მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვინდა, მზის და ქარის ენერგიის სადგურების დაფინანსებაში ძალები მოვსინჯოთ - მერი ჩაჩანიძე

644d4e88f2bc3
ნანუკა ნარიმანიძე
29.04.23 21:24
1998
„საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დაფინანსების მოზიდვა განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის“ ამ სახელით - საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) ორგანიზებითა და „თიბისის“ მხარდაჭერით გასულ კვირას კონფერენცია შედგა. იგი მიზნად განახლებადი ენერგიის დარგის კერძო კომპანიების ინფორმირებას საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შესახებ, დარგში დაფინანსების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობასა და ფინანსური ინსტიტუტებისთვის საქართველოს ენერგეტიკაში მიმდინარე სიახლეების გაცნობას ისახავდა.

GREDA განახლებადი ენერგიის დარგში მოღვაწე 40-ზე მეტ კომპანიას წარმოადგენს. ამ მონაცემებით და იმ პოტენციალის მიუხედავად რაც ქვეყანაშია ენერგო რესურსის პოტენციალის მხოლოდ ერთი მესამედია ათვისებული. ამ პირობებში "თიბისისგან" ბოლო 10 წელში, ჯამში 37 ჰიდროელექტროსადგურია დაფინანსებული - ჯამური დადგმული სიმძლავრით 514 მგვტ, საიდანაც 31 უკვე ოპერირებს, 6 კი მშენებლობის პროცესშია.

„თიბისი კაპიტალის“ მმართველი დირექტორი მერი ჩაჩანიძე BMGTV-ის გადაცემაში "საქმის კურსი" ამბობს, რომ უნდათ ძალები მზის და ქარის ენერგიის სადგურების დაფინანსებაშიც მოსინჯონ.

“განახლებადი ენერგიის მიმართულებით პოპულარულია ჰიდროელექტროსადგურები, რომლის დიდი მხარდამჭერია „თიბისი ბანკი“, ჩვენი არსებული ჰიდროელექტროსადგურების 75% „თიბისი ბანკის“ მიერ არის დაფინანსებული. გვინდა ძალები მოვსინჯოთ როგორც მზის, ასევე ქარის ენერგიის სადგურების დაფინანსებაში. ტენდენცია ჩანს, რომ კომპანიების მხრიდან ამ მიმართულებით ინტერესი იზრდება, ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ფასების დარეგულირებაა, ამაზეა დამოკიდებული ბევრი რამ.

პირველი ტალღის დაფინანსების დროს სახელმწიფოს გარანტირებული კონტრაქტები ჰქონდა, ამიტომ ბანკები დიდი ენთუზიაზმით აფინანსებდნენ პროექტებს, შემდეგ "თიბისი" უფრო წინ წავიდა, გარანტირებული კონტრაქტი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო, "თიბისი" ასეთ პროექტებსა კი აფინანსებდა, მესამე და ახალი ტიპის დაფინანსება, როდესაც კომპანიას კონტრაქტი არ გააჩნია, ჩვენ კი გვჯერა პოტენციალის და იმის, რომ ბაზარზე მოთხოვნა იქნება, შესაბამისად მსგავს დაფინანსებასაც ვაკეთებთ. პარალელურად აქტიურად ვემუშავებით კომპანიებს, იმისთვის რომ ქარის და მზის სადგურები დავაფინანსოთ“, - განაცხადა მან.

დაფინანსების გზებზე საუბრისას, მერი ჩაჩანიძე აღნიშნავს, რომ თანხები არ არის საკმარისი წინაპირობა წარმატებული პროექტებისთვის და კომპანია აქტიურად ეხმარება ინვესტორებს.

„აუცილებელია ინვესტორების კომპეტენცია ამ საკითხში, მხოლოდ ფულის ხელმისაწვდომობა არ არის საკმარისი წინაპირობა წარმატებული პროექტის განხორციელებისთვის. ჩვენი გუნდი აქტიურადაა ჩართული ტექნიკური კუთხით, ვეხმარებით ინვესტორებს როგორც სტრუქტურირების, ასევე ოპერირების კუთხითაც“, - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები