03.მაისი .2021 08:00

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (23.04 – 30.04)

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (23.04 – 30.04)
views 250
უკან

გასულ კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.447 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.442-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.16%-იანი გაუფასურებაა. აღსანიშნავია, რომ წინა კვირას დოლართან მიმართებით ლარის კურსი 0.58%-ით იყო გაუფასურებული, ხოლო აპრილის პირველ სავაჭრო კვირას კი - 0.26%-ით. ამდენად, ლარი ზედიზედ მეცხრე სავაჭრო კვირაა უფასურდება. წლის დასაწყისიდან დღემდე კი, დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 4.68%-ითაა გაუფასურებული, რაც მარტის თვეში 3.05%-ს აღწევდა და აპრილში კი - 0.64%. წლის დასაწყისიდან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის გაუფასურების ნიშნული, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ათი ძირითადი ვალუტიდან, თურქული ლირის და იაპონური იენის შემდეგ მესამეა. პირველი იანვრიდან დღემდე თურქეთის ეროვნული ვალუტა, დოლართან მიმართებით, ყველაზე მეტით, 11.26%-ითაა გაუფასურებული, რაც მხოლოდ მარტის თვეში 13.20% იყო. რაც შეეხება მიმდინარე პერიოდს, აპრილის მესამე სავაჭრო კვირის მანძილზე ლირის ყველაზე მაღალი ნიშნულით, 3.56%-იანი გაუფასურების შემდეგ, გასულ კვირას აღნიშნული ვალუტა, შერჩეულთაგან ყველაზე მეტით, 1.34%-ით გამყარდა. თავის მხრივ, თურქული ლირა ბოლო წლები არასტაბილურობით გამორჩევა, მაგრამ მარტის ბოლოდან მოყოლებული ამ უკანასკნელის მასშტაბური გაუფასურება თურქეთის ცენტრალური ბანკის მოულოდნელ ცვლილებას უკავშირდება, სადაც ლირისადმი დაბალი ნდობა გამოვლინდა. განვითარებული მოვლენების შემდეგ, ლირის მფლობელებმა, მასიურად, მათ ხელთ არსებული ფულის უცხო ან კრიპტოვალუტაში კონვერტაცია დაიწყეს. ამის საპასუხოდ კი თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა წინა კვირის ბოლოს კრიპტოვალუტით გადახდა შეზღუდა, რომელიც ძალაში აპრილის ბოლოდან შევა.
 
აპრილის ბოლო სავაჭრო კვირას გარდა ლირისა, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული სხვა ვალუტებიც გამყარდა. მათ შორის, უკრაინული გრივნა (0.37%), ჩინური იუანი (0.45%) და სომხური დრამი (0.24). ეს უკანასკნელი წინა კვირასაც 0.13%-ით იყო გამყარებული, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 0.39%-ია, ხოლო აპრილის თვეში კი 2.12%-ს აღწევს. წლის დასაწყისიდან დღემდე, დოლართან მიმართებით ჩინური იუანიც 0.92%-ითაა გამყარებული, ხოლო გრივნის გამყარების ნიშნული კი 1.84%-ია. საქართველოს კიდევ ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის - რუსეთის ეროვნული ვალუტა წინა კვირის 1.12%-იანი გამყარების შემდეგ, აპრილის ბოლო სავაჭრო კვირას 0.49%-ით გაუფასურდა. აპრილში რუბლი დოლართან მიმართებით 1.71%-ითაა გამყარებული, თუმცა წლის დასაწყისიდან დღემდე, რუსეთი ეროვნული ვალუტა 1.64%-ითაა გაუფასურებული, რაც საქართველოს სამეზობლოდან, გაუფასურების კუთხით, ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 23.04 – 30.04 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ 2020 წლის მარტში დაწყებული პოლიტიკის მიმდინარე წელსაც გაგრძელება დაანონსა, მაგრამ იანვარ - მარტში სულ ოთხი ინტერვენცია განახორციელა, რითაც ბაზარზე 160.0 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, რაც შედარებით თავშეკავებული პოლიტიკა იყო. ეს კი აპრილში შეიცვალა, რადგან 15-დღიან ინტერვალში ზედიზედ ორი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა. კერძოდ, აპრილის დასაწყისში ბაზარზე გასაყიდად 40.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 27.5 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა და მეორე კი - აპრილის მეორე კვირის ხუთშაბათს, კვლავ 40.0 მლნ აშშ დოლარი, მაგრამ მხოლოდ 25.4 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. სებ-მა ბოლო ინტერვენცია წინა კვირას, 30.0 მლნ აშშ დოლარის მოცულობით განახორციელა. გასულ კვირას კი, სავალუტო ინტერვენცია არ ყოფილა.

საერთო ჯამში, მიმდინარე წელს სებ-ის მიერ ბაზარზე, ექვსი ინტერვენციით 242.9 მლნ აშშ დოლარია გაყიდული, რაც გასულ წელს 873.2 მლნ აშშ დოლარი იყო [სულ 26 ინტერვენცია]. 2020 წელს სებ-მა ბაზარზე ინტერვენცია მარტიდან დაიწყო, რაც წინა წლის სავალუტო პოლიტიკისგან განსხვავებული იყო, რადგან 2019 წელს სებ-მა ბაზარზე 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 26.04 - 30.04-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

მიუხედავად გაუფასურებისა, ბოლო სამი კვირაა ლარის ყოველდღიური გაცვლით კურს შედარებით დაბალი მერყეობა ახასიათებს. თუკი აპრილის მესამე სავაჭრო კვირას ნომინალური კურსის მერყეობა საშუალოსთან მიმართებით 0.18%-ს შეადგენდა, ეს მაჩვენებელი გასულ კვირას 0.04%-ია. აპრილის ბოლო კვირას მერყეობის დაბალ მაჩვენებელში თავის წვლილი დღენაკლულ სავაჭრო პერიოდს გააჩნია, რადგან პარასკევი უქმე დღე იყო, ხოლო ამ დღის გაცვლით კურსად წინა დღის, ხუთშაბათის მაჩვენებელი გადმოვიდა. გარდა ლარისა, აპრილის ბოლო კვირას მერყეობის დაბალი ნიშნულით სომხური დრამიც გამოირჩეოდა. კერძოდ, სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური გაცვლითი კურსი საშუალოსგან 0.08%-ით ირხეოდა. ამავე პერიოდში, წინა კვირის მსგავსად შედარებით სტაბილური იყო ჩინური იუანის გაცვლითი კურის. აპრილის ბოლო სავაჭრო კვირას მერყეობამ 0.12% შეადგინა, რაც წინა კვირას 0.13% იყო. შედარებით მაღალი მერყეობა კი თურქულ ლირას და რუსულ რუბლს ახასიათებდა. გასულ კვირას, საშუალოსთან მიმართებით რუბლის ყოველდღიური გაცვლითი კურსის მერყეობა 0.43% იყო, ხოლო ლირის ოდნავ მეტი, 0.47%-ს აღწევდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 23.04/30.04 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

აპრილის მეორე სავაჭრო კვირას ლარის ყველა შერჩეულ ვალუტასთან მიმართებით გაუფასურებული იყო, რაც წინა კვირას შედარებით გაუმჯობესდა, რადგან შერჩეული ვალუტებიდან ერთთან, თურქულ ლირასთან მიმართებით გამყარდა. ასეთივე მდგომარეობა იყო გასულ კვირასაც. ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი მხოლოდ იაპონურ იენთან მიმართებით, 0.92%-ით გამყარდა. სხვა დანარჩენ შერჩეულ ვალუტებთან კი გაუფასურდა. თავის მხრივ, აპრილის ბოლო სავაჭრო კვირას, დოლართან მიმართებით, იენი ყველაზე მეტით, 0.99%-ით იყო გაუფასურებული.

გასულ კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველაზე მეტით საქართველოს უმსხვილეს საიმპორტო ქვეყნის - თურქეთის ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა. აპრილის ბოლო კვირას ლარი ლირასთან მიმართებით 2.06%-ითაა გაუფასურებული. თავად, ლირა კი ამ პერიოდში დოლართან მიმართებით ყველაზე მეტით, 1.34%-ით გამყარდა. გარდა ლირისა, ლარის გაცვლითი კურსი მაღალი ნიშნულით გაუფასურდა რუსულ რუბლთან მიმართებითაც. კერძოდ, გასულ კვირას რუბლთან გაუფასურებამ 1.04% შეადგინა, რაც წინა კვირას 1.33% იყო, ხოლო აპრილის მეორე სავაჭრო კვირას კი - 2.15%. ამდენად, ზედიზედ სამი კვირაა ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი რუბლთან მიმართებით მაღალი ნიშნულით უფასურდება. აპრილის ბოლო სავაჭრო კვირას ლარი დრამთან და გრივნასთან მიმართებით 0.63% და 0.68%-ებით გაუფასურდა. თავად ეს ვალუტები კი დოლართან მიმართებით 0.24% და 0.37%-ებით იყო გამყარებული.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. თუკი აპრილის მესამე სავაჭრო კვირას ეფექტური გაცვლითი კურსი თითქმის უცვლელი, 0.01%%-ით იყო გამყარებული, გასულ კვირას ეფექტური 0.84%-ით გაუფასურდა. მიუხედავად იმისა, რომ წინა კვირას ლარის ნომინალური კურსი თურქული ლირის გარდა ყველა ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა, ეს არ ასახული ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებაზე, რადგან ამ პერიოდში თურქულ ლირასთან მიმართებით 3.19%-იანმა გამყარებამ სხვა ვალუტებთან გაუფასურება დააბალანსა. თუმცა, გასულ კვირას ლარი ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან და მათ შორის, ლირასთან მიმართებით გაუფასურებულია, რაც ლარის ეფექტურ ნომინალურ გაცვლით კურსზე გაუფასურებით აისახა. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან გასული კვირის ბოლომდე ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურის 3.48%-ითაა გაუფასურებული.

აპრილის ბოლო სავაჭრო კვირას ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 107.0-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.18%-ს შეადგენდა. წინა კვირას კი, საშუალოსთან მიმართებით ეფექტური კურსის ინდექსის მერყეობა 0.18%-ს აღწევდა. ეს კი ამ უკანასკნელის წინა პერიოდთან შედარებით ოდნავ არასტაბილურობას მიუთითებს. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ამასთან, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 7.08%-ითაა გაუფასურებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 7.94% იყო. საბოლოოდ, გასულ კვირას, წინა პერიოდთან შედარებით, ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის გაუფასურება, ამ პერიოდში ექსპორტის ზრდაზე დადებითად აისახება, ხოლო იმპორტზე კი, პირიქით.