მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (22.01 – 29.01)

6015cde5aecd2
ეგნატე შამუგია
01.02.21 08:00
1215
გასულ კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.298 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.299-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.05%-იანი გამყარებაა, რაც წინა ორი კვირის გაუფასურების შემდეგ შეცვლილი ტენდენციაა. მიმდინარე წლის მესამე სავაჭრო კვირას დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.17%-ით იყო გაუფასურებული. გასულ სავაჭრო კვირას დოლართან მიმართებით, შერჩეული ვალუტებიდან რუბლი, ევრო და იენი გაუფასურდა. მათ შორის, ყველაზე მეტით რუსული რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსია გაუფასურებული. კერძოდ, იანვრის მეოთხე სავაჭრო კვირას რუბლი 1.17%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირას 2.04%-იან ნიშნულს აღწევდა. იანვრის მეორე კვირას კი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ეროვნული ვალუტა 0.70% -ით იყო გამყარებული. რაც შეეხება სხვა ვალუტების გამყარებას, იანვრის ბოლო სავაჭრო კვირას ყველაზე მეტით ორი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის - თურქეთის და უკრაინის ეროვნული ვალუტები გამყარდა. გასულ კვირას თურქული ლირის ნომინალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 1.75%-ითაა გამყარებული, ხოლო გრივნაც ასეთივე ნიშნულით. ამ პერიოდში, მსოფლიოში ნომერ პირველი ექსპორტიორი ქვეყნის - ჩინეთის ეროვნული ვალუტა იუანი 0.29%-ით გამყარდა, რაც წინა კვირას გაუფასურებული იყო. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მდგომარეობით ჩინეთი საქართველოს ნომერ პირველი საექსპორტო ქვეყანაა, რომელსაც მთლიანი ექსპორტის 14.3%-იანი წილი გააჩნია.
 
ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 22.01 – 29.01 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ გასული წლის მარტში დაწყებული პოლიტიკის მიმდინარე წელსაც გაგრძელება დაანონსა. მიმდინარე წელს სავალუტო ბაზარზე სებ-მა პირველი ინტერვენცია 06 იანვარს განახორციელა, როცა 40.0 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. მას შემდეგ, ზედიზედ ორი კვირა ინტერვენციებისგან თავი შეიკავა, რაც გასულ კვირის ოთხშაბათს ბაზარზე მორიგი 40.0 მლნ აშშ დოლარის გაყიდვით დაარღვია. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს სებ-ის მიერ ბაზარზე ინტერვენცია [გაყიდვა] 26-ჯერ იყო, ჯამში 873.2 მლნ აშშ დოლარის მოცულობით განხორციელდა, ხოლო ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვა არ ყოფილა, განსხვავებით 2019 წლისა. ამ წელს ცენტრალურმა ბანკმა 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 25.01 - 29.01-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

შერჩეული ვალუტებიდან გასულ კვირას ყველაზე სტაბილური ქართული ლარი იყო, რომელიც გამყარებასთან ერთად დაბალი მერყეობით გამოირჩეოდა. იანვრის ბოლო სავაჭრო კვირის მანძილზე ლარის გაცვლითი კურსის მერყეობა მხოლოდ 0.05% იყო. ლარს კი დაბალი მერყეობით ბოლო რამდენიმე კვირაა გამოირჩევა. მსგავსად ლარისა, ბოლო პერიოდში მერყეობის უცვლელი ტენდენცია თურქულ ლირას და რუსულ რუბლსაც ახასიათებს, მაგრამ ამ შემთხვევაში, პირიქით, მერყეობის მაღალი ნიშნულით. გასულ კვირას საშუალოსთან მიმართებით რუბლის გაცვლითი კურსის გადახრამ 0.56% შეადგინა, ხოლო ლირის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 0.65%-ია. იანვრის ბოლოს იგივე ნიშნულით მერყეობდა უკრაინული გრივნა, რომელიც ამ პერიოდში სწრაფი გამყარებით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან სომხური დრამიც მეტად სტაბილურია. სომხეთის ეროვნული ვალუტის კურსი არამხოლოდ გამყარებისკენ, არამედ ნაკლები მერყეობისკენაც შეიცვალა. ამდენად, დრამის 2020 წლის ბოლოდ დაწყებული გაუფასურების ტენდენცია მიმდინარე წლიდან რადიკალურად შეიცვალა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 22.01/29.01 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

იანვრის მეოთხე სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი გარდა დოლარისა, საგარეო ვაჭრობის კალათის მიხედვით შერჩეულ სხვა ვალუტებთან მიმართებითაც გამყარდა. ასეთი კი რუსული რუბლი (1.67%), იაპონური იენი (1.10%) და ევროა (0.47%). მათგან კი ლარის გაცვლითი კურსი რუბლთან მიმართებით წინა კვირასაც გამყარებული იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ვალუტები დოლართან მიმართებით გაუფასურებულია. რუბლის გაუფასურება კი კვირის ბოლოსკენ რუსულ ნავთობზე ფასების კლებას უკავშირდება. გაუფასურების კუთხით -ლარის გაცვლითი კურსი ყველზე მეტად ლირასთან მიმართებით 0.87%-ით გაუფასურდა. ეს უკანასკნელი კი დოლართან მიმართებით ზედიზედ მეორე კვირაა მყარდება. აღსანიშნავია, რომ თურქეთის ეროვნული ვალუტა გასულ წელის მანძილზე ინტენსიურად უფასურდებოდა, ხოლო ცენტრალური ბანკი აქტიურ სავალუტო ინტერვენციებს ახორციელებდა, მაგრამ ნოემბერში ბანკის ახალი მმართველის დანიშვნისა და რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკის დაანონსებით შექმნილი დადებითი მოლოდინების შემდეგ ნომინალური გაცვლითი კურსის გამყარება დაიწყო.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილ მაჩვენებელია. გასული კვირის ბოლოს, წინა სავაჭრო კვირის მსგავსად, ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი გამყარდა. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ეფექტური კურსის 0.15%-იანი გამყარება დაფიქსირდა. იანვრის ბოლო სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური ეფექტური კურსის გამყარება დიდწილად ეროვნული ვალუტის რუბლთან მიმართებით 1.67%-იან გამყარებას უკავშირდება, რადგან რუსეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. კერძოდ, გასული წლის მონაცემებით, საქართველოს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 13.2%-ია, ხოლო იმპორტში კი - 11.1%. აღსანიშნავია, რომ იანვრის მეოთხე სავაჭრო კვირას ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 109.9-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.12%-ს შეადგენდა. წინა კვირას კი, საშუალოსთან მიმართებით ეფექტური კურსის ინდექსის მერყეობა 0.32%-ს აღწევდა. ეს კი ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით მეტად სტაბილურობას მიუთითებს. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ამასთან, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გასულ კვირას ნომინალური ეფექტური კურსის საშუალო მაჩვენებელი 7.32%-ითაა გაუფასურებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 7.31% იყო.