მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (06.08 – 13.08)

61196010989b9
ეგნატე შამუგია
16.08.21 08:00
1692
გასულ კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.119 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.100-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.61%-იანი გაუფასურებაა. აღსანიშნავია, რომ დოლართან მიმართებით, ლარის გაცვლითი კურსი წინა კვირას 0.32%-ით იყო გამყარებული მაშინ, როცა სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ყველა სხვა ვალუტა გაუფასურებული იყო. ივლისის ბოლო კვირას კი ლარის გაცვლითი კურსი 0.85%-ით იყო გაუფასურებული, რაც წინა პერიოდში მკვეთრად მყარდებოდა. მთლიანად ივლისის მანძილზე ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 1.44%-ით გამყარდა, რაც ივნისში 2.77% იყო. წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 5.28%-ითაა გამყარებული, რაც სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტებიდან, უკრაინული გრივნა და სომხური დრამის შემდეგ, ყველაზე მაღალია.
 
აგვისტოს მეორე სავაჭრო კვირას შერჩეული ვალუტებიდან მხოლოდ თურქული ლირა, უკრაინული გრივნა და ჩინური იუანი გამყარდა. დანარჩენი ვალუტები კი გაუფასურებულია. თუმცა, მათ შორის, ყველაზე მეტით სწორედ ლარია გაუფასურებული. ლარის შემდეგ კი, მაღალი გაუფასურებით რუსული რუბლი გამოირჩევა. გასულ კვირას, დოლართან მიმართებით, რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.34%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირას 0.08%-ით იყო გაუფასურებული. მიმდინარე თვეს რუბლის გაუფასურება 0.64%-ს აღწევს, მაგრამ წლის დასაწყისიდან დღემდე რუსული ვალუტა, დოლართან მიმართებით, 0.74%-ითა გამყარებული. აგვისტოს მეორე სავაჭრო კვირას ბრიტანული სტერლინგი 0.33%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირას 0.21% იყო. წლის დასაწყისიდან დღემდე კი, ბრიტანული ვალუტა 1.15%-ითაა გამყარებული. ამავე პერიოდში, საქართველოს მეზობელი და უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის - სომხეთის ეროვნული ვალუტა 5.41%-ითაა გამყარებული, რომელიც გასულ კვირას 0.27%-ით გაუფასურდა. წლის დასაწყისიდან დღემდე, შერჩეული ვალუტებიდან ყველაზე მეტით უკრაინული გრივნაა გამყარებული. კერძოდ, დოლართან მიმართებით, გრივნის ნომინალური გაცვლითი კურსი 5.91%-ითაა გამყარებული. უკრაინული ვალუტა გასულ კვირასაც გამყარდა. აგვისტოს მეორე სავაჭრო კვირას გრივნის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.48%-ით გამყარდა. ამაზე გაცილებით მეტით თურქული ლირაა გამყარებული. გასულ კვირას თურქეთის ეროვნული ვალუტა, დოლართან მიმართებით, 1.03%-ით გამყარდა, რაც წინა კვირას ყველაზე მეტით, 2.10%-ით იყო გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან დღემდე, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ათი ვალუტიდან ლირა ყველაზე მეტად გაუფასურებულია. კერძოდ, პირველი იანვრიდან დღემდე, ლირის ნომინალური გაცვლითი კურსის გაუფასურება 14.81%-ს შეადგენს.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 06.08 – 13.08 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ 2020 წლის მარტში დაწყებული პოლიტიკის მიმდინარე წელსაც გაგრძელება დაანონსა, მაგრამ იანვარ - მარტში სულ ოთხი ინტერვენცია განახორციელა, რითაც ბაზარზე 160.0 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, რაც შედარებით თავშეკავებული პოლიტიკა იყო. ეს კი აპრილში შეიცვალა, რადგან 15-დღიან ინტერვალში ზედიზედ ორი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა. კერძოდ, აპრილის დასაწყისში ბაზარზე გასაყიდად 40.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 27.5 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა და მეორე კი - აპრილის მეორე კვირის ხუთშაბათს, კვლავ 40.0 მლნ აშშ დოლარი, მაგრამ მხოლოდ 25.4 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. სებ-მა ბოლო ინტერვენცია აპრილის მეორე კვირას, 30.0 მლნ აშშ დოლარის მოცულობით განახორციელა. აღნიშნული პერიოდის შემდეგ სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ ყოფილა.

საერთო ჯამში, მიმდინარე წელს სებ-ის მიერ ბაზარზე, ექვსი ინტერვენციით 242.9 მლნ აშშ დოლარია გაყიდული, რაც გასულ წელს 873.2 მლნ აშშ დოლარი იყო [სულ 26 ინტერვენცია]. 2020 წელს სებ-მა ბაზარზე ინტერვენცია მარტიდან დაიწყო, რაც წინა წლის სავალუტო პოლიტიკისგან განსხვავებული იყო, რადგან 2019 წელს სებ-მა ბაზარზე 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 09.08 – 13.08-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

გასულ კვირას, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.61%-ით გაუფასურების ფონზე ყოველდღიური კურის ნიშნული საშუალოსთან მიმართებით 0.30%-ით იხრებოდა. ეს კი, წინა კვირასთან შედარებით, აგვისტოს მეორე სავაჭრო კვირას გაცვლითი კურის შედარებით არასტაბილურობაზე მიუთითებს. წინა კვირას კურსი მერყეობა 0.22%-ს შეადგენდა, რაც ივლისის ბოლო ორი კვირა გაცილებთ მაღალი, 0.49% და 0.44%-ები იყო. გასულ კვირას ლარი არამხოლოდ წინა პერიოდთან, არამედ სხვა ვალუტებთან მიმართებითაც შედარებით არასტაბილურია, გარდა თურქული ლირისა. აგვისტოს მეორე სავაჭრო კვირას, 1.03%-ით გამყარების ფონზე, ლირის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.56%-ით იხრებოდა. წინა კვირას კი ლირა გაცილებით არასტაბილური იყო, რადგან 2.10%-იანი გაუფასურების პირობებში 1.27%-იანი მერყეობით გამოირჩეოდა. ამდენად, ბოლო ორი კვირა თურქული ვალუტა მაღალი მერყეობით გამოირჩევა.

გასულ კვირას გაცილებით სტაბილური ჩინური იუანი, ევრო, და იაპონური იენი იყო. აგვისტოს მეორე სავაჭრო კვირას ევრო 0.22%-ით გაუფასურდა, მაგრამ ყველაზე სტაბილური ვალუტა იყო, რადგან ყოველდღიური კურის საშუალოსთან მიმართებით მხოლოდ 0.06%-ით იხრებოდა. ეს მაჩვენებელი აგვისტოს პირველ სავაჭრო კვირას 0.37%-ს შეადგენდა. ამ პერიოდში, ჩინური ვალუტის მერყეობა ყველაზე დაბალი, 0.14% იყო, რაც გასულ კვირას მხოლოდ 0.05%-ია. ამდენად, შერჩეული ვალუტებიდან ჩინური იუანი რიგით მეორე კვირაა სტაბილურობით გამოირჩევა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 06.08/13.08 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებთან მიმართებით ივნისის თვეში ცვალებადი ტენდენციით ხასიათდებოდა. ამ თვის პირველ სავაჭრო კვირას საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი ყველა შერჩეულ ვალუტასთან მიმართებით გამყარებული იყო, როცა მეორე სავაჭრო კვირას სურათი რადიკალურად განსხვავდებოდა, რადგან ლარის გაცვლითი კურსი ყველა ვალუტასთან მიმართ გაუფასურდა. თუმცა, ივნის-ივლისში ხუთი კვირის მანძილზე ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი გარდა ორი ვალუტისა, ყველასთან მიმართებით მყარდებოდა. ივლისის მეორე სავაჭრო კვირა ლარი მხოლოდ იაპონურ იენთან, 0.93%-ით იყო გაუფასურებული. ივლისის მესამე სავაჭრო კვირას კი ლარი მხოლოდ თურქულ ლირასთან მიმართებით, 0.97%-ით იყო გაუფასურებული. ივლისის მეოთხე კვირას კი, ლარის საშუალო შეწონილი კურსი დრამთან და რუბლთან მიმართებით გაუფასურდა. ამ უკანასკნელის შემთხვევაში გაუფასურების ნიშნული მხოლოდ 0.01% იყო. ამავე პერიოდში ლარის გაცვლითი კურსი დრამთან 1.68%-ით იყო გაუფასურებული. თავად დრამი კი, დოლართან მიმართებით, შერჩეული ვალუტებიდან ყველაზე მეტით, 2.14%-ით გამყარდა.

ივლისის ბოლო კვირას მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა, რადგან ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველა შერჩეულ ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა. ამ პერიოდში ყველაზე მეტით ბრიტანულ სტერლინგთან, ხოლო ყველაზე ნაკლებით სომხურ დრამთან იყო გაუფასურებული. ეს ტენდენცია კი წინა კვირას შეიცვალა და წინა პერიოდის დაუბრუნდა. თუკი, ივლისის ბოლო სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველა ვალუტასთან მიმართებით გაუფასურებული იყო, აგვისტოს პირველ სავაჭრო კვირას ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარდა. ყველაზე მეტით თურქულ ლირა და სომხურ დრამთან მიმართებით. მაგრამ, გასულ კვირა მდგომარეობა კვლავ შეიცვალა. აგვისტოს მეორე სავაჭრო კვირას, გარდა ბრიტანული სტერლინგის, ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი შერჩეულ ვალუტებთან მიმართებით გაუფასურდა. გასულ კვირას, ლარის შეწონილი ნომინალური კურის ბრიტანულ ვალუტასთან მიმართ მხოლოდ 0.05%-ით გამყარდა. კვირის მანძილზე ლარი ყველაზე მეტით, 1.39%-ით გამყარდა. თავად ლირა კი, დოლართან მიმართებით, 1.03%-ითაა გამყარებული. წინა კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური კურსი თურქულ ვალუტასთან მიმართებით, ყველაზე მეტით, 2.88%-ით იყო გამყარებული. აგვისტოს მეორე სავაჭრო კვირას ლარის კურსი ლირის შემდეგ ყველაზე მეტით უკრაინულ გრივნასთან 1.31%-ითაა გაუფასურებული.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. გასულ კვირას, შერჩეულ ვალუტებთან მიმართებით, ლარის ნომინალური კურსის ტენდენციის ცვლილება ეფექტურ კურსზეც აისახა. თუკი, აგვისტოს პირველ სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსი 1.51%-ით გამყარდა, ეს მაჩვენებელი გასულ კვირას 0.70%-ით გაუფასურდა. ივლისის ბოლო სავაჭრო კვირას კი, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურის 1.51%-ით იყო გაუფასურებული.

გასულ სავაჭრო კვირას ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 118.3-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.37%-ს შეადგენდა. ეს კი, ეფექტური ნომინალური კურსის გაუფასურების მიუხედავად, წინა პერიოდთან შედარებით სტაბილურობას მიუთითებს, რადგან აგვისტოს პირველ სავაჭრო კვირას ეს მაჩვენებელი 0.50% იყო, ხოლო ივლისის ბოლო სავაჭრო კვირას მერყეობა 0.91%-ს შეადგენდა. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ამასთან, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 1.03%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 1.10% იყო გამყარებული. საბოლოოდ, გასულ კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის გაუფასურება, ამ პერიოდში ექსპორტის ზრდაზე დადებითად აისახება, ხოლო იმპორტზე კი, პირიქით.