მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ლარის კურსს რომ საერთოდ არ უყურო, არ შეიძლება” - ოთარ ნადარაია სებ-ის პოლიტიკას აფასებს

5f6deb5c77965
ინგა მურუსიძე
25.09.20 20:15
2179
ბოლო ორი კვირაა ლარი რყევებს განაგრძობს, თან ძირითადად, გაუფასურების მიმართულებით და თან მიუხედავად სებ-ის  $40-$40 მილიონიანი ინტერვენციებისა. მსხვილი ბიზნესის, ანალიტიკოსების თუ პოლიტიკოსების ნაწილი ეროვნულ ბანკს ინტერვენციების მოცულობის გამო აკრიტიკებს. მაგალითად, ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ ეროვნულმა ბანკმა ლარს შოკი უნდა მოუხსნას და ამისთვის საჭიროა გაყიდოს მეტი რეზერვი. მსგავსი მოსაზრება აქვს ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ჭუმბურიძეს. მისი შეფასებით, სებ-ის სავალუტო ინტერვენციები, რასაც ცენტრალური ბანკი ლარის მერყეობის შესარბილებლად ბოლო პერიოდში მიმართავს, საკმარისი არ არის და სებ-ის ეს პოლიტიკა ლარს ვერ დაიჭერს.

"ინტერვენციები ძალიან ცუდია, რადგან ეს არის არაეფექტურად დახარჯული ფული, თუმცა ვფიქრობ, სებ-ი თავისი გათვლების გათვალისწინებით დგამს ამ ნაბიჯებს", - აცხადებს bm.ge-ისთან EY საქართველოს მმართველი პარტნიორი რუსლან ხოროშვილი, თუმცა იქვე იმასაც აღნიშნავს, რომ დიდი რყევების თავიდან ასაცილებლად სებ-ს სხვა გზა არ აქვს. თავის მხრივ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კი, რამდენიმე დღის წინ facebook-გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით ირწმუნება, რომ ინტერვენციების მიზანი არც ლარის გამყარებაა და არც - გაუფასურება. 

bm.ge-მ თიბისი ჯგუფის მთავარ ეკონომისტს ჰკითხა, იზიარებს თუ არა ბიზნესმენების და კერძო სექტორის ნაწილის კრიტიკას და თავად როგორ აფასებს ეროვნული ბანკის პოლიტიკას ინტერვენციებთან დაკავშირებით, ასევე, რა მოლოდინები აქვს ლარის კურსზე. „ეროვნული ბანკი ინტერვენციებს გააგრძელებს და ლარის კურსი გამყარებისკენ წავა“, - ასეთია მოკლედ ოთარ ნადარაიას მოლოდინი.

„რა თქმა უნდა, ინტერვენციებს აქვს აზრი. ეს ის ფულია, რომელიც მთავრობამ მოიზიდა საგარეო დაფინანსებით. მთავრობამ რაც მოიტანა, ის ჯერ კიდევ არ გაყიდულა. დღემდე, ეროვნული ბანკის რეზერვები გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ დოლარს ყიდის. საკითხის ასე დასმა, ეყოფა თუ არა ეროვნულ ბანკს რეზერვები, არასწორია. დღევანდელ სიტუაციაში ინტერვენციები არის ქმედითი და საჭირო, ასე რომ არ იყოს, მაშინ საგარეო ვალს საერთოდ რატომ ვიღებთ?! ლარი დაგვებეჭდა პირდაპირ - ეს ასე არ არის. ვფიქრობ, სავალუტო ინტერვენციები აუცილებლად გაგრძელდება“, - განაცხადა ოთარ ნადარაიამ.

ამასთან, ეკონომისტი ფიქრობს, რომ წლის ბოლომდე 200 მლნ დოლარის რეზერვის გაყიდვა  საკმარისი არ იქნება. "ინტერვენციები ბევრად მასშტაბური იქნება", - ამბობს ის და განმარტავს - რატომაც.

„ჩვენი აზრით, ლარი უკვე ზედმეტად არის გაუფასურებული. ეროვნულმა ბანკმაც გააკეთა მსგავსი განცხადება. მათ თქვეს, რომ შეფასება რთულია, მაგრამ ლარი ზედმეტად არის გაუფასურებული. მოლოდინი გვაქვს, რომ ინტერვენციები გაგრძელდება და ვალუტაც გამყარებისკენ წავა. ჯერ კიდევ ზაფხულიდან გვქონდა პროგნოზი გაუფასურების, თუმცა არა - ამ მასშტაბით. ახლა იმედი გვაქვს, რომ ამ დღეებში ლარი ნელ-ნელა გამყარებას დაიწყებს. ამ კურსით, ვფიქრობთ, ინფლაციაზე ზეწოლა დაბრუნდება. ბუნებრივია, პროგნოზებს ვაკეთებთ არსებული ჩარჩოს მიხედვით და გადაწყვეტილებების მიმღებთა შეხედულებების მიხედვით“, - ამბობს ნადარაია.

გარდა ამისა, bm.ge-მ თიბისის მთავარ ეკონომისტს კობა გვენეტაძის facbeook-ზე გამოქვეყნებული ის პოსტიც შეაფასებინა, სადაც ქვეყნის მთავარი ბანკირი ირწმუნება, რომ ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ლარის გამყარება ან გაუფასურება არ არის.

„სებ-ი იკავებს ისეთ პოზიციას, რომ ჩანდეს, თითქოს ინტერვენციების კონკრეტული სამიზნე ლარის კონკრეტული ნიშნული არ არის. მე როგორც მესმის და როგორც ბოლო განცხადებიდან ჩანს, მათ არ უნდათ ისე გამოუვიდეთ, რომ კურსის გარკვეულ ნიშნულს უყურებენ, ამიტომ, სავარაუდოდ, ფიქრობენ, რომ თუ გაყიდიან ხან 60 მლნ დოლარს, ხან 17-ს, ხან 25-ს და ა.შ. უფრო ისე გამოუვათ, რომ კურსის გარკვეულ ნიშნულს უყურებენ, ხოლო 40-40 მლნ დოლარის გაყიდვით, ფიქრობენ, რომ ასე შედარებით სხვაგვარად აღიქმება. ამასთან, რადგან სებ-ი ამბობს, და არა პირველად, რომ ლარი ზედმეტად გაუფასურდა, ესე იგი რაღაც ნიშნული ნამდვილად არსებობს. რაც შეეხება ჩემს მოსაზრებას, ის, რომ საქართველოში კურსს საერთოდ არ უყურო - არ შეიძლება. ვფიქრობ, კურსიდან ფასზე გადაცემა იმდენად დიდია საქართველოში, რომ თუ ინფლაციის 3%-იან ნიშნულთან ახლოს ყოფნა გვინდა, კურსზე ყურება გარდაუვალია. ირიბად ამას ბევრი ჩვენნაირი მცირე და ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა აკეთებს. ამ მხრივ, უფრო ცალსახა პოლიტიკის და ერთ-ერთი კარგი მაგალითი, ჩემი აზრით, სინგაპურია“, - აღნიშნა ოთარ ნადარაიამ და ასევე დასძინა, რომ „არგუმენტი, რომ კურსის გაუფასურებით ეკონომიკას ვიცავთ", ჩვენს შემთხვევაში, მისი აზრით არ მუშაობს, რადგანაც მინიმუმ მოკლევადიან პერიოდში, ამით ეკონომიკის ზრდა მცირდება და შესაბამისად, გაუფასურების არგუმენტებიც ნაკლებია“.

ამასთან, ოთარ ნადარაია ვალუტის კურსზე დოლართან მიმართებაში სხვა ვალუტების ზეგავლენაზეც ამახვილებს ყურადღებას.

„ყველა ვალუტას რომ შევხედოთ, დაახლოებით, 5%-ით ვართ გაუფასურებული საშუალოდ თუ ავიღებთ ჩვენი ძირითადი ეკონომიკური პარტნიორების ვალუტების მიხედვით, ამიტომ ვფიქრობთ, რომ არათუ კიდევ უფრო მეტი გაუფასურება არ იქნება მისაღები, არამედ ინტერვენციები გაგრძელდება, სხვა ღონისძიებებიც და ლარი გამყარებისკენ წავა. სხვა ღონისძიებებში ვგულისხმობ მაგალითად იმას, რომ ფისკალური ხარჯების შემცირება არ იქნება რაციონალური, რადგან ეს გვჭირდება ეკონომიკური ზრდისთვის, ასევე, საპროცენტო განაკვეთები არ შემცირდა; დოლარის მიწოდების გარეშე ძალიან დიდი რაოდენობით დაკრედიტება ლარში სარისკოა და ვფიქრობთ, ამაზეც ყურადღება იქნება მიქცეული“, - განმარტა ოთარ ნადარაიამ.