მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (18.06 – 25.06)

60d8cab00a385
ეგნატე შამუგია
28.06.21 09:00
927
გასულ კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.143 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.165-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.70%-იანი გამყარებაა. აღსანიშნავია, რომ წინა კვირას დოლართან მიმართებით ლარის კურსი 0.47%-ით იყო გაუფასურებული. შესაბამისად, გასული ორი კვირის მანძილზე გაცვლითი კურსის გამყარებით, ლარმა მანამდე არსებული ზედიზედ ხუთკვირიანი მკვეთრი გამყარების ტენდენცია დაიბრუნა. წლის დასაწყისიდან დღემდე კი, დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 4.56%-ითაა გამყარებული, რაც მაისში თვეში 5.45%-ს აღწევდა და ივნისში კი - 3.10%-ს. ივნისის მეოთხე სავაჭრო კვირას გარდა ლარისა, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული სხვა ვალუტებიც გამყარდა. მათ შორის, სომხური დრამი. აღსანიშნავია, რომ წინა კვირას დრამი 0.80%-ით, ხოლო გასულ კვირას სომხური ვალუტა, დოლართან მიმართებით, ყველაზე მეტით, 2.88%-ით გამყარდა, რაც დრამის ზედიზედ ოთხკვირიანი გამყარებაა. შედეგად, მიმდინარე თვის დასაწყისიდან დღემდე დრამის გაცვლითი კურსი 4.12%-ითაა გამყარებული, რაც წლის დასაწყისიდან 4.29%-ია. მსგავსად დრამისა, საქართველოს კიდევ ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის, რუსეთის ეროვნული ვალუტაც გამყარდა. გასულ კვირას რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი 1.19%-ით გამყარდა. წლის დასაწყისიდან დღემდე რუბლის გაცვლითი კურსი 2.66%-ითაა გამყარებული, ხოლო მიმდინარე თვეს კი - 2.07%-ით.
 
თუკი ივნისის მესამე კვირას ბრიტანული სტერლინგი და ევრო 2.19% - 2.06%-ებით იყო გამყარებული. გასულ კვირას კი, ორივე ვალუტა გამყარდა. ივნისის მეოთხე კვირას სტერლინგი, დოლართან მიმართებით, 0.88%-ით გამყარდა, ხოლო ევრო კი - 0.61%-ით. წლის დასაწყისიდან დღემდე, ევროს ნომინალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით, 1.87%-ითაა გამყარებული მაშინ, როცა ევროს გაცვლითი კურსი ამ პერიოდში 2.33%-ითაა გაუფასურებული.

ივნისის მეოთხე სავაჭრო კვირას, შერჩეული სხვა ვალუტები გაუფასურდა. გასულ კვირას, ყველაზე მეტით იაპონური იენია გაუფასურებული. კერძოდ, დოლართან მიმართებით, იენის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.49%-ით გაუფასურდა, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 7.32%-იანი გაუფასურებით გამოირჩევა. ამავე პერიოდში, ყველაზე მაღალი ნიშნულით თურქული ლირაა გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან დღემდე, დოლართან მიმართებით, ლირის ნომინალური გაცვლითი კურსი 7.32%-ითაა გაუფასურებული. თურქეთის ეროვნული ვალუტა გასულ კვირასაც გაუფასურდა. ივნისის მეოთხე სავაჭრო კვირას აღნიშნულმა 0.34% შეადგინა, რაც წინა კვირას 3.84% იყო. ეს კი, ივნისის მესამე სავაჭრო კვირას გაუფასურების ყველაზე მაღალი ნიშნული იყო. ლირის შემდეგ, უკრაინული გრივნაა გაუფასურებული. წინა კვირის 1.11%-იანი გაუფასურების ფონზე, გასულ კვირას უკრაინის ეროვნული ვალუტა 0.22%-ით კვლავ გაუფასურდა. საერთო ჯამში, წინა კვირასთან შედარებით, გასულ კვირას შერჩეული ვალუტების ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით უკეთეს პოზიციებზე იყო.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 18.06 – 25.06 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ 2020 წლის მარტში დაწყებული პოლიტიკის მიმდინარე წელსაც გაგრძელება დაანონსა, მაგრამ იანვარ - მარტში სულ ოთხი ინტერვენცია განახორციელა, რითაც ბაზარზე 160.0 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, რაც შედარებით თავშეკავებული პოლიტიკა იყო. ეს კი აპრილში შეიცვალა, რადგან 15-დღიან ინტერვალში ზედიზედ ორი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა. კერძოდ, აპრილის დასაწყისში ბაზარზე გასაყიდად 40.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 27.5 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა და მეორე კი - აპრილის მეორე კვირის ხუთშაბათს, კვლავ 40.0 მლნ აშშ დოლარი, მაგრამ მხოლოდ 25.4 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. სებ-მა ბოლო ინტერვენცია აპრილის მეორე კვირას, 30.0 მლნ აშშ დოლარის მოცულობით განახორციელა. აღნიშნული პერიოდის შემდეგ სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ ყოფილა.

საერთო ჯამში, მიმდინარე წელს სებ-ის მიერ ბაზარზე, ექვსი ინტერვენციით 242.9 მლნ აშშ დოლარია გაყიდული, რაც გასულ წელს 873.2 მლნ აშშ დოლარი იყო [სულ 26 ინტერვენცია]. 2020 წელს სებ-მა ბაზარზე ინტერვენცია მარტიდან დაიწყო, რაც წინა წლის სავალუტო პოლიტიკისგან განსხვავებული იყო, რადგან 2019 წელს სებ-მა ბაზარზე 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 21.06 - 25.06-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

ზედიზედ მეორე სავაჭრო კვირაა ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი შედარებით სტაბილურია. ივნისის მეორე სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის ყოველდღიური ნიშნული საშუალოსგან 1.98%-ით იხრებოდა, რაც მესამე სავაჭრო კვირას 0.30% იყო. გასულ კვირას კი, ლარის გაცვლითი კურსის მერყეობამ 0.18% შეადგინა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ლარის გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, წინა კვირასთან შედარებით, უფრო მეტით გამყარდა და ამავდროულად უფრო ნაკლები მერყეობა ახასიათებდა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ივნისის მეოთხე სავაჭრო კვირას ლარის გაცილებით მყარი და სტაბილური იყო, ვიდრე წინა პერიოდში. გარდა ლარისა, სტაბილურობით ევროც გამოირჩეოდა, რომელიც 0.61%-იანი გაუფასურების ფონზე, მხოლოდ 0.08%-ით მერყეობდა.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას სომხური დრამი, დოლართან მიმართებით, 2.88%-ით გამყარდა, კურსის მერყეობა, შერჩეული ვალუტებიდან ყველაზე მაღალი იყო. თუკი ივნისის მესამე სავაჭრო კვირის მანძილზე დრამის ნომინალური გაცვლითი კურსის ყოველდღიური მაჩვენებელი საშუალოსთან მიმართებით 0.20%-ით იხრებოდა, ივნისის მეოთხე სავაჭრო კვირას ეს მაჩვენებელი 1.16%-ია. თუმცა, გასულ კვირას არამხოლოდ დრამი, არამედ სხვა ვალუტებიც მაღალი მერყეობით ხასიათდებოდა. მათ შორის, საქართველოს სხვა მეზობელი და უმსხვილესი სავაჭრო ქვეყნების ვალუტები, როგორიცაა - ლირა და რუბლი. ივნისის მეოთხე სავაჭრო კვირას თურქული ლირა 0.34%-იანი გაუფასურების პირობებში 0.69%-იანი მერყეობით გამოირჩეოდა, ხოლო რუსული რუბლი კი, 1.19%-იანი გამყარების ფონზე 0.59%-ით მერყეობდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 18.06/25.06 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებთან მიმართებით ივნისის თვეში ცვალებადი ტენდენციით ხასიათდება. მიმდინარე თვის პირველ სავაჭრო კვირას საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი ყველა შერჩეულ ვალუტასთან მიმართებით გამყარებული იყო, როცა მეორე სავაჭრო კვირას სურათი რადიკალურად განსხვავდებოდა, რადგან ლარის გაცვლითი კურსი ყველა ვალუტასთან მიმართ გაუფასურდა. თუმცა, ბოლო ორი კვირა, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელი შერჩეულ ვალუტებთან მიმართებით მყარდება, გარდა სომხური დრამისა. წინა კვირის მსგავსად, გასულ კვირასაც ლარი მხოლოდ დრამთან მიმართებით გაუფასურდა. გასულ კვირას ლარის გაცვლითი კურსი სომხურ დრამთან მიმართებით 2.61%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირას 1.01% იყო. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელი, დრამთან მიმართებით, 0.87%-ითაა გაუფასურებული, ხოლო თავად დრამი, დოლართან მიმართებით, 4.29%-ით გამყარებული.

გასულ კვირას, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული სხვა ვალუტებთან მიმართებით, ლარის გაცვლითი კურსი გამყარებულია. ივნისის მეოთხე სავაჭრო კვირას ლარი ყველაზე მეტით იაპონური იენთან, 1.22%-ით გამყარდა, ხოლო ამ უკანასკნელის შემდეგ, კი ყველაზე მაღალი გამყარების ნიშნული უკრაინულ გრივნასთან მიმართებითაა. გასულ კვირას, ლარის გაცვლითი კურსი, გრივნასთან მიმართებით, 1.18%-ით გამყარდა. უკრაინულ ვალუტასთან მიმართებით ლარი წლის დასაწყისიდანაც გამყარებულია. კერძოდ, ამ პერიოდში ლარის ნომინალური საშუალო შეწონილი კურსი 0.42%-ითაა გამყარებული. რაც შეეხება თურქულ ლირასთან მიმართებით ლარის გაცვლით კურსს, თუკი წინა კვირას ლარი ყველაზე მეტით, 3.52%-ით სწორედ ლირასთან მიმართ იყო გამყარებული, გასულ კვირას ეს მაჩვენებელი შედარებით დაბალია, რადგან ლირასთან მიმართებით გამყარება 0.60%-ია. წლის დასაწყისიდან დღემდე კი - 17.57%-ს აღწევს. ამ პერიოდში, ლირის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 17.81%-ითაა გაუფასურებული.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. გასულ კვირას, წინა პერიოდის მსგავსად, ლარის ნომინალური ეფექტური კურსი გამყარდა. კერძოდ, ივნისის მეოთხე სავაჭრო კვირას ეფექტური კურსი 0.40%-ითაა გამყარდა, რაც წინა კვირას 1.37%-ით იყო გაუფასურებული. ეს კი, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ზედიზედ ოთხკვირიანი გამყარებაა.

გასულ სავაჭრო კვირას ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 117.8-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.16%-ს შეადგენდა. ეს კი, ეფექტური ნომინალური კურსის გამყარების ფონზე, წინა პერიოდთან შედარებით სტაბილურობას მიუთითებს, რადგან ივნისის მესამე სავაჭრო კვირას მერყეობა 1.01%-ს შეადგენდა. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ამასთან, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 0.26%-ითაა გაუფასურებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 1.71% იყო. საბოლოოდ, გასულ კვირას, წინა პერიოდთან შედარებით, ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის გამყარება, ამ პერიოდში იმპორტის ზრდაზე დადებითად აისახება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით.