდევნო კვირას ტრადიციული სავალუტო აუქციონების გზით სებ-ის ინტერვენციების მიმართულება შეიცვალა და ბაზარზე 20.0 მლნ დოლარი გასაყიდად გამოიტანა, მაგრამ მხოლოდ 8.3 მლნ დოლარი გაიყიდა. მორიგი ასეთი ინტერვენცია სებ-ის მიერ 31 აგვისტოს განხორციელდა, სადაც ამჯერად გაორმაგებული მოცულობით, ბაზარზე 40.0 მლნ დოლარი გაიტანა, სადაც 32.3 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ტრადიციული ინსტრუმენტით - აუქციონის საშუალებით სებ-ის ბოლო ინტერვენცია 20 სექტემბერს იყო, როცა ბაზარზე გასაყიდად 20.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, მაგრამ მხოლოდ 13.6 მლნ დოლარი გაიყიდა.

გარდა ამისა, ცენტრალური ბანკის ბაზარზე აქტიურად ერევე Bmatch-ს საშუალებით, მაგრამ აღნიშნულზე ინფორმაცია პროაქტიულად და სრულყოფილად ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. ბოლო მონაცემებით, აგვისტოში სებ-ის მიერ აუქციონის გარეშე წმინდა შესყიდვებმა 63.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაგრამ უცნობია ამ პერიოდში რამდენი გაყიდა და რამდენი იყიდა. სექტემბერში ასეთი 42.7 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო ოქტომბერში კი - 99.4 მლნ აშშ დოლარი.

ფიგურა 2: 12.12 – 16.12-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

დეკემბრის პირველ სავაჭრო კვირას სავაჭრო კალათი მიხედვით შერჩეულ ვალუტების მერყეობა შედარებით დაბალი იყო, ვიდრე ნოემბერ-დეკემბრის საზიარო კვირას. მათ შორის, შედარებით დაბალი მერყეობა ბრიტანულ სტერლინგსაც ახასიათებდა, რომელიც ნოემბრის პერიოდში მაღალი მერყეობით გამოირჩეოდა. თუმცა, გასულ კვირას რიგ ვალუტების შემთხვევაში მერყეობა გაზრდილია. დეკემბრის მეორე სავაჭრო კვირას ყველაზე მეტით, 1.45%-ით რუსული რუბლი მერყეობდა, რაც წინა კვირას 0.55% იყო. ამ პერიოდში სტერლინგის მერყეობა 0.40% იყო, მაგრამ გასული კვირის მანძილზე ბრიტანული ვალუტის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.97%-ით იხრებოდა. რაც შეეხება მეორე ევროპულ ვალუტას -ევროს, აღნიშნულის მერყეობა 0.55%-ს შეადგენდა. გასულ კვირას კიდევ ერთი მაღალი მერყეობით გამორჩეული იაპონური იენი იყო, რომლის მერყეობა 0.80% იყო. კვირის მანძილზე დაბალი, 0.04%-ით უკრაინული გრივნა მერყეობდა, ხოლო ლარის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.22%-ით იხრებოდა. წინა კვირას აღნიშნული მაჩვენებელი 0.29% იყო.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 09.12/16.12(%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

ნოემბრის მესამე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი უმეტეს შერჩეულ ვალუტასთან გაუფასურებული იყო, ხოლო მეოთხე კვირას კი - უმეტესთან გამყარებული. ასეთივე მდგომარეობა იყო ნოემბერ-დეკემბრის საზიარო სავაჭრო კვირას, რადგან ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი უმეტეს ვალუტასთან გამყარებული იყო. დეკემბრის პირველ სავაჭრო კვირის მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად შეცვლილია. წინა კვირას ლარი გარდა ჩინური იუანისა, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ სხვა დანარჩენ ვალუტებთან გამყარდა. გასულ კვირასაც ასეთი სურათია, რადგან გარდა ევროსი, ლარი ყველა შერჩეულ ვალუტასთან გამყარდა.

დეკემბრის მეორე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი ყველაზე მეტით რუსულ რუბლთან გამყარდა. თუ წინა კვირას რუბლთან მიმართებით ლარი 1.16%-ით იყო გამყარებული, გასულ კვირას ეს მაჩვენებელი 3.82%-ია. ლარი ამ პერიოდში სხვა დანარჩენ ვალუტებთან მიმართებით საშუალო 0.68%-ით არის გამყარებული. კვირის მანძილზე ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი იაპონურ იენთან 1.25%-ით გამყარდა, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე, 27.52%-ია. ამ პერიოდში სტერლინგთან მიმართებით ლარი 22.20%-ით გამყარდა, რაც გასულ კვირას 1.09% იყო. მეორე ევროპულ ვალუტასთან კი გაუფასურდა. დეკემბრის მეორე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ევროსთან 0.14% იყო. თუმცა, წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარი ამ უკანასკნელთან 19.00%-ით არის გამყარებული.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. დეკემბერს მეორე სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, გარდა ევროსი, ყველა შერჩეულ ვალუტასთან გამყარდა, აღნიშნული ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსის გამყარებაზე აისახა. გასულ კვირას ინდექსი 0.87%-ით გამყარდა, რაც წინა კვირას 0.86%-ით გაუფასურებული იყო. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 25.23%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 20.53%-ია.

დეკემბრის მეორე სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 163.3-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.30%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით უცვლელია, რადგან წლის 49-ე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის მერყეობა ამდენივე იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება (გაუფასურება) აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში (მატებაში).

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 22.47%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 23.44% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის 50-ე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გამყარება ამავე პერიოდის იმპორტის ზრდაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება იაფდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტიორი ქვეყნებისთვის საქონელი და მომსახურებას ძვირდება.