მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (16.04 – 23.04)

6086686a2d6d5
ეგნატე შამუგია
26.04.21 11:02
1178
გასულ კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.450 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.430-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.58%-იანი გაუფასურებაა. აღსანიშნავია, რომ წინა კვირას დოლართან მიმართებით ლარის კურსი 0.26%-ით იყო გაუფასურებული, ხოლო აპრილის პირველ სავაჭრო კვირას - 0.04%-ით. ამდენად, ლარი ზედიზედ მერვე სავაჭრო კვირაა, უფასურდება. წლის დასაწყისიდან დღემდე კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 4.77%-ითაა გაუფასურებული, რაც მარტის თვეში 3.05%-ს აღწევდა, აპრილის დასაწყისიდან დღემდე კი - 0.73%. წლის დასაწყისიდან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის გაუფასურების ნიშნული, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ათი ძირითადი ვალუტიდან, თურქული ლირის შემდეგ მეორეა. პირველი იანვრიდან დღემდე თურქეთის ეროვნული ვალუტა, დოლართან მიმართებით, ყველაზე მეტით, 12.26%-ითაა გაუფასურებული, რაც მხოლოდ მარტის თვეში 13.20% იყო. რაც შეეხება მიმდინარე პერიოდს, აპრილის მეორე სავაჭრო კვირის მანძილზე ლირის 1.74%-იანი გამყარების შემდეგ, გასულ კვირას აღნიშნული ვალუტა, შერჩეულთაგან ყველაზე მეტით, 3.56%-ით გაუფასურდა. თავის მხრივ, თურქული ლირა ბოლო წლები არასტაბილურობით გამორჩევა, მაგრამ მარტის ბოლოდან მოყოლებული ამ უკანასკნელის მასშტაბური გაუფასურება თურქეთის ცენტრალური ბანკის მმართველის მოულოდნელ ცვლილებას უკავშირდება, სადაც ლირისადმი დაბალი ნდობა გამოვლინდა. განვითარებული მოვლენების შემდეგ, ლირის მფლობელებმა, მასობრივად, მათ ხელთ არსებული ფულის უცხო ან კრიპტოვალუტაში კონვერტაცია დაიწყეს. ამის საპასუხოდ კი თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა წინა კვირის ბოლოს კრიპტოვალუტით გადახდა შეზღუდა, რომელიც ძალაში აპრილის ბოლოდან შევა.
 
საქართველოს კიდევ ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის - რუსეთის ეროვნული ვალუტა წინა კვირის 2.10%-იანი გამყარების შემდეგ, აპრილის მესამე სავაჭრო კვირასაც კვლავ ყველაზე მაღალი ნიშნულით, 1.12%-ით გამყარდა. მიმდინარე თვეს რუბლი დოლართან მიმართებით 1.71%-ითაა გამყარებული, თუმცა წლის დასაწყისიდან დღემდე, რუსეთი ეროვნული ვალუტა 1.14%-ითაა გაუფასურებული, რაც საქართველოს სამეზობლოდან ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია. ამავე პერიოდში, სომხეთის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით არა თუ გაუფასურებული, არამედ 0.15%-ით გამყარებულია, ხოლო მიმდინარე თვეს დრამის ნომინალური გაცვლითი კურსის გამყარება 1.89%-ს აღწევს. რაც შეეხება გასულ კვირას, აპრილის მესამე სავაჭრო კვირას სომხური დრამი დოლართან მიმართებით 0.13%-ით გამყარდა, რაც წინა კვირას 1.35%-ს შეადგენდა. წლის დასაწყისიდან დაწყებული გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა უკრაინის შემთხვევაში, სადაც დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის ნომინალური გაცვლითი კურსი 1.47%-ითაა გამყარებული, მაგრამ მიმდინარე თვეს 0.21%-იანი გაუფასურებაა. გასულ კვირას უკრაინული გრივნის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.29%-ით გამყარდა.

რაც შეეხება სხვა ვალუტებს, გასულ კვირას შერჩეული ათი ვალუტიდან მხოლოდ თურქული ლირა და ქართული ლარი გაუფასურდა, სხვა დანარჩენი გამყარდა. რუსული რუბლის შემდეგ, გამყარების მაღალი ნიშნულით იაპონური იენი გამოირჩეოდა, რომელიც აპრილის მესამე სავაჭრო კვირას 0.86%-ითაა გამყარებული. იაპონიის ეროვნული ვალუტა, დოლართან მიმართებით, წლის დასაწყისიდან დღემდე 4.52%-ითაა გაუფასურებული, მაგრამ მარტ-აპრილში მკვეთრი გამყარების ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, მარტში იენის გაცვლითი კურსი 13.93%-ით გამყარდა, რაც მიმდინარე თვეს 2.50%-ია. იენის მსგავსად, მიმდინარე თვეს მსოფლიოს ნომერ პირველი ექსპორტიორი ეკონომიკის - ჩინეთის ვალუტაც მყარდება. მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე ჩინური იუანი, დოლართან მიმართებით, 0.51%-ითაა გამყარებული, რაც გასულ კვირას 0.41%-ით გამყარდა. გარდა აღნიშული ვალუტებისა, აპრილის მესამე კვირას დოლართან მიმართებით ბრიტანული გირვანქა სტერლინგი (0.24%) და ევროც (0.43%) გამყარდა.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 16.04 – 23.04 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ 2020 წლის მარტში დაწყებული პოლიტიკის მიმდინარე წელსაც გაგრძელება დააანონსა, მაგრამ იანვარ-მარტში სულ ოთხი ინტერვენცია განახორციელა, რითაც ბაზარზე 160.0 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, რაც შედარებით თავშეკავებული პოლიტიკა იყო. ეს კი აპრილში შეიცვალა, რადგან 15-დღიან ინტერვალში ზედიზედ ორი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა. კერძოდ, აპრილის დასაწყისში ბაზარზე გასაყიდად 40.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 27.5 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა და მეორე კი - გასული კვირის ხუთშაბათს, კვლავ 40.0 მლნ აშშ დოლარი, მაგრამ მხოლოდ 25.4 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ეროვნულ ბანკს არც გასულ კვირას შეუკავებია თავი, თუმცა განსხვავებით წინა პერიოდებისაგან, აპრილის მესამე სავაჭრო კვირას 30.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, რაც სრულად გაიყიდა.

საერთო ჯამში, მიმდინარე წელს სებ-ის მიერ ბაზარზე, ექვსი ინტერვენციით 242.9 მლნ აშშ დოლარია გაყიდული, რაც გასულ წელს 873.2 მლნ აშშ დოლარი იყო [სულ 26 ინტერვენცია]. 2020 წელს სებ-მა ბაზარზე ინტერვენცია მარტიდან დაიწყო, რაც წინა წლის სავალუტო პოლიტიკისგან განსხვავებული იყო, რადგან 2019 წელს სებ-მა ბაზარზე 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 19.04 - 23.04-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

წინა კვირასთან შედარებით, აპრილის მესამე სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი შედარებით სტაბილური იყო. თუკი აპრილის მეორე სავაჭრო კვირას საშუალოსთან მიმართებით ყოველდღიური კურსი 0.35%-ით მერყეობდა, გასულ კვირას ეს მაჩვენებელი 0.18%-ია. ამდენად, გაუფასურების მიუხედავად ლარი შედარებით სტაბილურობას ინარჩუნებდა. გარდა ლარისა, გასულ კვირას დაბალი მერყეობით ევრო (0.07%), ჩინური იუანი (0.13%) და იაპონური იენიც (0.11%) გამოირჩეოდა. მსგავს ვერ ვიტყვით ორი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის ვალუტის გაცვლითი კურსის შესახებ. აპრილის მესამე სავაჭრო კვირას თურქული ლირა ყველაზე მეტით გაუფასურების ფონზე ყველაზე მეტად მერყევი იყო. კერძოდ, საშუალოსთან მიმართებით კურსის მერყეობამ 1.42% შეადგინა. ამ პერიოდში 1.15%-იანი მერყეობით რუბლიც გამოირჩეოდა, მაგრამ განსხვავებით თურქული ლირისაგან, რუსეთის ეროვნული ვალუტის მაღალი მერყეობა 1.12%-იანი გამყარების ფონზე იყო.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 16.04/23.04 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

თუკი წინა კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი ყველა ვალუტასთან მიმართებით გაუფასურებული იყო, მდგომარეობა არსებითად არც გასულ კვირას შეცვლილა. აპრილის მესამე სავაჭრო კვირას შერჩეული ვალუტებიდან ლარი მხოლოდ თურქულ ლირასთან მიმართებით გამყარდა, რომელიც, თავის მხრივ, ამავე პერიოდში დოლართან მიმართებით 3.56%-ითაა გაუფასურებული. გასულ კვირას თურქეთის ეროვნული ვალუტა ლართან მიმართებით 3.19%-ით გაუფასურდა. თავად ლარი კი ყველაზე მეტით რუსულ რუბლთან, 1.33%-ითაა გაუფასურებული. წინა კვირას კი ეს მაჩვენებელი 2.15%-ს აღწევდა. ამავე პერიოდში, დრამის შემდეგ, ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველზე მეტით ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (2.29%) და აზერბაიჯანულ მანათთან (1.97%) მიმართებით იყო გაუფასურებული. თუმცა, აპრილის მესამე სავაჭრო კვირას აღნიშნულ ვალუტებთან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსი 0.91% და 0.30%-ებითაა გაუფასურებული. გარდა რუბლისა, ლარის კურსი მაღალი ნიშნულით, 1.10%-ითაა გაუფასურებული იაპონურ იენთან მიმართებით, ხოლო სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტებიდან ყველაზე ნაკლებით სომხურ დრამთან მიმართებით. თუკი აპრილის მეორე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი დრამთან მიმართებით 3.66% იყო გაუფასურებული, გასულ კვირას ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0.10%-ია. თავის მხრივ, აპრილის მესამე სავაჭრო კვირას სომხური დრამი, დოლართან მიმართებით, 0.13%-ით გამყარდა.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივი ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. თუკი აპრილის მეორე სავაჭრო კვირას ეფექტური გაცვლითი კურსი 1.28%-ით იყო გაუფასურებული, გასულ კვირას ეფექტური ნომინალური კურსი თითქმის უცვლელი იყო, რადგან მხოლოდ 0.01%-ით გამყარდა. მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას ლარის ნომინალური კურსი თურქული ლირის გარდა ყველა ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა, ეს არ ასახულა ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებაზე, რადგან ამ პერიოდში თურქულ ლირასთან მიმართებით 3.19%-იანმა გამყარებამ სხვა ვალუტებთან გაუფასურება დააბალანსა. აღნიშნული კი საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში თურქეთის წილს უკავშირდება. კერძოდ, თურქეთი საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო ქვეყანაა, რომელსაც მიმდინარე წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით მთლიანი იმპორტის 17.6% უჭირავს. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან გასული კვირის ბოლომდე ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურის 2.66%-ითაა გაუფასურებული.

აპრილის მესამე სავაჭრო კვირას ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 107.6-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.15%-ს შეადგენდა. წინა კვირას კი, საშუალოსთან მიმართებით ეფექტური კურსის ინდექსის მერყეობა 0.58%-ს აღწევდა. ეს კი ამ უკანასკნელის წინა პერიოდთან შედარებით მეტად სტაბილურობაზე მიუთითებს. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ამასთან, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 7.94%-ითაა გაუფასურებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 7.69% იყო.