„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებლის შეფასებით, ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება მონეტარული პოლიტიკის შერბილებას უკავშირდება.
როგორც გიორგი კეპულაძემ BMG-ის განუცხადა, ერთადერთი ფაქტორი, რასაც შესაძლოა, ბოლო პერიოდში ლარის მერყეობა გამოეწვია, რეფინანსირების განაკვეთის კლების ფონზე, ბაზრის მონაწილეების მხრიდან დანაზოგების უცხოურ ვალუტაში გადატანაა.
„ამ ეტაპზე ერთადერთი მიზეზი, რასაც შესაძლოა, ლარის გაუფასურება გამოეწვია, რეფინანსირების განაკვეთის კლებაა. მონეტარული პოლიტიკის შერბილება რამდენიმე თვეა დაიწყო და მათ, ვისაც დანაზოგები ეროვნულ ვალუტაში ჰქონდათ, დეპოზიტები უცხოურ ვალუტაში გადაიტანეს. შესაძლოა, ამან გაზარდა უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა და მიზეზი, რის გამოც მცირედით გაუფასურდა ლარი, სწორედ რეფინანსირების განაკვეთის შემცირებაა. გარდა იმ პოზიტიური ფაქტორებისა, რაც რეფინანსირების განაკვეთის კლებას ახასიათებს, არის მეორე ფაქტორიც. როდესაც ლარის დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები მცირდება, კომპანიებს და ბაზრის მონაწილეებს ურჩევნიათ, რომ დანაზოგები უცხოურ ვალუტაში გადაიტანონ. რაც შეეხება სავალუტო შემოდინებებს, მიუხედავად იმისა, რომ მიგრაციის ეფექტი მცირდება და ფულადი გზავნილებიც მნიშვნელოვნად იკლებს, სხვა შემოდინებები მაინც სტაბილურია. ამიტომ ამ მხრივ, ლარზე ნაკლები გავლენაა. რაც შეეხება მოლოდინებს, საარჩევნო წელია და ყველა ეცდება, რომ სტაბილური ლარი შეინარჩუნოს, რადგან მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი სწორედ ლარის კურსია“, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.
ცნობისთვის, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში 5 თეთრის ფარგლებში გაუფასურდა. ამ დროისთვის ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,7106 ლარია, ხოლო ერთი ევროს ღირებულება 2,9383 ლარი.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 13 მარტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 0.75 პროცენტული პუნქტით, 8.25%-მდე შემცირდა.