მოლოდინი გვაქვს, რომ 2024 უფრო აქტიური წელი იქნება ემისიების თვალსაზრისით, ვიდრე ეს იყო შარშან, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მმართველმა დირექტორმა, მერი ჩაჩანიძემ “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, 2023 წელს თიბისი კაპიტალმა ჯამურად 16 ემისიაში მიიღო მონაწილეობა, რომლის ჯამური მოცულობა თითქმის 1 მლრდ ლარია.
“ჩვენ მნიშვნელოვანი კონტრიბუტორები ვართ კაპიტალის ბაზრის ზრდაში. მაგრამ ერთია, უბრალოდ ობლიგაციების გამოშვება, და მეორეა ინოვაციების კომპონენტი, რომელსაც Global Finance-ი ითვალისწინებს. შარშანდელი წელი ძალიან აქტიური წელი იყო ამ თვალსაზრისით. ბაზარს ბევრი საინტერესო და ინოვაციური პროდუქტი შევთავაზეთ. მათ შორის, ლარის ფიზიკური პირის ობლიგაციები, მდგრადობასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი განთავსება და რაც ყველაზე მეტად გვახარებს, ახალი მონაწილეებით ბაზრის დაინტერესება. შედეგად, გასულ წელს ხუთი ახალი ემიტენტი დაგვემატა”, - აღნიშნა მერი ჩაჩანიძემ.
ცნობისთვის, თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. საინვესტიციო ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისგან და ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა საერთაშორისო ჟიურიმ, გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინა: ბაზრის წილი, გარიგებების რაოდენობა და მოცულობა, მომსახურება და რჩევები, ინოვაციური შესაძლებლობები, კონკურენტუნარიანი ფასები და რეპუტაცია ბაზარზე.