მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (02.04 – 09.04)

607176b8cfe19
ეგნატე შამუგია
12.04.21 08:00
1161
გასულ კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.421 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.420-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის მცირედი, 0.04%-იანი გაუფასურებაა. აღსანიშნავია, რომ წინა კვირას დოლართან მიმართებით ლარის კურსი 1.45%-ით იყო გაუფასურებული, ხოლო მარტის ბოლო სავაჭრო კვირას კი - 1.20%-ით. ამდენად, ლარი ზედიზედ მეექვსე სავაჭრო კვირაა უფასურდება. წლის დასაწყისიდან დღემდე კი, დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 3.89%-ითაა გაუფასურებული, რაც მარტის თვეში 3.05%-ს აღწევდა. თუკი წინა კვირას ლარი ნომინალური გაცვლითი კურსის გაუფასურების ნიშნულით სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის „ლიდერი“ იყო. აპრილის პირველ სავაჭრო კვირას ამ პოზიციას რუსული რუბლი იკავებს, რომელიც დოლართან მიმართებით 1.29%-ით გაუფასურდა. მარტი-აპრილის საზიარო კვირას კი რუსული რუბლი 0.86%-ით იყო გაუფასურებული, რომელიც ადრეული ორი სავაჭრო კვირა ზედიზედ გაუფასურდა. კერძოდ, მარტის მეოთხე სავაჭრო კვირას რუბლი გაუფასურება 2.47%-ს აღწევდა, ხოლო მესამე კვირას კი - 1.13%-იან ნიშნულზე იყო. ამდენად, რუბლიც ზედიზედ მეოთხე კვირაა დოლართან მიმართებით უფასურდება, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 4.41%-ია, ხოლო მარტის თვეში კი 1.87%-ს შეადგენს. გარდა რუბლისა, გასულ კვირას დოლართან მიმართებით ბრიტანული სტერლინგის ნომინალური გაცვლითი კურსიც გაუფასურდა. აღნიშნულ პერიოდში სტერლინგის გაუფასურებამ 0.93% შეადგინა.
 
რაც შეეხება სხვა ვალუტებს, დანარჩენი დოლართან მიმართებით გამყარდა. გასულ კვირას გამყარების ნიშნულით ევრო (1.25%), იაპონური იენი (0.96%) და სომხური დრამი (0.82%) გამოირჩეოდა. ამ უკანასკნელის შემთხვევაში კი, გასული კვირის ვაჭრობის შედეგები გაუმჯობესებული ტენდენციაა, რადგან წინა კვირას დრამი დოლართან მიმართ გაუფასურებული იყო. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე სომხეთის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით, შედარებით ნაკლებით, 1.35%-ითაა გაუფასურებული, ხოლო მარტის თვეში კი გაუფასურება 0.63%-ია. ამდენად, საქართველოს ძირითადი სავაჭრო და სამეზობლოს ვალუტებთან შედარებით დრამი შედარებით მყარად გამოიყურება. საქართველს კიდევ ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის (განსაკუთრებით იმპორტის მხრივ) თურქეთის ეროვნული ვალუტა გასულ კვირას მცირედით, 0.03%-ით გამყარდა, რაც წინა კვირას 0.14%-ს აღწევდა. შეიძლება ითქვას, რომ ლირის ნომინალური გაცვლითი კურსის ასეთი მდგომარეობა არსებითად გაუმჯობესებაა, რადგან რამდენიმე კვირის წინ თურქეთის ცენტრალური ბანკის მმართველის მოულოდნელი ცვლილების შემდეგ ლირა მასშტაბურად და მყისიერად გაუფასურდა, რამაც თურქეთის ეკონომიკაში ეროვნული ვალუტისადმი დაბალი ნდობა გამოავლინა. იანვრის დასაწყისიდან დღემდე კი თურქული ლირა დოლართან მიმართებით 9.74%-ითაა გაუფასურებული, რომელიც მარტის თვეში გაუფასურებას უკავშირდება, რადგან აღნიშნულ პერიოდში გაუფასურების მაჩვენებელი 13.20%-ს აღწევდა. მარტის თვეში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებიდან უკრაინული გრივნა, პირიქით, 0.44%-ით გამყარებულია, რომელიც გასულ კვირასაც გამყარდა. კერძოდ, აპრილის პირველ სავაჭრო კვირას დოლართან მიმართებით უკრაინის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.38%-ით გამყარდა.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 02.04 – 09.04 (%)

წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ 2020 წლის მარტში დაწყებული პოლიტიკის მიმდინარე წელსაც გაგრძელება დაანონსა, მაგრამ წინა კვირამდე სებ-ს მხოლოდ სამი ინტერვენცია ჰქონდა განხორციელებული. ოთხკვირიანი თავშეკავებული პოლიტიკის შემდეგ, რიგით მეოთხე სავალუტო აუქციონი მარტის მეოთხე სავაჭრო კვირას გაიმართა, სადაც ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე ტრადიციულად 40.0 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. არც წინა კვირა ყოფილა სავალუტო ინტერვენციის გარეშე, რადგან მარტი-აპრილის საზიარო კვირის ხუთშაბათს, სებ-მა სავალუტო აუქციონზე ტრადიციულად 40.0 მლნ აშშ დოლარი გაიტანა, მაგრამ მხოლოდ 27.5 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ლარის გაცვლითი კურსი უფასურდებოდა. განსხვავებით წინა კვირისა, აპრილის პირველ სავაჭრო კვირას სებ-ის მიერ ბაზარზე სავალუტო ინტერვენცია არ ყოფილა.

საერთო ჯამში, მიმდინარე წელს სებ-ის მიერ ბაზარზე, ხუთი ინტერვენციით 187.5 მლნ აშშ დოლარია გაყიდული, რაც გასულ წელს 873.2 მლნ აშშ დოლარი იყო [სულ 26 ინტერვენცია]. 2020 წელს სებ-მა ბაზარზე ინტერვენცია მარტიდან დაიწყო, რაც წინა წლის სავალუტო პოლიტიკისგან განსხვავებული იყო, რადგან 2019 წელს სებ-მა ბაზარზე 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 05.04 - 09.04-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

თუკი წინა კვირა ლარი არამხოლოდ ყველაზე მაღალი გაუფასურებით, არამედ ყველაზე დიდი მერყეობითაც გამოირჩეოდა, გასულ კვირას გაცვლითი კურსის მერყეობა ადრეული პერიოდის ნიშნულებს დაუბრუნდა. აპრილის პირველი სავაჭრო კვირის მანძილზე საშუალოსთან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურის 0.20%-ით იხრებოდა, რაც მარტი-აპრილის საზიარო სავაჭრო კვირას 5.46%-ს აღწევდა. წინა კვირას ლარის კურსის მერყეობის მაჩვენებელი ბოლო პერიოდის ანტირეკორდი იყო არამხოლოდ საკუთარ თავთან მიმართებით, არამედ შერჩეული სხვა ვალუტების მერყეობის ნიშნულებიდან გამომდინარეც.

საერთო ჯამში კი, გასულ კვირას, წინა პერიოდთან შედარებით, ყველა შერჩეული ვალუტის მერყეობა უფრო ნაკლები იყო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ აპრილის პირველ სავაჭრო კვირას სომხური დრამი 0.82%-იანი გამყარების ფონზე ყველაზე მეტად, 0.58%-იანი მერყეობით გამოირჩეოდა. რუბლი კი გაუფასურების ფონზე საშუალოსთან მიმართებით 0.50%-ით იხრებოდა. მსგავსად ლარისა, თურქული ლირაც წინა კვირისგან განსხვავებით სტაბილური იყო. თუკი, მარტი-აპრილი საზიარო კვირას ლირის გაცვლითი კურსის მერყეობა 1.19%-ს შეადგენდა, ეს მაჩვენებელი აპრილის პირველ სავაჭრო კვირას 0.24%-ია.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 02.04/09.04 (%)

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

მარტი-აპრილის საზიარო სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური შეწონილი გაცვლითი კურსი ყველა ვალუტასთან მიმართ გაუფასურებული იყო. მათ შორის, ყველაზე მეტით ბრიტანულ სტერლინგთან (2.29%) და აზერბაიჯანულ მანათთან (1.97%). თუმცა, გასულ კვირას მდგომარეობა შეიცვალა და შერჩეული ვალუტებიდან ლარი მხოლოდ იაპონურ იენთან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. აპრილის პირველ სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური შეწონილი კურსი იენთან მიმართებით 0.64%-ითაა გაუფასურებული, ხოლო ევროსთან კი - 0.49%-ით. აღსანიშნავია, რომ შეწონილი კურსი დოლართან 0.24%-ითაა გამყარებული, მაგრამ ფიგურა1-ში ასახულია ბოლო სავაჭრო დღის დასასრულს დაფიქსირებული მაჩვენებელი. შესაბამისად, განსხვავება ამითაა გამოწვეული.

გამყარების მხრივ, ლარის ნომინალური შეწონილი კურსი ყველაზე მეტით თურქულ ლირასთან გამყარდა. გასულ კვირას ლირის გაცვლითი კურსი ლართან მიმართებით 1.66%-ითაა გაუფასურებული, რაც აღნიშნულ პერიოდში დოლართან მიმართებით მცირედით, 0.03%-ითაა გამყარებული. თურქეთის ეროვნული ვალუტის გარდა ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი რუბლთან და დრამთანაც მაღალი ნიშნულითაა გამყარებული. აპრილის პირველ სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური შეწონილი კურსი რუსულ რუბლთან 1.44%-ით გამყარდა. თავად რუბლი კი, გასულ კვირას დოლართან მიმართებით ყველაზე მეტით, 1.29%-ით გაუფასურებული ვალუტაა. რაც შეეხება სომხეთის ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით, აქ ლარის შეწონილი კურსი 1.29%-იანი გამყარებით ხასიათდება. წინა კვირას კი ლარი დრამთან მიმართებით 1.15%-ით იყო გაუფასურებული.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. თუკი მარტი-აპრილის საზიარო სავაჭრო კვირას ეფექტური გაცვლითი კურსი 1.67%-ით იყო გაუფასურებული, გასულ კვირას ეფექტური ნომინალური კურსი 0.50%-ით გამყარდა. აღნიშნული კი აპრილის პირველ სავაჭრო კვირას ლარის გაცვლითი კურსის ლირა, რუბლი და დრამთან შედარებით მაღლი ნიშნულით გამყარების შედეგია, რადგან თურქეთი, რუსეთი და სომხეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან გასული კვირის ბოლომდე ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურის 1.38%-ითაა გაუფასურებული.

აპრილის პირველ სავაჭრო კვირას ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 109.4-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.22%-ს შეადგენდა. წინა კვირას კი, საშუალოსთან მიმართებით ეფექტური კურსის ინდექსის მერყეობა 0.81%-ს აღწევდა. ეს კი ამ უკანასკნელის წინა პერიოდთან შედარებით სტაბილურობაზე მიუთითებს. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ამასთან, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 5.89%-ითაა გაუფასურებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 4.54% იყო. ამდენად, აპრილის პირველ კვირას ნომინალური ეფექტური კურსის გამყარება იმპორტის ზრდაზე დადებითად აისახება და ექსპორტის მხრივ კი - პირიქით. იმპორტის ზრდაზე დადებითი გავლენა კი, ასეთ დროს, სხვა ქვეყნებიდან იმპორტის გაიაფებას უკავშირდება, ხოლო სხვა ქვეყნებისთვის საქართველოდან იმპორტი ი, პირიქით, ძვირდება.