მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქული ლირა რეკორდულად გაუფასურდა - მიზეზები

64b64b93157ac
გიორგი თოლორდავა
18.07.23 12:27
4441
თურქული ლირა რეკორდულ გაუფასურებას განაგრძობს, ამჯერად ერთი ამერიკული დოლარის გაცვლითმა კურსმა 27 ლირას მიაღწია, რაც თურქული ვალუტის გაუფასურების ისტორიული მაჩვენებელია.

24-საათიან პერიოდში ლირა დამატებით 3%-ით გაუფასურდა; ერთწლიან პერიოდში კი ვარდნის მაჩვენებელი 36%-ს შეადგენს.

ბოლო პერიოდში ვალუტის გაუფასურება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ცენტრალურ ბანკთან, რომელმაც მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიმდინარე კვირას უნდა მიიღოს. ბაზრის მონაწილეების შეფასებით, რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 500 საბაზო პუნქტით, 20%-იან ნიშნულამდე უნდა გაიზარდოს. მიუხედავად ამ მოლოდინისა, სწორედ დღეს გავრცელდა ცნობები, რომ ცენტრალურმა ბანკმა, შესაძლოა, შედარებით მსუბუქი მონეტარული პოლიტიკა აირჩიოს და განაკვეთი 17%-მდე გაზარდოს. ბუნებრივია, ასეთ სიახლეს ტრეიდერები ნეგატიურად იღებენ, რადგან ეროვნული ვალუტის სიმყარე პირდაპირ კავშირშია საპროცენტო განაკვეთებზე.

ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება ხუთშაბათს იქნება ცნობილი, მანამდე კი სავალუტო ბირჟაზე გაურკვევლობის მაღალი დონე შენარჩუნდება.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-დან პირდაპირ 15%-მდე გაიზარდა. მსგავსი გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკს თავისი არსებობის ისტორიაში არასოდეს მიუღია. მიუხედავად განაკვეთის ასეთი დრამატული ზრდისა, ლირა მკვეთრ გაუფასურებას განაგრძობს, რადგან ინვესტორები და ტრეიდერები ცენტრალური ბანკისგან მეტ სიმკაცრეს მოელოდნენ.

ზოგადად, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა პირდაპირ კავშირშია სამომხმარებლო ფასების ზრდასთან. ოფიციალური მონაცემებით, წლიური ინფლაციის დონე თურქეთში ამჟამად 40%-ს შეადგენს, თუმცა დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, რეალური ინფლაციის დონე 200%-ის ფარგლებშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები