მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (26.03 – 02.04)

60699ce153278
ეგნატე შამუგია
05.04.21 08:00
1435
გასულ კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.420 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.371-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 1.45%-იანი გაუფასურებაა. აღსანიშნავია, რომ წინა კვირას დოლართან მიმართებით ლარის კურსი 1.20%-ით იყო გაუფასურებული, რაც ლარის ზედიზედ ხუთკვირიან გაუფასურებას ასახავს. წლის დასაწყისიდან დღემდე კი, დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 3.85%-ითაა გაუფასურებული, რაც მარტის თვეში 3.10%-ს აღწევდა. გასული კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის გაუფასურების ნიშნულით, ეს უკანასკნელი საქართველოს სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტებს შორის „ლიდერი“ იყო. აღნიშნულ პერიოდში ლარი ყველაზე მეტით გაუფასურდა, რომლის მიზეზებს გაუფასურების პარალელურად ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ხსნიდა. ქვეყანაში ვალუტის ემისიის მონოპოლისტი ინსტიტუტის ხელმძღვანელის კობა გვენეტაძის თქმით, ეროვნული ვალუტის მიმდინარე გაუფასურება სამეზობლოში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. კერძოდ, თურქეთის ცენტრალური ბანკის მმართველის მოულოდნელი ცვლილების შემდეგ ლირის მასშტაბურ გაუფასურებას. თუმცა, გასულ კვირას ლირა, ბრიტანულ სტერლინგთან ერთად (0.32%), შერჩეული ვალუტებიდან გამონაკლისი იყო, რადგან დოლართან მიმართებით 0.14%-ით გამყარდა. წლის დასაწყისიდან დღემდე თურქეთის ეროვნული ვალუტა 8.81%-ითაა გაუფასურებული, რაც მარტის თვეს უკავშირდება, რადგან ამ პერიოდში ლირის 13.20%-იანი გაუფასურებაა.
 
გარდა ლარისა, გასულ კვირას დოლართან მიმართებით სხვა ვალუტებიც გაუფასურდა. საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი რუსეთი ეროვნული ვალუტა ლარზე შედარებით ნაკლები, 0.86%-იანი ნიშნულით, რომელიც წინა ორი კვირა ზედიზედ, ლარზე უფრო მეტით იყო გაუფასურებული. კერძოდ, მარტის მეოთხე სავაჭრო კვირას რუბლი გაუფასურება 2.47%-ს აღწევდა, ხოლო მესამე კვირას კი - 1.13%-იან ნიშნულზე იყო. წლის დასაწყისიდან დღემდე რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 3.07%-ითაა გაუფასურებული, რაც ამავე პერიოდში ლარის გაუფასურების მაჩვენებელზე 0.78 პ.პ. -ით ნაკლებია. გასულ თვეს კი, დოლართან მიმართებით, რუსეთის ეროვნული ვალუტის ნომინალური გაცვლითი კურსის გაუფასურება 1.87%-ია. აღნიშნულ პერიოდში, გაცილებით ნაკლებითაა საქართველოს კიდევ ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის - სომხეთის ეროვნული ვალუტა გაუფასურებული. მარტის თვეში სომხური დრამი 0.63%-ით გაუფასურდა, ხოლო გასულ კვირას გაუფასურების ნიშნული 0.69% იყო. კიდევ უფრო ნაკლები კი უკრაინული გრივნის შემთხვევაში. მარტი-აპრილის საზიარო სავაჭრო კვირას გრივნას გაუფასურებამ 0.20% შეადგინა, რომელი ლარისა და სხვა ძირითადი სავაჭრო პარტნიორი პარტნიორი ქვეყნების ვალუტებისა, მარტში, პირიქით, დოლართან მიმართებით 0.44%-ითაა გამყარებული.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 26.03 – 02.04 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ 2020 წლის მარტში დაწყებული პოლიტიკის მიმდინარე წელსაც გაგრძელება დაანონსა, მაგრამ წინა კვირამდე სებ-ს მხოლოდ სამი ინტერვენცია ჰქონდა განხორციელებული. ოთხკვირიანი თავშეკავებული პოლიტიკის შემდეგ, რიგით მეოთხე სავალუტო აუქციონი მარტის მეოთხე სავაჭრო კვირას გაიმართა, სადაც ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე ტრადიციულად 40.0 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. არც გასულ კვირა ყოფილა სავალუტო ინტერვენციის გარეშე, რადგან გასული კვირის ხუთშაბათს, სებ-მა სავალუტო აუქციონზე ტრადიციულად 40.0 მლნ აშშ დოლარი გაიტანა, მაგრამ მხოლოდ 27.5 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ლარის გაცვლითი კურსი უფასურდებოდა.

საერთო ჯამში, მიმდინარე წელს სებ-ის მიერ ბაზარზე, ხუთი ინტერვენციით 187.5 მლნ აშშ დოლარია გაყიდული, რაც გასულ წელს 873.2 მლნ აშშ დოლარი იყო [სულ 26 ინტერვენცია]. 2020 წელს სებ-მა ბაზარზე ინტერვენცია მარტიდან დაიწყო, რაც წინა წლის სავალუტო პოლიტიკისგან განსხვავებული იყო, რადგან 2019 წელს სებ-მა ბაზარზე 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 29.03 - 02.04-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

გასული კვირა ლარისთვის არამხოლოდ ყველაზე მაღალი გაუფასურებით, არამედ ყველაზე დიდი მერყეობითაც გამოირჩეოდა. თუკი, ადრეულ პერიოდში ლარის ნომინალური გაცვლით კურსი, გაუფასურების მიუხედავად, ნაკლებად მერყეობდა, ეს ტენდენცია გასულ კვირას რადიკალურად შეიცვალა. ვინაიდან, მარტი-აპრილის საზიარო სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსგან 5.46%-ით იხრებოდა. ეს კი ბოლო პერიოდში ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის ანტირეკორდია არამხოლოდ საკუთარ თავთან მიმართებით, არამედ შერჩეული სხვა ვალუტების მერყეობის ნიშნულებიდან გამომდინარე. ამ პერიოდში გარდა ლარისა, წინა რამდენიმე კვირის მსგავსად შედარებით მაღალი მერყეობით თურქული ლირაც გამოირჩეოდა, რომელიც 0.14%-იანი გაუფასურების ფონზე საშუალოსგან 1.19%-ით იხრებოდა. მარტის მეოთხე სავაჭრო კვირას ლირის მერყეობა კი 1.37%-ს აღწევდა. რაც შეეხება რუბლს, გასულ კვირას რუსეთის ეროვნული ვალუტა 0.86%-იან გაუფასურებასთან ერთად 0.40%-იანი მერყეობით ხასიათდებოდა, რაც სომხური დრამის შემთხვევაში 0.23%-ია. ამდენად, საქართველოს მთავრი სავაჭრო ქვეყნების ეროვნული ვალუტები გაუფასურების კვალობაზე (გარდა ლირა) შედარებით მერყევიც იყო.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 26.03/02.04 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

თუკი მარტის მესამე და მეოთხე სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური შეწონილი გაცვლითი კურსი მინიმუმ ორ ვალუტასთან მიმართ მაინც იყო გამყარებული, გასულ კვირას კი ეს უკანასკნელი ყველა შერჩეულ ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა. აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტით ბრიტანულ სტერლინგთან 2.29%-ითაა გაუფასურებული, ხოლო სტერლინგის შემდეგ კი აზერბაიჯანულ მანათთან. გასულ კვირას ლარის ნომინალური შეწონილი გაცვლითი კურსი მანათთან მიმართებით 1.97%-ითაა გაუფასურებული, რაც წინა კვირას 1.32% იყო და მარტის მეოთხე სავაჭრო კვირას სწორედ მანათთან მიმართებაში იყო ლარი ყველაზე მეტით გაუფასურებული. აქვე აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანში, განსხვავებით სხვა შერჩეული ვალუტებისა, დე ფაქტო ფიქსირებული გაცვლითი კურსის რეჟიმია. რაც შეეხება მეორე მეზობელი ქვეყნის ვალუტასთან მიმართებით ლარის გაცვლით კურსს, გასულ კვირას სომხურ დრამთან ლარი 1.15%-ით გაუფასურდა, რაც, ლართან მიმართებით, დრამის ზედიზედ ორკვირიანი გამყარებაა, რადგან მარტის მეოთხე სავაჭრო კვირას ლარი დრამთან 0.75%-ით იყო გაუფასურებული. მარტი-აპრილის საზიარო სავაჭრო კვირას, ლარის ნომინალური საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი ლირასთან მიმართებით 1.74%-ით გაუფასურდა, ხოლო რუბლთან კი - 1.54%-ით, როცა თავად რუსული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.86%-ითაა გაუფასურებული.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. თუკი მარტის მეოთხე სავაჭრო კვირას ეფექტური გაცვლითი კურსი 1.45%-ით იყო გამყარებული, გასულ კვირას ეფექტური ნომინალური კურსი 1.67%-ით გაუფასურდა. აღნიშნული კი მარტი-აპრილის სავაჭრო კვირას ლარის გაცვლითი კურსის ყველა ვალუტასთან მიმართებით გაუფასურების შედეგია, რადგან ეს ქვეყნების საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან გასული კვირის ბოლომდე ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურის 1.88%-ითაა გაუფასურებული. გასულ თვეს კი, პირიქით, ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსი მცირედით, 0.02%-ითაა გამყარებული.

მარტი-აპრილის საზიარო სავაჭრო კვირას ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 109.3-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.81%-ს შეადგენდა. წინა კვირას კი, საშუალოსთან მიმართებით ეფექტური კურსის ინდექსის მერყეობა 0.29%-ს აღწევდა. ეს კი ამ უკანასკნელის წინა პერიოდთან შედარებით ნაკლებ სტაბილურობაზე მიუთითებს. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ამასთან, წინა წლის ანალოგიურ 4.54%-ითაა გაუფასურებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 1.56%-ით გამყარებული იყო. ამდენად, მარტი-აპრილის საზიარო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის გაუფასურება ექსპორტის ზრდაზე დადებითად აისახება და იმპორტის მხრივ კი - პირიქით.