მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლატარიის კომპანიის მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები შესაძლოა შემცირდეს - კანონპროექტი

61b31f8e8814b
შოთა ტყეშელაშვილი
10.12.21 14:15
1130
საქართველოს ეროვნული ლატარიის კომპანია ქვეყანაში ლოტოს გათამაშებებისა და მომენტალური გათამაშებების გამართვის ექსკლუზიური ლიცენზიანტია. 2017 წელს საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული ლიცენზიის შესაბამისად, კომპანიის მართვას კომპანია "ჯი ენ ელი" ახორციელებს. რამდენიმე დღის წინ, პარლამენტში დარეგისტრირდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების - ირაკლი ზარქუას და დაჩი ბერაიას საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საქართველოს ლატარიის კომპანიის დაბეგვრის წესის ცვლილებას ითვალისწინებს.

ამჟამად, ლატარიის კომპანია ბიუჯეტში კვარტალურად იხდის ლატარიის ჩატარებისას გაყიდული ბილეთების ჯამური ღირებულების პროცენტს. შეცვლილი წესის მიხედვით მოსაკრებელი უნდა დაანგარიშდეს, არა გაყიდული ბილეთების მთლიანი ღირებულებიდან, არამედ გაყიდული ბილეთების რეალიზაციით მიღებულ შემოსავალსა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობიდან. ამას GGR ეწოდება და ის უშუალოდ კომპანიის მიერ მიღებულ რეალურ შემოსავალს ასახავს. განმარტებით ბარათში კანონპროექტის ავტორები მიუთითებენ, რომ ამ ცვლილების შედეგად, “ლატარიის კომპანიას” გაუჩნდება უფრო მეტი სახსრები იმისთვის, რათა საკუთარი საქმიანობა განავითაროს. შედეგად 2024 წლისთვის ლატარიების სეგმენტი 5%-ით უნდა გაიზარდოს, თუმცა ამავდროულად, ცვლილებები ლატარიის ოპერატორის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილ თანხას დაახლოებით, 20%-ით შეამცირებს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია:

არსებული საგადასახადო მოდელი ამცირებს ლატარიის ორგანიზატორის მიერ მარკეტინგული აქტივობებისათვის ხელმისაწვდომი თავისუფალი ფინანსური სახსრების მოცულობას, რაც, თავის მხრივ, უარყოფით გავლენას ახდენს ლატარიის გაყიდვების დინამიკაზე და, შესაბამისად, რეალიზებული ბილეთების ჯამურ მოცულობაზე.

კანონპროექტი გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან, კანონპროექტით იცვლება ლატარიის ჩატარებისას ბიუჯეტში გადასახდელი თანხის დაანგარიშების პრინციპი. 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალი რეალიზებული ლატარიის ბილეთების ჯამური ღირებულების წილიდან იანვარ-ოქტომბერში შეადგენს - 1,260,071 ლარს; 2020 წელს შეადგინა - 1,588,500 ლარი; 2019 წელს - 2,253,048 ლარი; 2018 წელს - 1,271,402 ლარი. მოსალოდნელია, რომ კანონპროექტის ამოქმედების შემდგომი წლის განმავლობაში, ლატარიის ჩატარებისას ბიუჯეტში გადასახდელი თანხები შემცირდება, დაახლოებით, 20%-ით, თუმცა აღნიშნული შემცირება დაკომპენსირდება შემდგომი წლების განმავლობაში ლატარიის ბრუნვის გაზრდის შედეგად მიღებული შემოსავლებით. კერძოდ, მოსალოდნელია, რომ ლატარიის ორგანიზების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში ლატარიის ორგანიზატორის მიერ ლატარიის ჩატარებისას ბიუჯეტში გადასახდელი თანხის ოდენობა 2024 წლისათვის გაიზრდება, დაახლოებით, 5%-ით, 2025 წლისათვის - დაახლოებით, 15%-ით, 2026 წლისათვის - დაახლოებით, 20%-ით, ხოლო 2027 წლისათვის - დაახლოებით, 30%-ით,” - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

“ლატარიის კომპანია” ზარალზეა:

“საქართველოს ლატარიის კომპანია” - ანუ “ჯი ენ ელი” ზარალზეა. 2020 წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის წმინდა შემოსავალმა გასულ წელს თამაშებიდან 12,867,000 ლარის შემოსავალი მიიღო, თუმცა მიღებული შემოსავალი არ იყო საკმარისი, რათა კომპანიას ყველა ხარჯი დაეფარა, რის გამოც კომპანიამ 10,712,000 ლარით იზარალა. წამგებიანი იყო კომპანიისთვის 2019 წელიც, მაშინ თამაშებიდან მიღებული წმინდა შემოსავალი 12,609,000 ლარს, ზარალი კი 6,218,000 ლარს შეადგენდა.

კომპანიამ 2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში 6,880,000 ლარის მოსაკრებლები და საკომისიო ხარჯი გადაიხადა. რეკლამასა და მარკეტინგზე 2.3 მილიონი დახარჯა, თანამშრომელთა ხელფასები ასევე 2.3 მილიონი იყო, ცვეთა და ამორტიზაციაც 2.3 მილიონს შეადგენდა ბილეთების ბეჭვდის ხარჯი 0.9 მილიონი იყო, სხვა ხარჯები კი 2.1 მილიონი ლარი. მთლიანობაში ფირმამ 3.7 მლნ ლარის საოპერაციო ზარალი განიცადა, 7 მილიონის ფინანსური ხარჯების შედეგად კი კომპანიის ზარალმა 2020 წელს 10.7 მილიონი ლარი შეადგინა.

თამაშების შემოსავლები და გაცემული პრიზების ღირებულება ასეთი იყო:

● ყველა კატეგორიის თამაშებიდან მიღებული შემოსავალი - 28,978,000 ლარი, ყველა კატეგორიის თამაშების საპრიზო ფონდის ხარჯი 16,111,000 ლარი. წმინდა შემოსავალი თამაშებიდან 12,867,000 ლარი. კომპანიამ მიღებული შემოსავლიდან 55.6% მოგების სახით მომხმარებლებზე გასცა.

სეგმენტების მიხედვით, ლატარიის შემოსავალი ამგვარად ნაწილდება:

● შემოსავალი მომენტალური გათამაშებებიდან - 20,975,000 ლარი, მომენტალური გათამაშებების საპრიზო ფონდის ხარჯი 11,667,000 ლარი;
● შემოსავალი ლოტოდან - 7,111,000 ლარი, ლოტოს საპრიზო ფონდის ხარჯი 4,080,000 ლარი;
● შემოსავალი ონლაინ თამაშებიდან - 892,000 ლარი, ონლაინ თამაშების საპრიზო ფონდი 364,000 ლარი.

“ჯი ენ ელის” ძირითადი მშობელი კომპანიებია შპს Win 75% და სს New Game 25%. კომპანიის ანგარიშგების მიხედვით, მისი ბენეფიციარი მფლობელები ბიზნესმენები ხვიჩა მაქაცარია და კობა ღურწკაია არიან.

ლატარიის კომპანიის აქტივები 14.8 მილიონი ლარი, ვალდებულებები კი 38.9 მილიონი ლარია.