აჭარაში საქართველოს კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლად ტარიელ გიორგაძე დაინიშნა.
გადაწყვეტილება საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ მიიღო. „იწყება რეგიონულ დონეზე კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების პროცესი“, - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს facebook-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
საინტერესოა, რომ ტარიელ გიორგაძე ირაკლი ლექვინაძის ბიზნესომბუდსმენობის პერიოდში აჭარაში ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი იყო; 1 აპრილიდან კი, ის აჭარაში კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენელი გახდა. ის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორია. "მას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს“, - ამბობენ კონკურენციის სააგენტოში.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აჭარაში წარმომადგენლის პოსტზე კონკურენციის სააგენტოს ვაკანსია ჰქონდა გამოცხადებული და თანამდებობრივ სარგოდ 2800 ლარი იყო განსაზღვრული.
Bm.ge დაინტერესდა, რამდენი პირს სურდა აღნიშნული პოსტის დაკავება აჭარაში და რის საფუძველზე შეირჩა ტარიელ გიორგაძე, რომელიც ირაკლი ლექვინაძის ბიზნესომბუდსმენობის დროსაც აჭარაში მისი წარმომადგენელი იყო; მითუმეტეს, მსგავსი საკადრო გადაადგილება პირველი არაა - რამდენიმე თვის წინ, ასევე ოფიციალური კონკურსის გზით, პირველი მოადგილის პოსტი დაიკავა კონკურენციის სააგენტოში ლევან კალანდაძემაც, რომელიც ირაკლი ლექვინაძის ბიზნესომბუდსმენობის პერიოდში, ასევე, მისი პირველი მოადგილე იყო.
ამასთან, როგორც სააგენტოს facebook-გვერდიდან ირკვევა, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რაც მიზნად ისახავს უწყებებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას, კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების სფეროში თანამშრომლობას და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლას. ასევე, რეგიონულ დონეზე, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებისა და დარღვევათა პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ერთობლივად დაგეგმვა-განხორციელებას.
„ამ ეტაპისათვის, აჭარის რეგიონში, კონკურენციის სააგენტო სამ მიმდინარე საქმეს სწავლობს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი არის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობა დროულად, ეფექტურად განხორციელდეს შეხვედრები და კონსულტაციები რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე“, - აცხადებენ კონკურეციის სააგენტოში, მაგრამ არ განმარტავენ, რა საქმეებზეა საუბარი. Bm.ge ამ საკითხზეც სააგენტოს დაუკავშირდა და პასუხებს ელოდება.