მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (30.04 – 07.05)

6096a3439abbc
ეგნატე შამუგია
10.05.21 08:00
1378
გასულ კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.423 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.447-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.69%-იანი გამყარებაა. აღსანიშნავია, რომ წინა კვირას დოლართან მიმართებით ლარის კურსი 0.16%-ით იყო გაუფასურებული, ხოლო აპრილის მეორე სავაჭრო კვირას კი - 0.58%-ით. გასულ კვირამდე კი, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი ზედიზედ ცხრა კვირის მანძილზე უფასურდებოდა, რაც მაისის პირველ სავაჭრო კვირას შეიცვალა. წლის დასაწყისიდან დღემდე კი, დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 3.95%-ითაა გაუფასურებული, რაც მარტის თვეში 3.05%-ს აღწევდა და აპრილში კი - 0.64%. წლის დასაწყისიდან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის გაუფასურების ნიშნული, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ათი ძირითადი ვალუტიდან, თურქული ლირის და იაპონური იენის შემდეგ მესამეა. პირველი იანვრიდან დღემდე თურქეთის ეროვნული ვალუტა, დოლართან მიმართებით, ყველაზე მეტით, 11.26%-ითაა გაუფასურებული, რაც მხოლოდ მარტის თვეში 13.20% იყო. რაც შეეხება მიმდინარე პერიოდს, აპრილის მესამე სავაჭრო კვირის მანძილზე ლირის ყველაზე მაღალი ნიშნულით, 3.56%-იანი გაუფასურების შემდეგ, გასულ კვირას აღნიშნული ვალუტა, შერჩეულთაგან ყველაზე მეტით, 1.34%-ით გამყარდა.
 
გასულ კვირას არამხოლოდ ლარის, არამედ სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტებიდან, სომხური დრამის გარდა, დოლართან მიმართებით ყველა გამყარდა. მაისის პირველ კვირას დრამის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.32%-ითაა გაუფასურებული, რაც წინა კვირას 0.24%-ით იყო გამყარებული. წლის დასაწყისიდან დღემდე კი სომხეთის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.07%-ითაა გამყარებული, ხოლო უშუალოდ აპრილის თვის მანძილზე გამყარების ნიშნული 2.12%-ს აღწევდა. აპრილის ბოლო სავაჭრო კვირის განმავლობაში საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნის ეროვნული ვალუტა - თურქული ლირა 1.34%-ით იყო გამყარებული, რაც გასულ კვირასაც, შედარებით ნაკლებით, 0.65%-ით გამყარდა. მიუხედავად ამისა, წლის დასაწყისიდან დღემდე ლირა, შერჩეული ვალუტებიდან, დოლართან მიმართებით ყველაზე მეტით, 10.76%-ითაა გაუფასურებული, რაც მხოლოდ აპრილის თვეში 1.91%-ს აღწევდა. მსგავსად ლირისა, მაისის პირველ სავაჭრო კვირას 0.65%-ით გამყარდა იაპონური იაპონური იენი, ხოლო ჩინური იუანი კი ოდნავ ნაკლებით, 0.64%-ით.

მაისის პირველ სავაჭრო კვირას, დოლართან მიმართებით, ყველაზე მეტით რუსული რუბლია გამყარებული. კერძოდ, გასულ კვირას რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსის გამყარება 2.05%-ს შეადგენდა. წინა კვირას კი 0.49%-ით იყო გაუფასურებული. უშუალოდ აპრილის თვეში კი რუსეთის ეროვნული ვალუტა 1.22%-ით გამყარდა, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 0.36%-იანი გამყარებით გამოირჩევა. გარდა რუბლისა, გასულ კვირას მაღალი ნიშნულებით ბრიტანული სტერლინგი და ევროც გამყარდა. კერძოდ, მაისის პირველ სავაჭრო კვირას, დოლართან მიმართებით, სტერლინგის ნომინალური გაცვლითი კურსი 1.24%-ითაა გამყარებული, რაც ევროს შემთხვევაში 1.19%-ია. წლის დასაწყისიდან დღემდე ეს უკანასკნელი 0.29%-ითაა გაუფასურებული, ხოლო ბრიტანული სტერლინგი კი 2.28%-ით გამყარებული.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 30.04 – 07.05 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ 2020 წლის მარტში დაწყებული პოლიტიკის მიმდინარე წელსაც გაგრძელება დაანონსა, მაგრამ იანვარ - მარტში სულ ოთხი ინტერვენცია განახორციელა, რითაც ბაზარზე 160.0 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, რაც შედარებით თავშეკავებული პოლიტიკა იყო. ეს კი აპრილში შეიცვალა, რადგან 15-დღიან ინტერვალში ზედიზედ ორი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა. კერძოდ, აპრილის დასაწყისში ბაზარზე გასაყიდად 40.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 27.5 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა და მეორე კი - აპრილის მეორე კვირის ხუთშაბათს, კვლავ 40.0 მლნ აშშ დოლარი, მაგრამ მხოლოდ 25.4 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. სებ-მა ბოლო ინტერვენცია აპრილის მეორე კვირას, 30.0 მლნ აშშ დოლარის მოცულობით განახორციელა. აპრილის ბოლო და მაისის პირველ კვირებში კი სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ ყოფილა.

საერთო ჯამში, მიმდინარე წელს სებ-ის მიერ ბაზარზე, ექვსი ინტერვენციით 242.9 მლნ აშშ დოლარია გაყიდული, რაც გასულ წელს 873.2 მლნ აშშ დოლარი იყო [სულ 26 ინტერვენცია]. 2020 წელს სებ-მა ბაზარზე ინტერვენცია მარტიდან დაიწყო, რაც წინა წლის სავალუტო პოლიტიკისგან განსხვავებული იყო, რადგან 2019 წელს სებ-მა ბაზარზე 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 03.05 - 07.05-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

წინა კვირისგან განსხვავებით, მაისის პირველ კვირას ლარის ყოველდღიური გაცვლითი კურსი შედარებით არასტაბილური იყო, რაც საშუალოსთან მიმართებით 0.26%-ით მერყეობდა. აღნიშნული მაჩვენებელი აპრილის ბოლო კვირა 0.04% იყო. თუმცა, შედარებით მაღალი მერყეობით არამხოლოდ ლარი, არამედ თითქმის ყველა შერჩეული ვალუტა გამოირჩეოდა. ყველაზე მაღალი მერყეობა კი, 2.05%-იანი გამყარების ფონზე რუსულ რუბლს ახასიათებდა. ასევე, მაღალი მერყეობის კუთხით ევრო (0.57%), ლირა (0.46%) და სტერლინგიც (0.29%) გამოირჩეოდა. აღნიშნულ პერიოდში დაბალი მერყეობა უკრაინულ გრივნას (0.10%) და სომხურ დრამს (0.15%) ახასიათებდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 30.04/07.05 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

თუკი წინა რამდენიმე კვირის მანძილზე ლარის თითქმის ყველა შერჩეულ ვალუტასთან მიმართებით გაუფასურებული იყო, მდგომარეობა მაისის პირველ კვირას შეიცვალა. აღნიშნულ პერიოდში ლარის ნომინალური შეწონილი გაცვლითი კურსი ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარდა, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ვალუტა დოლართან მიმართ გამყარებული იყო. გასულ კვირას ლარის გაცვლითი კურსი ყველაზე მეტით თურქულ ლირასთან მიმართებით, 1.59%-ითაა გამყარებული. თურქული ლირის შემდეგ კი ლარი ყველაზე მეტით სომხურ დრამთანაა გამყარებული. იმ ფონზე, როცა თავად რამის ნომინალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 0.32%-ით გაუფასურდა, ლარი სომხეთის ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.93%-ით გამყარდა. ამავე პერიოდში, ლარის ნომინალური შეწონილი გაცვლითი კურსი ევროსთან მიმართებით 0.88%-ითაა. თავად ევრო კი დოლართან მიმართებით 1.19%-ით გამყარდა.

წინა კვირას, ლარი შერჩეული ვალუტებიდან მხოლოდ იაპონურ იენთან მიმართებით, 0.92% იყო გამყარებული, რამაც მაისის პირველ სავაჭრო კვირას 0.64% შეადგინა. ამავე პერიოდში ლარის ნომინალური შეწონილი გაცვლით კურსი საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორის - აზერბაიჯანის ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.52%-ით გამყარდა, ხოლო რუსულ რუბლთან კი - 0.26%-ით. 2020 წლის მონაცემებით საქართველოს ნომერ პირველ საექსპორტო ქვეყნის -ჩინეთის ეროვნულ ვალუტასთან მიმართ ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, მსგავსად რუბლისა, 0.26%-ითაა გამყარებული.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. თუკი აპრილის ბოლო სავაჭრო კვირას ეფექტური გაცვლითი კურსი 0.84%-ით იყო გაუფასურებული, გასულ კვირას ეფექტური კურსი 0.76%-ით გამყარდა. მიუხედავად იმისა, რომ ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარებულია, აღნიშნული ეფექტური კურსის მასშტაბურ გამყარებაში არ აისახა, რადგან სავაჭრო კალათაში მაღალი წილი მქონე ვალუტებთან მიმართებით გამყარების ნიშნული დაბალია, გარდა თურქული ლირისა.

აპრილის ბოლო სავაჭრო კვირას ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 107.5-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.41%-ს შეადგენდა. წინა კვირას კი, საშუალოსთან მიმართებით ეფექტური კურსის ინდექსის მერყეობა 0.18%-ს აღწევდა. ეს კი ამ უკანასკნელის წინა პერიოდთან შედარებით არასტაბილურობას მიუთითებს. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ამასთან, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 6.99%-ითაა გაუფასურებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 7.08% იყო. საბოლოოდ, გასულ კვირას, წინა პერიოდთან შედარებით, ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის გამყარება, ამ პერიოდში იმპორტის ზრდაზე დადებითად აისახება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით.