მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ განაპირობა FMCG ბაზრის 37%-ით ზრდა? - განმარტება

645627029c8ba
ალა ისპირიანი
06.05.23 14:26
967
„თიბისი კაპიტალმა“ პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის - FMCG სექტორის განახლებული კვლევა წარადგინა, რომლის მიხედვითაც შარშან FMCG ბაზარი წლიურად 37%-ით გაიზარდა. მომდევნო 3 წლის განმავლობაში კი, ზრდის დასტაბილურებაა მოსალოდნელი. კვლევის მიხედვით, ზრდის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორი ნომინალური ხელფასის უფრო მეტად გაზრდაა, ვიდრე სამომხმარებლო ფასების, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის დანახარჯების ზრდას შეუწყო ხელი. კვლევის ავტორები მიუთითებენ ასევე, რომ მოსახლეობის მიერ FMCG პროდუქციაზე გაწეული დანახარჯების წილი მთლიან დანახარჯებში ჯერ კიდევ მზარდია, რაც გარკვეულწილად საშუალო კლასის გაძლიერებასთანაა დაკავშირებული.

"თიბისი კაპიტალის" კვლევების სამსახურის უფროსმა ირინა კვახაძემ BMGTV-ის გადაცემ „საქმიან დილაში“ განაცხადა, რომ სამომხმარებლო სექტორის ზრდის მოლოდინი მათ ჯერ კიდევ შარშან ჰქონდათ.

„შარშან, როდესაც ბაზარს ვაკვირდებოდით სექტორის ზრდის მოლოდინი, არა მარტო FMCG სექტორში გვქონდა, არამედ სამომხმარებლო სექტორშიც მთლიანად. დავაკვირდით FMCG სექტორს, ტანსაცმლის სექტორს, ავეჯს, გარეთ კვებას და ყველა მიმართულებით ჩვენი მოლოდინი იყო, რომ ზრდა საკმაოდ ძლიერი იქნებოდა. ამაში დიდი როლი ინფლაციამ ითამაშა, - შარშან ინფლაცია, მაღალი 11,9% გვქონდა, ამავდროულად ვხედავდით, რომ ნომინალური ხელფასი იზრდებოდა. გარდა ამისა როგორც FMCG-ის, ისე სხვა სამომხმარებლო პროდუქტების ზრდას ხელი შეუწყო დამატებითი სეგმენტებიდან წამოსულმა მოთხოვნამ - ეს არის ადგილობრივი მოსახლეობა, შინამეურნეობები, სადაც დანახარჯები გაზრდილია. ასევე მიგრანტები რომლებიც 2022 წელს გაჩნდნენ ქვეყანაში. მესამე მნიშვნელოვანი ჯგუფი კი ტურისტები არიან, - შარშან ტურიზმის ძლიერი აღდგენა იყო და ეს აღდგენა წელსაც გრძელდება. ეს ტენდენციები გვაძლევდა საფუძველს, რომ ზრდა სამომხმარებლო სექტორში საკმაოდ ძლიერი იქნებოდა“, - განაცხადა მან.

ირინა კვახაძის თქმით, FMCG-ის ზრდაში ყველაზე დიდი წილი ადგილობრივ შინამეურნეობებს აქვთ.

„როდესაც ვუყურებთ როგორ ნაწილდება დანახარჯები სხვადასხვა სექტორებში FMCG-ის სექტორში, მთლიანი დანახარჯების 95% მაინც ადგილობრივი შინამეურნეობების ხარჯზე გენერირდება. ბაზრის ზრდა ძლიერი იყო როგორც თბილისში ისე რეგიონში. მიგრანტები კი ძირითადად თბილისში და ბათუმში არიან. მათი შემოსავლები მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი, რაც მათ საშუალებას აძლევდა მეტი დანახარჯები გაეკეთებინათ“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები