15.აგვისტო .2022 08:00

ლარის მერყეობა გაიზარდა - სავალუტო მიმოხილვა (05.08 – 12.08)

ლარის მერყეობა გაიზარდა - სავალუტო მიმოხილვა (05.08 – 12.08)
views 14949
უკან

აგვისტოს მეორე სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 2.746 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 2.711-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 1.32%-იანი გაუფასურებაა, რაც მიმდინარე წლის 31-ე სავაჭრო კვირას 1.74%-ით იყო გამყარებული. ამდენად, ლარი ზედიზედ ოთხკვირიანი მკვეთრი გამყარება, მკვეთრი გაუფასურებით შეიცვალა. ამ ფონზე, წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით 11.07%-ითაა გამყარებული. ივნისში ლარი ნომინალური გაცვლითი კურსი 7.08%-ით გამყარდა, ხოლო ივლისში გამყარებამ 4.08% შეადგინა. მიმდინარე თვეს ლარის კურსი 0.46%-ითაა გაუფასურებული.
 
როგორც აღვნიშნეთ, აგვისტოს პირველ სავაჭრო კვირას ლარი მკვეთრად გამყარებული იყო. ასეთივე მდგომარეობა, 2.01%-იანი გამყარება ახასიათებდა რუსულ რუბლს, რომელიც აგვისტოს მეორე სავაჭრო კვირას 0.73%-ით გაუფასურდა. ლარის შემდეგ, შერჩეულ ვალუტებს შორის, ეს მაღალი გაუფასურებაა. მიუხედავად ამისა, წლის დასაწყისიდან დღემდე, დოლართან მიმართებით, შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მეტით, 17.59%-ითაა სწორედ რუსული ვალუტაა გამყარებული. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის და მასზე დაწესებული სანქციების შემდეგ, რუბლის გაცვლითი კურსი მკვეთრად გაუფასურდა, მაგრამ მოგვიანებით აღნიშნული მკვეთრი გამყარების ტრენდით შეიცვალა. ამდენად, ომამდე პერიოდთან შედარებით გაცვლითი კურსი 27.05%-ით გამყარებულია.

გარდა ლარი და რუბლისა, აგვისტოს მეორე კვირა თურქული ლირაც, 0.24%-ით გაუფასურდა, რომელიც წინა კვირასაც 0.19%-ით იყო გაუფასურებული. გასულ კვირას სხვა შერჩეული ვალუტები გამყარებულია. მათ შორის, ყველაზე მეტით, 1.01%-ით ევროა გამყარებული. ევრო აგვისტოს პირველ კვირას გაუფასურებული იყო. წლის დასაწყისიდან დღემდე, დოლართან მიმართებით, ევროპული ვალუტა 9.82%-ითაა გაუფასურებული. აგვისტოს მეორე სავაჭრო კვირას თითქმის ევროს მსგავსად, 1.00%-ით იაპონური იენი გაუფასურდა. ამავე პერიოდში უკრაინული გრივნა 0.91%-ით გაუფასურდა, ხოლო ბრიტანული სტერლინგი კი - 0.42%-ით.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 05.08 – 12.08 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე დიდი ხნით თავს იკავებდა. მიმდინარე წელს პირველი ინტერვენცია გასულ კვირას, 09 მარტს განახორციელა. კერძოდ, სავალუტო ბაზარზე 50.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 39.6 მლნ დოლარი გაიყიდა. სებ-ის ხანგრძლივი თავშეკავება მაისის ბოლო სავაჭრო კვირის სამშაბათს დაირღვა, როცა ბაზარზე 10.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. აგვისტოს პირველ სავაჭრო კვირას ასეთი ინტერვენცია ორი იყო. ჯერ კიდევ ორშაბათს ეროვნულმა ბანკმა აუქციონის საშუალებით 10.0 მლნ დოლარი იყიდა, ხოლო პარასკევს ორჯერ უფრო მეტი - 20.0 მლნ დოლარი. გასულ სავაჭრო კვირის ოთხშაბათს ეროვნულმა ბანკმა აუქციონის საშუალებით კვლავ 40.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. გარდა ამისა, სებ-ის პრეზიდენტის თქმით, ივლისში ცენტრალურმა ბანკმა ბლუმბერგის პლატფორმის საშუალებით 110.0 მლნ დოლარი იყიდა. აღნიშნული ცენტრალური ბანკის სავალუტო ინტერვენციის არატრადიციული საშუალებაა, რომლის შესახებ ინფორმაცია პროაქტიულად ხელმისაწვდომი არ არის.

2021 წელს ცენტრალურმა ბანკმა ბაზარზე სულ 9-ჯერ 332.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, ხოლო ბაზარზე უცხოური ვალუტა არ შეუსყიდია. სები სავალუტო ინტერვენციებით უმეტესწილად წლის პირველ ნახევარში გამოირჩეოდა, რადგან 7 სავალუტო აუქციონი იანვარ-აპრილში იყო. აღნიშნულ პერიოდში ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 242.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ამდენად, სავალუტო ინტერვენციების კუთხით გასული წელი მეტად პასიური იყო, ვიდრე წინა პერიოდი. პანდემიის პირველ წელს ცენტრალურმა ბანკმა სულ 26 ინტერვენციით 873.2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 08.08 – 12.08-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

ომის დაწყებიდან მოყოლებული რუბლის მაღალი მერყეობა ტრადიციად იყო ქცეული. აღნიშნული აგვისტოს პირველ სავაჭრო კვირას მკვეთრად შეიცვალა, რაც გასულ კვირას უფრო მეტად შესამჩნევია. თუკი წინა კვირას რუბლის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.91%-ით მერყეობა, რითაც შერჩეულ ვალუტებს შორის მერყეობის შედარებით მაღალი ნიშნულით ხასიათდებოდა. აგვისტოს მეორე სავაჭრო კვირას ასეთი ლარია. გასულ კვირას ლარის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.75%-ით იხრებოდა, რაც წინ კვირას 0.40%-ს შეადგენდა.

ლარის შემდეგ, აგვისტოს მეორე სავაჭრო კვირას, 0.64%-იანი მერყეობით რუბლი გამოირჩევა. აღნიშნული მაჩვენებლით, ომის შემდეგ, რუბლი პირველად არ იკავებს შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მერყევის პოზიციას. ამ პერიოდში, რუბლსა და ლარზე უფრო მეტად მერყევი იაპონური ვალუტა იყო. აგვისტოს მეორე სავაჭრო კვირა, იენის მერყეობამ 0.77% შეადგინა, რაც ბრიტანული სტერლინგის შემთხვევაში 0.55%-ია. კვირის მანძილზე დაბალი მერყეობით სომხური დრამი გამოირჩეოდა, რადგან აგვისტოს მეორე სავაჭრო კვირას დრამის ყოველდღიური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით მხოლოდ 0.08%-ით იხრებოდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 05.08/12.08 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

ივნისიდან მოყოლებული, ლარის შერჩეულ ვალუტებთან გამყარების ტენდენცია ივლისის პირველ კვირას კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა. მეორე სავაჭრო კვირას კი ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი რუბლთან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა. სხვა დანარჩენ ვალუტებთან კვლავ გამყარდა. კვირის მანძილზე ლარის გაცვლითი კურსის საშუალო გამყარება 2.02% იყო. ივლისის მესამე სავაჭრო კვირას ლარი ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარებული იყო. მათ შორის, ყველაზე მეტით, 20.76%-ით უკრაინულ გრივნასთან მიმართებით, რაც უკრაინის ცენტრალური ბანკის მიერ ეროვნული ვალუტის 25.0%-იანი დევალვაციის შედეგი იყო. ივლისის მეოთხე სავაჭრო კვირას მდგომარეობა შეიცვალა. ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი შერჩეულ ვალუტებს შორის უმეტესობასთან მიმართებით გამყარდა. მათ შორის, ყველაზე მეტით რუსულ რუბლთან.

ხსენებული ტენდენცია აგვისტოშიც გრძელდება, რადგან წინა კვირას ლარის საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი, გარდა რუბლია, სხვა დანარჩენ შერჩეულ ვალუტებთან გამყარებულია. კვირის მანძილზე ლარის საშუალო გამყარება 1.76% იყო. აგვისტოს მეორე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი, გარდა ევროსი, სხვა ვალუტასთან გამყარებულია. გასულ კვირას ლარის კურსი საშუალოდ 0.50%-ით გამყარდა. ამ პერიოდში, ლარის საშუალო შეწონილი კურსი დოლართანაც, 0.33%-ით გამყარებულია. კვირის მანძილზე ლარის გაცვლითი კურსი რუბლთან გამყარდა. დოლართან მიმართებით რუბლის 0.73%-იანი გაუფასურების ფონზე, ამ უკანასკნელთა ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი 1.56%-ითაა გამყარებული. თუმცა, წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარის კურსი რუბლთან 6.90%-ითაა გაუფასურებული. ამავე პერიოდში ლარი დრამთანაც 4.06%-ითაა გაუფასურებული, სხვა დანარჩენ ვალუტებთან კი გამყარებულია. მათ შორის, ყველაზე მეტით, 35.06%-ით უკრაინულ გრივნასთან. გასულ კვირას კი ლარი გრივნასთან მცირედით, 0.08%-ით იყო გამყარებული. ამ პერიოდში, ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი მხოლოდ ევროსთან, 0.27%-ით გაუფასურდა.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. აგვისტოს მეორე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური კურსი შერჩეულ ვალუტებიდან, გარდა ევროსი, ყველა დანარჩენთან გამყარდა. საბოლოოდ, აღნიშნული ინდექსის გამყარებაში აისახა. გასულ კვირას ეფექტური კურსის ინდექსი 0.32%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირას 1.48% იყო. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 22.03%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 34.42%-ია.

აგვისტოს მეორე სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 159.6-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.09%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით სტაბილურობას ასახავს, რადგან წლის 31-ე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის მერყეობა 0.36% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში.

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 33.58%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 33.54% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის 32-ე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გამყარება, ამავე პერიოდის იმპორტის ზრდაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება იაფდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტიორი ქვეყნებისთვის საქონელი და მომსახურებას ძვირდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა