მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (19.03– 26.03)

6060bfa200be5
ეგნატე შამუგია
29.03.21 08:00
1208
გასულ კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.371 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.331-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 1.20%-იანი გაუფასურებაა. აღსანიშნავია, რომ წინა კვირას დოლართან მიმართებით ლარის კურსი 0.35%-ით იყო გაუფასურებული, რაც ლარის ზედიზედ ოთხკვირიანი გაუფასურებას ასახავს. წლის დასაწყისიდან დღემდე, დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 2.37%-ითაა გაუფასურებული, რაც მიმდინარე თვეში 1.66%-ია. თუმცა, ამავე პერიოდში თურქული ლირა უფრო მეტით გაუფასურდა. კერძოდ, გასულ კვირას ლირის ნომინალური გაცვლითი კურსის გაუფასურებამ 12.32%-ს მიაღწია, რაც მარტის მესამე სავაჭრო კვირას 4.52%-ით იყო გამყარებული. გასული კვირის მასშტაბური გაუფასურების შემდეგ, წლის დასაწყისიდან დღემდე ლირის ნომინალური კურსი 8.97%-ითაა გაუფასურებული. გასულ კვირას ამ უკანასკნელის დრამატული გაუფასურება კი თურქეთში განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, პრეზიდენტ ერდოღანი მიერ მოულოდნელად ცენტრალური ბანკის მმართველის გათავისუფლებას და ბანკის ხელმძღვანელად ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკის მხარდამჭერის დანიშვნას უკავშირდება, რამაც სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის პანიკური მოთხოვნა განაპირობა.
 
მარტის მეოთხე სავაჭრო კვირას გარდა ლირა და ლარისა, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ყველა ვალუტა დოლართან მიმართებით გაუფასურდა. საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი რუსეთი ეროვნული ვალუტა ლარზე უფრო მეტი ნიშნულით. კერძოდ, გასულ კვირას რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 2.47%-ითაა გაუფასურებული, რაც წინა კვირას 1.13%-ს აღწევდა. წლის დასაწყისიდან დღემდე რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 2.56%-ითაა გაუფასურებული, რაც ამავე პერიოდში ლარის გაუფასურებას 0.19 პ.პ. -ით აღემატება. იანვრიდან დღემდე შედარებით ნაკლებით, 1.48%-ითაა საქართველოს კიდევ ერთი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის - სომხეთის ეროვნული ვალუტა გაუფასურებული, სადაც მსგავსად საქართველოსი პოლიტიკური არასტაბილურობა მაღალ დონეზეა. გასულ კვირა კი სომხური დრამი დოლართან მიმართებით 0.42%-ით იყო გაუფასურებული. რაც შეეხება უკრაინულ გრივნას, მარტის მეოთხე სავაჭრო კვირას დოლართან მიმართებით გრივნა 0.94%-ით გაუფასურდა. ამ პერიოდში, დოლართან მიმართებით, ამავე ნიშნულითაა ევროც გაუფასურებული.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 19.03 – 26.03 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ 2020 წლის მარტში დაწყებული პოლიტიკის მიმდინარე წელსაც გაგრძელება დაანონსა, მაგრამ გასულ კვირამდე სებ-ს მხოლოდ სამი ინტერვენცია ჰქონდა განხორციელებული. ოთხკვირიანი თავშეკავებული პოლიტიკის შემდეგ, რიგით მეოთხე სავალუტო აუქციონი მარტის მეოთხე სავაჭრო კვირას გაიმართა, სადაც ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე ტრადიციულად 40.0 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. საერთო ჯამში, მიმდინარე წელს სებ-ის მიერ ბაზარზე 160.0 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, რაც გასულ წელს 873.2 მლნ აშშ დოლარი იყო [სულ 26 ინტერვენცია]. 2020 წელს სებ-მა ბაზარზე ინტერვენცია მარტიდან დაიწყო, რაც წინა წლის სავალუტო პოლიტიკისგან განსხვავებული იყო, რადგან 2019 წელს სებ-მა ბაზარზე 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 22.03 - 26.03-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

მარტის მეოთხე სავაჭრო კვირას, წინა პერიოდისგან განსხვავებით ყველა შერჩეულ ვალუტას, გაუფასურებასთან ერთად უფრო დიდი მერყეობა ახასიათებდა. აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტად მერყევი თურქული ლირა იყო, რომლის გადახრა საშუალოსთან მიმართებით 1.37%-ს აღწევდა. ეს კი გაუფასურების მაღალ ნიშნულთან ერთად თურქული ლირის ისტორიულად მკვეთრ არასტაბილურობას ასახავს, რამაც რამდენიმე კვირის წინ ავტორიტეტული გამოცემა Financial Times -ის მიერ თურქეთის ეროვნული ვალუტისთვის განვითარებადი მსოფლიოს ვალუტების ლიდერად მოხსენიებას საფუძველია მოაცალა, რადგან გასულ კვირას ბაზარზე განვითარებულმა მოვლენებმა ამ უკანასკნელისადმი დაბალი ნდობა გამოავლინა.
გარდა თურქული ლირისა, გაუფასურების ფონზე მაღალი მერყეობით რუსული რუბლიც გამოირჩეოდა. სავაჭრო კვირის მანძილზე საშუალოსთან მიმართებით ნომინალური გაცვლითი კურსის მერყეობამ 0.95% შეადგინა, ხოლო შედარებით ნაკლები, 0.71%-იანი მერყეობა უკრაინულ გრივნას ახასიათებდა. აღნიშნულ პერიოდში ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით საშუალოდ 0.52%-ით იხრებოდა, რაც წინა კვირას 0.18%-ით მერყეობა, ხოლო ადრეულ პერიოდში გაცილებით დაბალი ნიშნულით. ამდენად, არამხოლოდ ლირა, არამედ საქართველოს საგარეო ვაჭრობის კალათის ძირითადი ვალუტები გაუფასურებასთან ერთად, წინა პერიოდებთან შედარებით, საკმაო არასტაბილურობით ხასიათდებოდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 19.03/26.03 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

წინა ორი კვირის მსგავსად, მარტის მეოთხე სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური შეწონილი გაცვლითი კურსი ორი ვალუტის გარდა სხვა დანარჩენთან მიმართებით გაუფასურდა. გასულ კვირას ლარი მხოლოდ თურქულ ლირასა და რუსულ რუბლთან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, მარტის მეოთხე სავაჭრო კვირას ლარის გაცვლითი კურის ლირასთან მიმართებით 8.73%-ითაა გამყარებული, ხოლო რუბლთან კი - 1.78%-ით. როგორც აღვნიშნეთ, აღნიშნული ვალუტები დოლართან მიმართებით ყველაზე მეტით გაუფასურებულია.

მეორე მხრივ, ლარის გაცვლითი კურსი გასულ კვირას ყველაზე მეტით აზერბაიჯანულ მანათთან მიმართებით გაუფასურდა. კერძოდ, მარტის მეოთხე კვირას აზერბაიჯანული მანათი ლართან მიმართებით 1.32%-ითაა გამყარებული. აქვე აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანში, განსხვავებით სხვა შერჩეული ვალუტებისა, დე ფაქტო ფიქსირებული გაცვლითი კურსის რეჟიმია. გარდა ამ უკანასკნელისა, ლარი მეორე მეზობელი ქვეყნის - სომხეთის ეროვნულ ვალუტასთან მიმართებითაც მაღალი ნიშნულით, 0.75%-ით გაუფასურდა, ხოლო წინა კვირას 0.45%-ით იყო გამყარებული. როგორც აღვნიშნეთ ლარი გასულ კვირას ყველა შერჩეულ ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა, მაგრამ შედარებით დაბალი ნიშნულით ევრო და ბრიტანულ სტერლინგთან მიმართებით. მარტის მეოთხე სავაჭრო კვირას ევროსთან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსი 0.22%-ით გაუფასურდა, რაც სტერლინგის შემთხვევაში 0.04%-ია.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. თუკი მარტის მესამე სავაჭრო კვირას ეფექტური გაცვლითი კურსი 0.92%-ით იყო გაუფასურებული, მარტის მეოთხე კვირას ეფექტური ნომინალური კურსი 1.45%-ით გამყარდა. მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას ლარის გაცვლითი კურსი ლირა და რუბლის გარდა ყველასთან გაუფასურდა, ამავე პერიოდში ნომინალური ეფექტური კურსის ადრეულ პერიოდებთან შედარებით მაღალი ნიშნულითაა გამყარებული, რაც ლარის ლირასთან მიმართებით 8.73%-იან და რუბლთან 1.78%-იანი გამყარებითაა გამოწვეული, რადგან რუსეთი და თურქეთის წილი საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაში 11.68% და 14.05%-ებია. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან გასული კვირის ბოლომდე ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურის 0.21%-ითაა გაუფასურებული. მარტის დასაწყისიდან დღემდე კი, პირიქით, ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსი 1.30%-ითაა გამყარებული.

მარტის მეოთხე სავაჭრო კვირას ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 109.1-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.29%-ს შეადგენდა. წინა კვირას კი, საშუალოსთან მიმართებით ეფექტური კურსის ინდექსის მერყეობა 0.21%-ს აღწევდა. ეს კი ამ უკანასკნელის წინა პერიოდთან შედარებით მეტ სტაბილურობაზე მიუთითებს. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ამასთან, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გასულ კვირას ნომინალური ეფექტური კურსის საშუალო მაჩვენებელი 1.56%-ითაა გამყარებულია, რაც წინა კვირის შემთხვევაში 6.64%-ით გაუფასურებული იყო. ამდენად, მარტის მეოთხე კვირას ნომინალური ეფექტური კურსის გამყარება იმპორტის ზრდაზე დადებითად აისახება და ექსპორტის მხრივ კი - პირიქით. კერძოდ, თურქეთის და რუსეთის შემთხვევაში იმპორტის ზრდაა მოსალოდნელი, ხოლო სხვა ქვეყნებთან მიმართებით კი ექსპორტის.