მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გამყარების ალბათობა გაუფასურების ალბათობასთან შედარებით მაღალია - TBC Capital

6238532a96a94
BM.GE
22.03.22 00:15
1072
TBC Capital-მა მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეული მიმოხილვა გამოაქვეყნა. როგორც TBC-ის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია აღნიშნავს, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის მიუხედავად, საქართველოში ფულადი გზავნილები მდგრადობას ინარჩუნებს და წელს გზავნილების მცირედი ზრდაც არის მოსალოდნელი.

ამასთანავე, TBC Capital-ი საუბრობს ტურიზმის ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის მოქალაქეთა ნაკადზე, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან. ორგანიზაციის შეფასებით, მთლიანობაში ამ ფაქტორებს შემომავალ სავალუტო ნაკადებზე დადებითი გავლენა უნდა ჰქონდეთ.

“ფულადი გზავნილების შემოდინება მარტში მნიშვნელოვან მდგრადობას ინარჩუნებს. მართალია ჯერ სრული 2022 წლისათვის დასკვნების გაკეთება ადრეა, თუმცა აშშ დოლარში გამოხატული გზავნილების წინა წელთან შედარებით მცირედით, მაგრამ მაინც მატებას არ გამოვრიცხავთ. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინების შესაბამისად, ტურიზმის აღდგენის ტემპმა თებერვლის ბოლოსა და მარტში იკლო, ძირითადად რუსეთიდან და ბელორუსიდან ვიზიტორების ზრდა მნიშვნელოვანი დამაბალანსებელი ფაქტორია. ჩვენი სადღეისოდ არსებული შეფასებით, ამ გზით მიღებული გაწლიურებული შემოსავალი დაახლოებით 200 მილიონი დოლარი შეიძლება იყოს. ამ მხრივ, უძრავი ქონების ბაზარზე გაზრდილი აქტივობაც საყურადღებოა, თუმცა მთლიანობაში საპროგნოზო რაოდენობრივი შეფასება ჯერ კიდევ არაერთ დაშვებაზეა დამოკიდებული.

ძირითად მაკროეკონომიკურ პროგნოზებს რაც შეეხება, კვლავ მაღალი გაურკვევლობის გათვალისწინებით, მაინც შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინები ომის უფრო სწრაფი, ვიდრე გადადებული გადაწყვეტის სცენართან არის ახლოს. ასევე, წინა კვირისაგან განსხვავებით, სადღეისოდ ვფიქრობთ, რომ ლარის გამყარების ალბათობა გაუფასურებასთან შედარებით მეტია.

გასულ კვირაში, ასევე ხელმისაწვდომი იყო საქსტატის მიერ გამოქვეყნებული თებერვლის საქონლით საგარეო ვაჭრობისა და წინა წლის მეოთხე კვარტალის ხელფასების მაჩვენებლები, რომლებიც უკრაინაში საომარ მოქმედებებამდე საკმაოდ მაღალ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებდა,”- ნათქვამია დოკუმენტში.