მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის კურსის სტაბილურობის შემთხვევაში, გაზაფხულიდან ინფლაცია შემცირდება - ნადარაია

6185005d23cfe
მარიამ ვარადაშვილი
06.11.21 15:40
1241
თიბისი ბანკის მთავრი ეკონომისტის ოთარ ნადარაიას პროგნოზით, თუ ლარის კურსი არსებულ დონეზე შენარჩუნდა, მაშინ ინფლაციის შემცირება რეალურია.

ამის შესახებ მან bm.ge-სთან ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის იმ განცხადების კომენტირებისას თქვა, რომლის თანახმად, თუ სხვა ახალი რისკები არ გაჩნდა, ეროვნული ბანკი ინფლაციის შემცირებას 2022 წლის მარტიდან ელოდება.

„ჩვენც მსგავსი პროგნოზი გვაქვს, თუმცა იმ დაშვებით, რომ ლარის კურსი მეტ-ნაკლებად მაინც სტაბილურობას შეინარჩუნებს. საუბარია ე.წ. ეფექტურ გაცვლით კურსზე. ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობთ, რომ 2022 წელს ინფლაცია აუცილებლად შემცირდება. ბუნებრივია, სასაქონლო ფასებიც მოქმედებს ამაზე, მაგრამ იმის მოლოდინი, რომ როგორც 2007 წელს იყო, როცა ბარელი ნავთობი ღირდა 150 დოლარი, ასეთი მოლოდინი არ გაქვს. რა თქმა უნდა, არსებობს ხორბლის, გაზის ტარიფის საკითხები და ა.შ., მაგრამ კურსის ფაქტორის გარეშე შეუძლებელია ამ ყველაფერმა ისევ მაღალი ინფლაცია გამოიწვიოს.

ჩვენთან ლარის გაცვლითი კურსი არის მთავარი ინფლაციის ფორმირებაში. შიდა და საგარეო მოთხოვნაც მნიშვნელოვანია, მაგრამ, რადგან მცირე და ღია ეკონომიკა ვართ, იმპორტზე დამოკიდებული, ჩემი აზრით, ჩვენთან გაცვლითი კურსია მთავარი ფაქტორი“, -აცხადებს ნადარაია.

ოქტომბერში საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა წელთან შედარებით 12.8%-ით გაიზარდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ინფლაციის ფორმირებაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის ფასების 18%-იანმა მატებამ იქონია, ასევე საწვავის გაძვირებამაც, რამაც ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაზარდა. 12.8% ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში რეკორდულად მაღალი ინფლაციის მაჩვენებელია.

მაღალი ინფლაციის ფონზე გამკაცრებულია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთიც. სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი ოქტომბერში ისევ 10%-ზე დატოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები